The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


იანო ალიბეგაშვილი

იანო ალიბეგაშვილი
Other name:იანო თამარი  (Pseudonym)
Date of birth:15 October, 1963  (60 years)
Category:Singer

Biography

იანო შოთას ასული ალიბეგაშვილი დაიბადა 1963 წლის 15 ოქტომბერს, ქალაქ ყაზბეგში. მუსიკალური განათლება მიიღო თბილისის კონსერვატორიასთან არსებულ ექსპერიმენტულ სამუსიკო სკოლაში. ჩაირიცხა ფორტეპიანოს კლასში, მაგრამ შემდეგ თეორიულმა საგნებმა დააინტერესა და ექსპერიმენტული სკოლა დაამთავრა როგორც თეორეტიკოსმა (პედაგოგები: ციცო ხომერიკი და მანანა ანდრიაძე). პარალელურად ვოკალშიც მეცადინეობდა. სიმღერისადმი სწრაფვა დედამ გაუღვივა, რომელიც პროფესიით გუნდის დირიჟორი იყო, მაგრამ ოთხ შვილს ზრდიდა და ამიტომ ვერ იმუშავა. ერთ–ერთ ინტერვიუში იანო ამბობს: „...ჩემს ბავშვობაში ტელევიზიით საოპერო გადაცემები უფრო ხშირად იყო. ლამარა ჭყონიას შესრულებულ ალიაბევის რომანსს „ბულბული“ იმეორებდნენ ხოლმე... ძალიან მიყვარდა. ერთხელაც მას მივბაძე, ავყევი. მგონი, მომღერლის ნიჭი უნდა გქონდესო, თქვა დედამ... ვეწინააღმდეგებოდი, მაგრამ მისი ხათრით საკმაოდ მოზრდილმა მაინც დავიწყე ლამარა ჭყონიასთან მეცადინეობა... რამდენიმე გაკვეთილის შემდეგ ქალბატონმა ლამარამაც მითხრა: "იანო, გიგანტური ნაბიჯებით მიდიხარ წინ, მგონი დედაშენი მართალია, ბევრს მიაღწევო...“.

იანო ალიბეგაშვილმა 1989 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (იულია ფალიაშვილის კლასი; კამერული სიმღერა – ი. გერსამია); ამავე წლიდან  ზ.  ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა  და ბალეტის თეატრის სოლისტია (შესრულებული  აქვს: ამელია – ვერდის „ბალმასკარადი“, ტოსკა – პუჩინის „ტოსკა“).

როგორც მსახიობმა იანომ ფეხი აიდგა თბილისის საოპერო სტუდიაში. აქ შესრულდა მისი სადიპლომო ნამუშევარი – გრაფინიას როლი მოცარტის „ფიგაროს ქორწინებაში“. პირველი კურსიდანვე  მონაწილეობდა ფესტივალებსა და კონკურსებში. 1986 წელს მონაწილეობა მიიღო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ვოკალისტთა კონკურსში და პირველი პრემია დაიმსახურა. 1989 წელს გაემგზავრა ფ. ვინიასის სახელობის საერთაშორისო კონკურსზე ბარსელონაში, პრემია ვერ მოიპოვა, მაგრამ ფლორენციისა და ოზიმოს აკადემიების სტიპენდიებით დააჯილდოვეს; ამ კონკურსის ისტორიაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ეს პრიზები არაესპანელ მომღერალს მიენიჭა.

იანო ალიბეგაშვილმა არჩევანი იტალიის ქალაქ ოზიმოზე შეაჩერა. 1990 წლიდან მომღერალი იტალიაში ცხოვრობს, გაიარა ვოკალური დაოსტატების კურსი ოზიმოს „ვოკალისტთა დახელოვნების აკადემიაში“ (პროფესორი მელანი); „წარმატებისთვის მომღერალს ყველაფერი კომპლექსურად უნდა ჰქონდეს - ლამაზი ხმა, ტექნიკა, ფიზიკური შარმი... სწორად მომართული გონება, ელასტიური უნდა იყოს, იმიტომ, რომ დიდი წინააღმდეგობების გადალახვა უხდება, და... ბედი, რასაკვირველია", ამბობს იანო. იგი სწორედ ბედის წყალობად თვლის, რომ ოზიმოს აკადემიის დირექტორი როსინის ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი აღმოჩნდა და მან მოულოდნელად საზოგადოებისთვის სრულიად უცნობ ახალგაზრდა სოპრანოს შესთავაზა მონაწილეობის მიღება 1992 წლის ჯოაკინო როსინის ფესტივალში (იმ წელს კომპოზიტორის იუბილე აღინიშნებოდა), სემირამიდას პარტიით. ახალბედა მომღერლის გამოსვლა ფესტივალის ნამდვილ სენსაციად იქცა. ამ წარმატების შემდეგ დაიწყო მისი დიდი კარიერა... ქართველი სოპრანო ევროპის საოპერო თეატრების სასურველი სტუმარი გახდა. უცხოეთში იგი იანო თამარის ფსევდონიმით მოღვაწეობს. 1993 წელს შედგა მისი დებიუტი ლა-სკალაში – იმღერა ალისა „ფალსტაფში“ , ლედი მაკბეტი – „მაკბეტში“და ლინა „სტიფელიოში", იმუშავა თანამედროვეობის უდიდეს დირიჟორებთან - რიკარდო მუტისთან და ჯანანდრეა გავაძენისთან.

უკვე მრავალი წელია იანო თამარი კონტრაქტებით მღერის მსოფლიოს უდიდესი თეატრების სცენებზე, თანამშრომლობს მსოფლიოს განთქმულ დირიჟორებთან და მომღერლებთან; იგი ფლობს იშვიათი სილამაზის ტემბრის ხმას (დრამატული სოპრანო), რომელიც განსაკუთრებით უხდება ვერდისა და პუჩინის, აგრეთვე ჰენდელის, მოცარტის, როსინის, ბელინის ოპერებს; მომღერალმა დიდი აღიარება დაიმსახურა ისეთ ოპერებში მონაწილეობისთვის, როგორებიცაა: ქერუბინის „მედეა“ (მთავარი როლი) ვენაში, ბერლინის Deutsche Oper-ში და მიუნხენის Bayerische Staatsoper-ში; ვერდის „მაკბეტი“ (ლედი მაკბეტი) ჰამბურგში, ბერლინის Deutsche Oper- ში და ლიონის ოპერაში; ვერდის „ოტელო“ (დეზდემონა) ტოკიოშო; „დონ კარლოსი“ (ელისაბედ დე ვალუა), „ერნანი“ (ელვირა) და „ვილჰელმ ტელი“ (მატილდა) ვენის Staatsoper-ში; „ტრუბადური“ (ლეონორა) ბრეგენცის ფესტივალზე (ჩაიწერა DVD); ვერდის „ბედის ძალა“ (ლეონორა) მიუნხენის ბავარიის ოპერაში (Bayerische Staatsoper); დონიცეტის „მარიამ სტუარტი“ (ელისაბედი) ლიონის ოპერასა და პარიზის Théâtre des Champs-Élysées-ში; როსინის „სემირამიდა“ ბერლინის Deutsche Oper- ში; ვერდის „ბალ-მასკარადი“ (ამელია) ჰამბურგში; ბელინის „ნორმა“ (მთავარი როლი) და მოცარტის „იდომენეო“ (ელექტრა) ბარსელონის Gran Teatro del Liceu- ში;  „ტოსკა“ პუჩინის „ტოსკაში“ პარიზის Théâtre de la Bastille-სა და მონპელიეში, რის შემდეგ ამ პარტიით მიწვეული იყო იაპონიაში, ბერლინში, ჟენევაში და ა.შ. დიდი გამოხმაურება ჰქონდა მის მიერ შესრულებულ ლედი მაკბეტს ევროპის თითქმის ყველა მნიშვნელოვან სცენაზე: „სოპრანო იანო თამარი თავისი მგრძნობიარე გულით და ჭეშმარიტად შესანიშნავი სიმღერით ყველა ნაციონალურ ბარიერს ლახავს და დიდებული მარია კალასის სიმღერას გვახსენებს", - წერს გაზეთი „ფრანკფურტერ ალგემაინე".

იანო თამარი ხშირად მონაწილეობს მნიშვნელოვან ახალ დადგმებში, არის მრავალი მივიწყებული და აღდგენილი ოპერის პირველი შემსრულებელი. მომღერლის  დისკოგრაფიის ვრცელ ჩამონათვალში შედის: როსინის „სემირამიდა“; პაჩინის „პომპეის უკანასკნელი დღე“; ვერდის „ტრუბადური“ (DVD), „დონ კარლოსი“ (DVD) და „აიდა“ (DVD); მასნეს „რომი“ –  ცოცხალი ჩანაწერი მარტინა ფრანკას ფესტივალზე (იტალია); ქერუბინის „მედეა“; ვერდის „მაკბეტი“; როსინის „რობერტ ბრუსი“; ჩილეას „არლელი ქალი“; შოსტაკოვიჩის მეთოთხმეტე სიმფონია.

აღსანიშნავია, რომ იანო თამარი ხშირად ჩამოდის საქართველოში. პირველად მან შეასრულა უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II–ს მიერ დაწერილი უნიკალური ნაწარმოები „ავე მარია“.

მონაწილეობს საქველმოქმედო თუ საიუბილეო კონცერტებში; 2016 წელს, XI  საერთაშორისო ფესტივალზე „აღდგომიდან ამაღლებამდე“, თბილისის ოპერის თეატრში იანომ, მეგობრებთან ერთად, განახორციელა საკუთარი პროექტი – ჯ. ვერდის ოპერა „დონ კარლოსის“ საკონცერტო შესრულება.

იანო ალიბეგიშვილის მეუღლეა ცნობილი იტალიელი ბარიტონი ვიტორიო ვიტელი. ჰყავთ ქალიშვილი – ნინა.

წყარო:

1. მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 14; 

2. დარჩიაშვილი, რუსუდან. ერთი საათი იანო თამართან / რუსუდან დარჩიაშვილი // 24 საათი. - თბილისი, 2010. - 30 აპრილი - 6 მაისი. - N16 (152). - გვ.12-13. - Weekend.

3. http://www.24saati.ge/

4. https://www.youtube.com/watch?v=RIg3IDtdrts

5. https://www.youtube.com/watch?v=GrDi3BwnT6Y


Share: