The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
Home  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
Texts are given in Georgian and English languages.


გია მელიქიშვილი

Date of birth:9 December, 1939
Date of death:17 July, 2008  (at 68 years)
Burial location:ქ. ბლუა, საფრანგეთი
Category:Musician

Biography

გია (გიორგი) ოთარის ძე მელიქიშვილი დაიბადა თბილისში, 1939 წლის 9 დეკემბერს. 1961 წელს დაამთავრა „ნიჭიერთა ათწლედი“ ვიოლინოს განხრით. პედაგოგი: ლუარსაბ იაშვილი. მასთანვე განაგრძო სწავლა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში (1962–1966).

ჯერ კიდევ მუსიკალურ ათწლედში სწავლის დროს გია მელიქიშვილმა  სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შეასრულა ალექსი მაჭავარიანის ძალზე რთული სავიოლინო კონცერტი. მასთან ერთად სოლო პარტიას ასრულებდა მაშინდელი მუსიკალური სამყაროს კორიფე, პიანისტი ალექსანდრ იოხელესი, რომელმაც დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა ახალბედა მევიოლინეს. ამ კონცერტმა საბოლოოდ განსაზღვრა კიდეც მისი მომავალი. კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ უკრავდა ჯერ საქართველოს სახელმწიფო კამერულ ორკესტრში, შემდგომ კი სახელმწიფო სიმებიან კვარტეტში და არაერთგზის გახდა იმ თავბრუდამხვევი წარმატების მონაწილე, რომლითაც ეს კვარტეტი მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მუსიკალურ სამყაროს აოცებდა.

1992 წელს შეიქმნა რადიოსა და ტელევიზიის სიმებიანი კვარტეტი: გია მელიქიშვილი (I ვიოლინო), ია ხინთიბიძე (ვიოლინო), ტატო ხარაძე (ალტი) და რეზო მაჩაბელი (ჩელო). ომისა და გაჭირვების გამო საქართველოში მუსიკისთვის არავის ეცალა, კვარტეტს კი უამრავი ქვეყანა იწვევდა თავისთან სამუშაოდ და... ერთი წლის შემდეგ ქართველი მუსიკოსები საფრანგეთში გაემგზავრნენ. უცხოეთში მათ თავიანთ კვარტეტს „თბილისი“ დაარქვეს და სულ მალე იმდენად პოპულარულები გახდნენ, რომ მათ გარეშე თითქმის არც ერთ მნიშვნელოვან მუსიკალურ ფესტივალსა თუ დღესასწაულს არ ჩაუვლია, არა მხოლოდ საფრანგეთის, არამედ მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ქალაქებში.
გია მელიქიშვილი პარიზის მახლობლად მდებარე ქალაქ ბლუაში დასახლდა ოჯახთან ერთად. მალე თეიმურაზ მათურელთან (ფორტეპიანო) და რეზო მაჩაბელთან (ჩელო)  ერთად შექმნა საფორტეპიანო ტრიო, რომელიც ასევე პოპულარული გახდა საფრანგეთში. სამწუხაროდ, ეს ტრიო მალე დაიშალა მისი ერთ-ერთი წევრის, თეიმურაზ მათურელის მოულოდნელი გარდაცვალების გამო. 

გია მელიქიშვილს მიღებული ჰქონდა საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტის წოდება. მის რეპერტუარში შედიოდა: ქართული ნაწარმოებები – ს. ნასიძე, სიმებიანი კვარტეტი, N1; სიმებიანი კვარტეტი N2; მ. დიაკვნიშვილი, „მუსიკა სიმებიანი კვარტეტისათვის“; ს. ცინცაძე, სიმებიანი კვარტეტი N7; ი. ბარდანაშვილი „საფორტეპიანო ტრიო ბიზეს ხსოვნისადმი"; უცხოური ნაწარმოებები: ვივალდი, კონცერტი ორი ვიოლინოსათვის (ლიანა ისაკაძესთან ერთად); ბარტოკის დივერტისმენტი და სხვ. 
ქართველმა მუსიკოსმა წარმატებით განაგრძო შემოქმედებითი ცხოვრება საზღვარგარეთის ქვეყნებში.  გასტროლებით მოიარა გერმანია, დანია, იტალია. სხვადასხვა დროს  მას იწვევდნენ საფრანგეთის კამერულ თუ სიმფონიურ ორკესტრებსა და ანსამბლებში. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობასაც. საქართველოშიც არაერთი მოსწავლე ჰყავდა. ერთხანს გორის სამუსიკო სასწავლებელშიც კი ასწავლიდა, შემდგომ თბილისში, ნიჭიერთა ათწლედში, კონსერვატორიაში. საკუთარ შვილებსაც გაუკვალა გზა დიდი მუსიკისკენ – ნინო და ოთარ მელიქიშვილები ფრანგულ მუსიკალურ სამყაროში საკმაოდ ცნობილ მევიოლინეებად მიიჩნევიან. ოთარი ვიოლინოს გამოთლა-დამზადების ხელოვნებასაც დაეუფლა... გიას მუდამ მხარში ედგა მეუღლე, ნათელა გუნია, უნიჭიერესი მუსიკოსი, რომელმაც თავისი კარიერა ოჯახს ანაცვალა.

1999 წელს გია მელიქიშვილმა  კონცერტი გამართა მონატრებულ თბილისში, კამერული ორკესტრის „თბილისის კონცერტინოს“ თანხლებით. შესრულდა ბახისა და ვივალდის კონცერტები ორი ვიოლინოსთვის. ვირტუოზ მევიოლინეს პარტნიორობას უწევდნენ მისი მეგობრების ვაჟები, მისივე მოსწავლე – მევიოლინე პაატა ჭანტურიშვილი და დირიჟორი გოგა შილაკაძე.
გია მელიქიშვილი გარდაიცვალა საფრანგეთში, 2008 წლის 17 ივლისს. საფრანგეთის მუსიკალურმა საზოგადოებამ და ქალაქ ბლუას მუნიციპალიტეტმა პატივი მიაგეს მათ ქვეყანაში მოღვაწე ქართველ მუსიკოსს და საფრანგეთის გამორჩეულ მოღვაწეთა პანთეონში მიუჩინეს ადგილი.

2009 წლის დეკემბერში თბილისში, გოეთეს ინსტიტუტის საკონცერტო დარბაზში გია მელიქიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. თბილისის კამერულ ორკესტრს გოგა შილაკაძემ უდირიჟორა.


წყარო:

1. ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 316

2. arqivi.net/.../როცა-საფრანგეთის-პოპულარულ-სიმფონიურ-კვარტეტს--თბილის..

3. 1tv.ge/ge/news/view/10100.html


Share: