The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ლევან ცხადაძე

ლევან ცხადაძე
Date of birth:2 October, 1983  (41 years)
Category:Musician

Biography

ლევან დავითის ძე ცხადაძე დაიბადა 1983 წლის 2 ოქტომბერს, თბილისში. კლარნეტზე დაკვრა 12-13 წლის ასაკში დაიწყო. დაამთავრა ე. მიქელაძის სახელობის საკრავიერი ხელოვნების კოლეჯი დავით ჯიშკარიანის ხელმძღვანელობით (კლარნეტი). ამავე პედაგოგთან სწავლობდა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. 2005–2011 წლებში სწავლა გააგრძელა ამსტერდამისა და ნიცის კონსერვატორიებში, სადაც მისი მასწავლებლები იყვნენ პარმენ დე ბური და მიშელ ლეტიეკი. დაამთავრა, ასევე, მიუნხენის მუსიკისა და თეატრის უმაღლესი სასწავლებელი. გავლილი აქვს მასტერკლასები ისეთ ცნობილ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან კარლ ლაისტერი, მენაჰემ პრეისლერი, პოლ მაიერი, ანტონი ჰეი და მრავალი სხვა.

უცხოეთში სწავლის დროს ლევან ცხადაძე დაჯილდოვდა სხვადასხვა პრიზით, მათ შორის, ფრანსუა ლოლოს ჩასაბერ საკრავთა კონკურსის პირველი პრემიით და ლიზა ლეონსკაიას ფონდ „სოლოს“ სტიპენდიით. მას დაკრული აქვს პირველი კლარნეტის პარტია ბელფასტის, ალსტერისა და ევროპის სხვა სიმფონიურ ორკესტრებთან, ინგოლშტატის კამერულ ორკესტრთან და სხვ. ჰქონდა კონცერტები გერმანიაში, ირლანდიაში, საფრანგეთში. როგორც სოლისტი იგი რეგულარულად გამოდის დასავლეთ ევროპის სხვადასხვა დარბაზებში, როგორებიცაა: ამსტერდამის კონცერტგებაუს, როტერდამის „დე დულენის“, გრონინგენის, ოსტერპორტის დარბაზები. მუსიკოსი „საქართველოს სიმფონიეტასთან“ ერთად წარსდგა 2010 წელს გერმანელი მსმენელის წინაშე ბერლინის კონცერტჰაუზში. ასევე, 2012 წელს ჰოლანდიაში, კონცერტგებაუს დიდ დარბაზში შეასრულა არეო პიარტის “In Spe“ „საქართველოს სიმფონიეტასა“ და დირიჟორ მარკუს პოშნერთან ერთად. ლევანი ინტერვიუში ამბობს, რომ მისი პროფესიული განვითარებისათვის ყველა გამოსვლა მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ყველაზე მეტად მას მაინც თბილისში დაკვრა და საქართველოში მუშაობა უხარია: „ყველაზე კარგად თავს ვგრძნობ ჩემს ქვეყანაში და სადაც არ უნდა დავუკრა, მაინც სულ ვფიქრობ, როგორი იქნებოდა ესა თუ ის კონცერტი საქართველოში და როგორ მიიღებდა მას ქართველი მსმენელი“.

ლევან ცხადაძე არის ყოველწლიური „თბილისის ჩასაბერ საკრავთა ფესტივალის“  დამაარსებელი და დირექტორი (2008). ასევე, „ქუთაისის კლასიკური მუსიკის ფესტივალის“ დამფუძნებელი (2012) და „ჭიათურის მუსიკის აკადემიის“ თანადამფუძნებელი (2009). ამ ფესტივალების მიზანია ჩასაბერი საკრავებისა და კამერული მუსიკის პოპულარიზაცია, იმ რეპერტუარის წარმოდგენა, რომელიც ჯერ არ შესრულებულა საქართველოში. 2013 წელს დააარსა დუეტი გიტარისტ იზარ ელიასთან ერთად.

ლევანის უშუალო ძალისხმევით, სასულე ინსტრუმენტების სკოლის გაუმჯობესებისა და საშემსრულებლო დონის ამაღლებისთვის, თბილისს სტუმრობენ მსოფლიოს წამყვანი მუსიკოსები, რომლებიც ერთი კვირის განავლობაში მუშაობენ სტუდენტებთან. უცხოელებთან ერთად, ფესტივალიდან ფესტივალამდე, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებიც ჩამოდიან და ატარებენ მასტერკლასებს ახალგაზრდებისთვის.

ლევან ცხადაძის მეუღლეა პიანისტი ნინო გვეტაძე. წყვილს ჰყავს ერთი ქალიშვილი – მარიამი. ისინი ჰოლანდიაში ცხოვრობენ, მაგრამ საქართველოში ხშირად ჩამოდიან და ყოველთვის დიდი სიამოვნებით უკრავენ. 2011 წლის მაისში თბილისში გამართული მათი ერთობლივი კონცერტი ჩაიწერა და გადასცა ცნობილმა ფრანგულმა მუსიკალურმა ტელეარხმა MEZZO-მ, რაც უპრეცენდენტო მოვლენაა კავკასიის მასშტაბით. მათი ხელმძღვანელობით ფესტივალის ფარგლებში ყოველწლიურად ტარდება მაღალი დონის კონცერტები მრავალფეროვანი პროგრამით. მათგან ერთ–ერთი მთლიანად მიეძღვნა პულენკის ჩასაბერი საკრავებისთვის განკუთვნილ კამერულ მუსიკას, მეორე კონცერტზე, „საქართველოს სიმფონიეტასთან“ ერთად (ვახტანგ კახიძის დირიჟორობით) შესრულდა სხვადასხვა კომპოზიტორების ნაწარმოებები – ანტონიო ვივალდის კონცერტი ჰობოისა და ორკესტრისათვის, კონცერტი ვალტორნისა და ორკესტრისათვის, იოჰან კრისტიან რაინჰარდის კონცერტი ვალტორნისა და ორკესტრისათვის, რიჰარდ შტრაუსის დუეტი– კონჩერტინო კლარნეტისა და ფაგოტისათვის, მოცარტის სიმფონია–კონცერტანტე  ჰობოის, კლარნეტის, ფაგოტის, ვალტორნისა და ორკესტრისათვის.... ხშირად სრულდება ქართველ თანამედროვე კომპოზიტორთა ნაწარმოებები. ასე მაგალითად: ერთ–ერთ კონცერტზე ლევან ცხადაძემ და ნინო გვეტაძემ შეასრულეს ნოდარ გაბუნიას  2 ნაწარმოები და რეზო კიკნაძის „ლევანინო“, რომელიც საგანგებოდ მათთვის დაიწერა.   

წყარო: 

1. ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 551

2.სხირტლაძე, ალა. სასულე მუსიკის ზეიმი : ინტერვიუ ლევან ცხადაძესთან // მუსიკა /საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის ჟურნალი. - თბილისი, 2013. - N1(15). – გვ.30-37.

3. www.tabula.ge/ge/tv/amaoebis-bazari/81345-levan-cxadadze

4. www.24hours.ge/weekend/story/16559-musika-fekhburts-hgavs


Share: