The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


გიორგი ნაკაშიძე

გიორგი ნაკაშიძე
Other name:გოგი  (Acronym)
Date of birth:25 July, 1894
Date of death:18 April, 1990  (at 95 years)
Category:Scientist, Politician

Biography

პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, სოციალისტ–ფედერალისტი, ფილოსოფიისა და სამართლის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი ნაკაშიძე 1894 წლის 25 ივლისს  ოზურგეთში დაიბადა. დაწყებითი განათლება ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში მიიღო. შემდეგ 1922 წლის დეკემბრამდე თბილისის უნივერსიტეტში სწავლობდა. 1921 წლის თებერვალში მისი მეთაურობით შექმნილი მოხალისეთა სტუდენტური რაზმი იბრძოდა თბილისის მისადგომებთან. 1922 წ. დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს. იგი იმ 62 პატიმარს შორის მოხვდა, რომელთაც საბჭოთა ხელისუფლებამ გერმანიაში წასვლის უფლება მისცა, გერმანიაში საქართველოს ელჩის ვლადიმერ ახმეტელის დიდი მცდელობის შემდეგ.

1922 წლის ბოლოს გიორგი ნაკაშიძე დანარჩენ ქართველებთან ერთად უკვე გერმანიაშია. ევროპაში იგი სწავლობდა ჯერ ჰაიდელბერგის, შემდეგ პრაღის უნივერსიტეტში. იყო 1925 წ. ვარშავაში დაარსებული საზოგადოება „პრომეთეს“ წევრი. 1930–იან წლებში ხელმძღვანელობდა ბერლინის უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრას. 1932 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესათან დაკავშირებით გიორგი ნაკაშიძემ პოლონეთის რადიოში ქართულ ენაზე წაიკითხა მოხსენება „საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა XIX საუკუნის ქართულ მწერლობაში“. 1933 წ. ვარშავის უნივერსიტეტში მიიწვიეს, სადაც პოლონეთის მთავრობის გადაწყვეტილებით შეიქმნა ქართული ენის ლექორატი. 1934 წ. ვარშავაში ქართულმა კომიტეტმა შექმნა ახალგაზრდული კავშირი, რომლის მიზანი იყო ქართული ენის შემსწავლელი კურსების შექმნა ბავშვებისა და უფროსებისათვის. გიორგი ნაკაშიძე ყოველ შაბათ–კვირას ლექციებს კითხულობდა ქართულ ლიტერატურაზე. პარალელურად აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ ემიგრანტულ პერიოდიკაში, ასევე ევროპულ გამოცემებში, სამეცნიერო კრებულებში. 1937 წელი ემიგრაციაში შოთა რუსთაველის წლად გამოცხადდა, ვარშავაში ზეიმით აღნიშნეს რუსთაველის იუბილე. საორგანიზაციო კრებას გიორგი ნაკაშიძე ხელმძღვანელობდა. მან პოლონეთის აკადემიაში წაიკითხა მოხსენება „შოთა რუსთაველი და საქართველო“ და დიდი დახმარება გაუწია პოლონელ ლობოდოვსკის „ვეფხისტყაოსნის“ თარგმნაში. იგი კავკასიის კომიტეტტთან ერთად ცდილობდა პატიმრობიდან დაეხსნა გრიგოლ ფერაძე, თუმცა უშედეგოდ. 1944 წელს როდესაც ბოლშევიკები პოლონეთს მიუახლოვდნენ გიორგი ნაკაშიძემ მოახერხა და გერმანელებისგან მიიღო ნებართვა პოლონეთში მყოფი ქართველების გერმანიაში გადაყვანის შესახებ და ამით ქართველთა ერთი ნაწილის გადარჩენა შეძლო.

II მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ გიორგი ნაკაშიძე მეუღლესთან ერთად  მიუნხენში ცხოვრობდა და ამ პერიოდში კავკასიელთა წარმომადგენელი იყო 1946 წ. მიუნხენში შექმნილ ლტოლვილთა კომიტეტში.  მოგვიანებით არგენტინაში გადავიდა საცხოვრებლად, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ კი ამერიკაში დამკვიდრდა. 1948 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტში მიიწვიეს ლექციების წასაკითხად. 1960-66 წლებში ნიუ–იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტში ასწავლიდა ქართულ ენას. შემდეგ კი 1973 წლამდე ვაშინგტონში, ამერიკის კათოლიკურ უნივერსიტეტში ეწეოდა ქართველოლოგიურ და კავკასიოლოგიურ სამეცნიერო მოღვაწეობას. 

1960 წ. გიორგი ნაკაშიძემ გივი ზალდასტანიშვილთან ერთად აშშ–ს კონგრესის კომიტეტში ჩვენება–მოხსენება მისცა საქართველოში ხრუშჩოვის მიერ ჩადენილ დანაშაულთა შესახებ. განასაკუთრებით აღინიშნა 1956 წ. მარტის მოვლენები. აშშ კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ე.წ. „არაამერიკულ მოქმედებათა კომიტეტმა“ გამოსცა წიგნაკი – „ხრუშჩოვის ბოროტმოქმედებანი“.

1974-78  წ. გიორგი ნაკაშიძე ჰარვარდის უნივერსიტეტის გამგეობის მიწვევით მუშაობდა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის არქივის დამუშავებასა და კატალოგიზაციაზე: ჩაატარა არქივის კლასიფიკაცია და ინგლისურ ენაზე შეადგინა სრული კატალოგი.

გიორგი ნაკაშიძე სრულყოფილად ფლობდა გერმანულ, ინგლისურ, პოლონურ, რუსულ, ჩეხურ, უკრაინულ და სხვა სლავურ ენებს. მან თარგმნა და ინგლისურ ენაზე გამოსცა ნ. დუმბაძის „მზიანი ღამე“.

სიცოცხლის ბოლო წლები გიორგი ნაკაშიძემ ცნობილი ემიგრანტის ალექსანდრე ცომაიას მეუღლის, ელზა მდივნის (დედით ნაკაშიძე) მზრუნველობის ქვეშ გაატარა და 1990 წლის 18 აპრილს გარდაიცვალა ნიუ–იორკში, ამერიკის ქართულმა სათვისტომომ გიორგი ნაკაშიძე ნიუ–იორკის მახლობლად დაკრძალა.

1990 წლის ზაფხულში ამერიკაში გასრტროლებზე იმყოფებოდა ანსაბლი „რუსთავი“. მის ხელმძღვანელს დაუკავშირდნენ იქ მცხოვრები ქართველენი და გადასცეს გიორგი ნაკაშიძის პირადი არქივი, რომელიც საქართველოს ლიტერატურისა და ხელოვნების სახელმწიფო არქივს გადაეცა.

წყარო:

1. ნაკაშიძე გიორგი // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.144-146.

2. განძი მშობელ ერს დაუბრუნდა : [საქართველოს ლიტერატურისა და ხელოვნების სახელმწიფო არქივში შევიდა საინტერესო და ფასდაუდებელი მასალა: გიორგი ნაკაშიძის პირადი არქივი, თურქეთის შავი მთის არქეოლოგიური გათხრების მასალები ვახტანგ ჯობაძისა და კიდევ სხვა მასალები] // კომუნისტი. - თბილისი, 1990. - 5 აგვისტო


Share: