The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


გიორგი კვინიტაძე

გიორგი კვინიტაძე
Date of birth:1874
Date of death:7 August, 1970  (at 96 years)
Burial location:შატუს სასაფლაო, საფრანგეთი
Category:Military Person

Biography

„იმ ტყვიის წუილს, რომელიც მოგხვდება ვერ გაიგონებ“, – ეს სიტყვები გენერალ გიორგი კვინიტაძეს ეკუთვის. იგი წარმოშობით ჩიქოვანთა გვარიდან იყო. ბაბუამისი სიმონ ჩიქოვანი, რუსეთის მიერ იმერეთის სამეფოს დაპყრობის შემდეგ, თურქეთში გაჰყვა სოლომონ მეფეს, შვილი ივანე კი საქართველოში, ციციშვილების ოჯახში დატოვა. 14 წლის ასაკში ივანემ გვარი კვინიტაძედ გადაიკეთა და 1839 წ. დაღესტნის მილიციაში ჩაეწერა. თავისი სამხედრო კარიერის მანძილზე მონაწილეობდა 18 ლაშქრობაში, იბრძოდა კავკასიის მთებში, შუა აზიაში, თურქებთან, იყო დაჭრილი.

1874 წ. დაღესტანში ივანე კვინიტაძესა და პელაგია სულაძეს შეეძინათ ვაჟი – გიორგი. პროფესიონალი სამხედროს ოჯახში აღზრდილი, თავადაც მამის კვალს გაჰყვა და ათი წლის ასაკში თბილისის კადეტთა კორპუსში შევიდა, შემდეგ პეტერბურგში დაამთავრა კონსტანტინეს ქვეითთა სასწავლებელი.1894 წლიდან ოფიცრის ჩინით მსახურობდა ვლადიკავკაზის 153-ე პოლკში, შემდეგ - პოლონეთის სამეფოში. 1904 წელს, რუსეთ–იაპონიის ომის დროს, გიორგი კვინიტაძე მისი სურვილისამებრ გაგზავნეს შორეულ აღმოსავლეთში, სადაც მიიღო საბრძოლო ნათლობა და პირველი ჯილდოები.  1907-09 წლებში სწავლობდა პეტერბურგის გენშტაბის აკადემიაში. 1910 წ. მაიორის წოდებით გზავნიან ვარშავაში, თუმცა მალევე კავკასიაში გადმოჰყავთ.

I მსოფლიო ომის დროს პოლკოვნიკი კვინიტაძე კავკასიის ფრონტზე იყო მე-4 მსროლელი დივიზიის შტაბის უფროსი. 1916 წ. მიიღო პოლკოვნიკის წოდება. 1916 წ. თებერვალში არზრუმის აღებისათვის  დააჯილდოვეს წმინდა გიორგის მე-4 ხარისხის ორდენით, შემდეგ კი ოქროს იარაღით.

1917 წ. თებერვლის რევოლუციის შემდეგ, გიორგი კვინიტაძე სამშობლოშია და  ქართული სამხედრო ნაწილების შექმნისათვის იღწვის. რუსეთის არმიაში ხანგრძლივი მოღვაწეობის გამო  ქართული დავიწყებული ჰქონდა, ამიტომ საქართველოში დაბრუნებისთანავე ენის სწავლას შეუდგა თედო სახოკიასთან. იგი ახალადშექმნილ ქართველ სამხედროთა კავშირის კომიტეტში აირჩიეს. 1918 წ. 11 იანვარს კავკასიის ფრონტის გენერალ–კვარტირმეისტერის თანაშემწის ადგილზე დანიშნეს. 1918 წ. აპრილში ამიერკავკასიის რესპუბლიკის სამხედრო მინისტრის გრიგოლ გიორგაძის ბრძანებით გიორგი კვინიტაძე საქართველოს რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლად და სამხედრო მინისტრის თანაშემწედ ინიშნება.

1918 წ. ივნისის ბოლოს გენერალი სამხედრო მინისტრის თანაშემწისაა და მთავარსარდლის თანამდებობებიდან გადადგა. მმართველ სოციალ–დემოკრატიულ პარტიასთან სერიოზული უთანხმოების გამო მას ხშირად უწევდა დაკავებული თანამდებობედან გადადგომა. მიუხედავად ამისა იგი ყოველთვის იქ იყო, სადაც კრიტიკულ მომენტში ქვეყანას სჭირდებოდა და დამოუკიდებელი რესპუბლიკის მთავრობა უხმობდა. გადამდგარი გენერალი თანამშრომლობდა ქართულ სამხედრო გაზეთში, აქვეყნებდა სტატიებს. არჩეული იყო სამხედრო ცოდნის მოყვარულთა ქართული საზოგადოების თავმჯდომარედ.

1918 წ. დეკემბერში დაიწყო საქართველო-სომხეთის ომი. გიორგი კვინიტაძე მოხალისედ წავიდა, რათა ოფიცერთა პოლკში რიგით მებრძოლად ჩაწერილიყო. თუმცა იგი ქართული ჯარების უფროსის გენერალ გიორგი მაზნიაშვილის შტაბის უფროსად დანიშნეს. გადამწყვეტ ბრძოლაში შულავერთან სომხები დამარცხდნენ, 29 დეკემბერს ქართული ნაწილები შულავერში შევიდნენ, ხელთ იგდეს მოწინააღმდეგის არტილერია, ტყვეები, სამხედრო საწყობები. უკანდახეული სომხების დევნა მხოლოდ ანტანტის შუამავალთა ჩარევით შეწყდა. სომხებთან ომის შემდეგ გიორგი კვინიტაძე კვლავ გადადგა. 1919 წ. იანვარში სამხედრო მინისტრის გრიგოლ გიორგაძის თხოვნით დაიწყო საქართველო–სომხეთის ომის ისტორიის შედგენა, მაგრამ თებერვლის შუა რიცხვებში მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას პირადი თხოვნით გაემგზავრა ახალციხის ფრონტზე და სარდლად დაინიშნა ეგრედწოდებული „სამხრეთ–დასავლეთ კავკასიის მთავრობასთან“ ომში. 19 აპრილს მან საბოლოოდ დაამრცხა სერვერ–ბეგ ათაბაგის რაზმები, არტაანში შევიდა და ქართული პროვინციების შემოერთებით დაასრულა ორთვიანი ეპოპეა.

1919 წ. მთავრობის დავალებით გიორგი კვინიტაძე იწყებს პირველი ქართული სამხედრო სასწავლებლის ჩამოყალიბებას, რომლის უფროსადაც აგვისტოში ინიშნება. მან მთელი თავისი გამოცდილება და ცოდნა მოახმარა იუნკერთა სასწავლებლის შექმნას. 1920 წლის აპრილში გენერლის ინიციატივითა და მისივე პროექტით იქმნება სახელმწიფო თავდაცვის საბჭო, რომელსაც რესპუბლიკის სამხედრო რესურსები უნდა მოემზადებინა მოსალოდნელი ომისათვის.

1920 წლის მაისში მე-11 არმია წითელ ხიდზე გადმოვიდა და დაიწყო რუსეთ–საქართველოს 1920 წლის ომი. ქართული ჯარების მთავარსარდლად გენერალი გიორგი კვინიტაძე დაინიშნა. მან სასტიკად დაამარცხა რუსები, გადარეკა ისინი წითელ ხიდს იქით, დაითანხმა მთავრობა შეტევის გაგრძელებაზე და 18 მაისს სამხედრო მინისტრ გიორგი ლორთქიფანიძესთან ერთად გაემგზავრა ფრონტზე. მაგრამ მეორე დღესვე მოვიდა ბრძანება – შეეჩერებინათ სამხედრო მოქმედებები, რითაც ხელიდან იქნა გაშვებული მტრის დამარცხებისა და ამიერკავაკასიის ბოლშევიკთაგან გაწმენდის ხელსაყრელი მომენტი.

1920 წლის ივნისში მოხდა ოსების აჯანყება. მათ დაამარცხეს მთავრობის მცირე რაზმი და ცხინვალი დაიკავეს. გიორგი კვინიტაძის აქტიური საომარი მოქმედებით ქართველებმა იოლად აიღეს ცხინვალი და 21 ივნისს როკის უღელტეხილი დაიკავეს. 1920 წლის ივლისში ინგლისმა თავისი ჯარები გაიყვანა ბათუმის ოლქიდან. 7 ივლისს გიორგი კვინიტაძის სარდლობით ქართული ნაწილები შევიდნენ ბათუმის ოლქში. 1920 წ. ლაგოდეხში აჯანყდნენ ბოლშევიკების მიერ გაბრიყვებული ჯარის ნაწილები. გიორგი კვინიტაძის მიერ ეს ბუნტი უსისხლოდ იქნა ლიკვიდირებული.

1920 წლის შემოდგომაზე გიორგი კვინიტაძე გადადგა მთავარსარდლისა და სამხედრო სკოლის უფროსის თანამდებობიდან, თუმცა დარჩა სკოლაში ტაქტიკის და სამხედრო ისტორიის მასწავლებლად. გამოსაშვებ საღამოზე მას იუნკერებმა ოქროთი მოჭედილი ხანჯალი მიართვეს.

1921 წლის თებერვალში მე-11 არმია მოულოდნელად დაესხა თავს საზღვართან განლაგებულ ქართულ ნაწილებს. 16 თებერვალს გიორგი კვინიტაძე ქართული არმიის მთავარსარდლად დაინიშნა. მან სასწრაფოდ გამოიხმო საზღვრიდან გადარჩენილი ნაწილები, მას სარეზერვო ქვედანაყოფები და იუნკერთა სკოლის კურსანტები დაუმატა და თბილისის დაცვის მოწყობას შეუდგა. დაცვა იმდენად ეფექტურად იყო ორგანიზებული, რიცხვით სამჯერ მეტმა მტერმა ქართველების თავდაცვითი ხაზის გარღვევა გააფთრებული ბრძოლების შედეგადაც ვერ შეძლო. 23-24 თებერვალს ბოლშევიკებმა შეტევა გააძლიერეს და თბილისი ალყაში მოქცევის საშიშროების წინაშე აღმოჩნდა. ქართული ჯარის სიმცირემ, მოწინააღმდეგის დიდმა  რიცხობრივმა უპირატესობამ , რეზერვების უქონლობამ მთავარსარდალი აიძულა თბილისი დაეცალა.

1921 წლიდან გიორგი კვინიტაძე მეუღლესთან მარიამ მაყაშვილთან (1889-1960 წწ.)და მცირეწლოვან შვილებთან (ივდითი, თამარი და ნინო) და ბავშვების ძიძასთან, თელაველ ბაბალე მრელაშვილთან ერთად ემიგრაციაშია, ჯერ კონსტანტინოპოლშია, 1922 წლიდან საფრანგეთში, შატუში. პირველი ოთხი თვე საქართველოს ყოფილი მთავრობისგან სუბსიდიას ღებულობდა. დახმარების შეწყვეტის შემდეგ, ერთხანს პატეს გრამფირფიტების ქარხანის მუშა იყო. მისი მწირი ხელფასი ოჯახს არ ჰყოფნიდა და 1923 წლის ზაფხულში ოჯახის შემოსავლის გაზრდის მიზნით ძიძის დახმარებით მაწვნის მომზადება და გაყიდვა დაიწყო, რის შემდეგაც ოჯახმა სული მოითქვა, 1927 წლის იანვარში მუცლის ტიფით დაავადდა და ამ დროს მას ვახტანგ ღამბაშიძე მკურნალობდა.

გიორგი კვინიტაძეს არც უხოეთში შეუწყვეტია აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა, სხვადასხვა გამომცემლობაში აქვეყნებდა სტატიებს და მოგონებებს. 1922 წ. დაწერა „მოგონებები“, რომელიც 1961 წელს შეავსო და უძღვნა მეუღლის ხსოვნას. 1985 წელს პარიზში, გამომცემლობა YMGA-PRESS–ში დაიბეჭდა გიორგი კვინიტაძის მემუარები რუსულ ენაზე "МОИ ВОСПОМИНАНИЯ В ГОДЫ НЕЗАВИСИМОСТИ 1917-1921".

გიორგი კვინიტაძის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივი შემოსწირა მისმა ქალიშვილმა, ნინო დ'აბო–კვინიტაძემ 2007 წლის 22 ოქტომბერს (შემოსულობათა წიგნი N749).

გიორგი კვინიტაძე იყო 1950-იან წლებში დაარსებული რამდენიმე ანტისაბჭოთა ორგანიზაციის ნამდვილი და საპატიო წევრი, კერძოდ: „პარიზის ბლოკის“, „ქართველთა დემოკრატიული კავშირი“, „ქართველ მხედარტა დარაზმულობა“.

უცხოეთში გადახვეწილი გენერალი 1970 წლის 7 აგვისტოს გარდაიცვალა პარიზთან ახლოს შატუში. დასაფლავებულია შატუს სასაფლაოზე მეუღლის გვერდით.

გიორგი კვინიტაძის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივი შემოსწირა მისმა ქალიშვილმა, ნინო დ'აბო–კვინიტაძემ 2007 წლის 22 ოქტომბერს (შემოსულობათა წიგნი N749).

გიორგი კვინიტაძის შვილის ნინოს ქალიშვილია ფრანგული კინოს ვარსკვლავი მარიამ დ'აბო.

წყარო:

1. კვინიტაძე გიორგი // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.119-120. - პარალელური ტექსტი ქართ. და ინგლ. ენ.

2. წურწუმია, მამუკა. გენერალი გიორგი კვინიტაძე // საქართველოს სამხედრო ისტორიის საკითხები : ტ.1 / მამუკა წურწუმია. - თბილისი, 2013. - ISBN 978-9941-0-6186-8. - გვ.441-452. 

3. კვინიტაძე, ადა. გენერალი გიორგი კვინიტაძე ლტოლვილობაში 1921 წლიდან 1970 წლამდე / ადა კვინიტაძე, თამი კვინიტაძე, ნინო კვინიტაძე // ჩემი მოგონებები, 1917-1921. ნაწ. 1 / გიორგი კვინიტაძე. - თბილსის, 2014. - გვ. 4-6.

4. ივანიძე, გიორგი. გენერალი გიორგი კვინიტაძე // ბრძოლა მესხეთისათვის (1917-1921 წლები) : შალვა მაღლაკელიძის, გიორგი მაზნიაშვილისა და გიორგი კვინიტაძის მოგონებების მიხედვით / გ. ივანიძე, მ. ივანიძე. - თბ., 2008. - გვ.60-69.


Share: