The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
Home  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
Texts are given in Georgian and English languages.


მიხეილ მენაბდე

მიხეილ მენაბდე
Date of birth:11 October, 1978  (39 years)
Category:Musician

Biography

დირიჟორი, ბალეტმაისტერი და მოცეკვავე მიხეილ გურამის ძე მენაბდე დაიბადა 1978 წლის 11 ოქტომბერს თბილისში. პროფესიული განათლება მიიღო ვ. ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში (1998 წლის გამოშვება. პედ.: ზ. ამონაშვილი). 1996 წლიდან იყო ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. ძირითადად ცეკვავდა სახასიათო პლანის პარტიებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მის მიერ შესრულებული ესპადა „დონ–კიხოტში“, ასევე, ესპანური ცეკვა „გედების ტბიდან“. უპირატესობას ანიჭებდა თანამედროვე ნეოკლასიკურ ქორეოგრაფიას. ბალეტმაისტერმა გოგი ალექსიძემ სპეციალურად მისთვის შექმნა „დიპლიპიტო“ გია ყანჩელის მუსიკაზე. 

2004 წელს მიხეილ მენაბდემ დაამთავრა თბილისის კინოსა და თეატრის უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტი, ბალეტის რეჟისორის სპეციალობით. 2006 წლის ჩათვლით იგი იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი, ქმნიდა ქორეაგრაფიულ მინიატურებს,  გადაიღეს კინობალეტში „ოსტატი და შეგირდი“ (2005), დრამატული თეატრის ქორეოგრაფიაშიც მოსინჯა ძალები – იმუშავა კინომსახიობთა თეატრის მიერ დადგმულ „ტარტიუფში“. და იმ დროს როცა საბალეტო დასის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ სოლისტად ითვლებოდა, გადაწყვიტა პროფესიის შეცვლა. ამ ამბავს თავად ასე მოგვითხრობს: „ჩემმა ბედმა ასე მოისურვა, რომ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის მსახიობმა ყველასათვის მოულოდნელად გადავწყვიტე სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი გავმხდარიყავი... თუმცა ჩემთვის ეს მოულოდნელი კი არა, დიდი ხნის ოცნება იყო, მეგონა – აუხდენელი, ვიდრე კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბალეტის რეჟისურის სპეციალობაზე სწავლისას (პროფესორ გოგი ალექსიძის სახელოსნო) არ შევხვდი ქალბატონ ნანა ლორიას, არაჩვეულებრივ პედაგოგს, რომელმაც კლასიკური მუსიკისადმი სიყვარული კიდევ უფრო გამიღვივა და რაც მთავარია, დამარწმუნა, რომ მე ამას შევძლებდი... მოგვიანებით, როცა კონკრეტული არჩევანი უნდა გამეკეთებინა, ბატონმა გია ყანჩელმა მითხრა: „თუ ამაზე სერიოზულად ფიქრობ, მხოლოდ რომა კოფმანთან უნდა წახვიდე კიევშიო“... ასე აღმოვჩნდი დიდი მაესტროს მოწაფეთა შორის კიევის პ. ჩაიკოვსკის სახელობის მუსიკალურ აკადემიაში“.     

მიხეილ მენაბდემ მუსიკალური აკადემია 2011 წელს დაამთავრა მაგისტრის ხარისხით. დღეს იგი უკრაინის ეროვნული ფილარმონიის აკადემიური სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორის თანაშემწეა. 2014 წელს კიევში დააარსა ახალგაზრდა ლაურეატ მუსიკოსთა კამერული ორკესტრი „Armonia Ludus“, რომელსაც თავად ხელმძღვანელობს. მან თარგმანშიც მოსინჯა ძალები, ქართულად თარგმნა ნაწყვეტები მისი პედაგოგის, უკრაინელი მუსიკოსისა და მწერლის რომან კოფმანის წიგნიდან – „წიგნი არყოფნისა“.

წყარო:

1. ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 317

2. ნადარეიშვილი ლეილა.  მენაბდე მიხეილ გურამის ძე // ქართული ბალეტი  / ლ. ნადარეიშვილი. - თბ., 2010. - გვ.131.

3. კოფმანი, რომან. პაროლი - შნიტკე : [ნაწყვეტი წიგნიდან "წიგნი არყოფნისა"] / თარგმანი და წინასიტყვაობა მიხეილ მენაბდისა // მუსიკა . - თბილისი, 2015. - N1(23). - გვ. 41-52. 


Share: