The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ივანე ვარაზაშვილი

ივანე ვარაზაშვილი
დაბადების თარიღი:1879
გარდაცვ. თარიღი:1955  (76 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ირანი
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

ივანე ვარაზაშვილი დაიბადა 1879 წელს, თბილისში. მამა – ხაბაზთა უსტაბაში სოფრომ ვარაზაშვილი, დედა – მარიამ ჯანელიძე. წარმოშობით რაჭის სოფელ მუხლიდან იყვნენ. თბილისში ოჯახს საკუთარი პურსაცხობი თონეები ჰქონდა გამართული და შეძლებულად ცხოვრობდა.

სოფრომ ვარაზაშვილის ოთხივე ვაჟმა საფუძვლიანი განათლება მიიღო. სამი მათგანი - ისიდორე, ივანე და გიორგი - გერმანიაში სწავლობდნენ. გიორგი იყო თბილისში პირველი წყალსადენის პროექტის ავტორი. ვასილმა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი დაამთავრა. რევოლუციის შემდეგ მისმა მასწავლებელმა ცნობილმა პათოლოგფიზიოლოგმა კრინბერგმა გერმანიაში გაყოლა და მასთან ერთად მუშაობა შესთავაზა, მაგრამ მან სამშობლოში დარჩენა არჩია. იგი 1924-1952 წლებში განაგებდა საქართველოს სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის პათოლოგიური ფიზიოლოგიის განყოფილებას, 1931-1969 წლებში – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბიოქიმიის კათედრას. 1936 წელს ვასილ ვარაზი გახდა მედიცინის დარგში ნობელის პრემიის ოფიციალური ნომინანტი, რაც არ გახმაურებულა და ოჯახმა ამის შესახებ მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ შეიტყო. ვასილის ვაჟი იყო მხატვარი ავთო ვარაზი.

ივანე ვარაზაშვილმა წარჩინებით დაამთავრა თბილისის სარკინიგზო ტექნიკური სასწავლებელი, შემდეგ კი პეტერბურგის საგზაო–სარკინიგზო ინსტიტუტი და რკინიგზის მშენებელი ინჟინრის დიპლომით დაუბრუნდა ოჯახს. ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა მონაწილეობდა ბაკურიანის რკინიგზის მშენებლობაში, ააშენა წალკის ხიდი. I მსოფლიო ომის დროს მიიღო ინჟინერ–პოლკოვნიკის ხარისხი და ხელმძღვანელობდა ჯულფა–ბაქოს და ერზრუმ–სარიყამიშის სარკინიგზო–საგზაო მშენებლობებს. ამ უბნებზე მუშაობდა მისი ძმაც, ასევე რკინიგზის ინჟინერი ისიდორე ვარაზაშვილი.

საყურადღებოა ძმები ვარაზაშვილების სამეურნეო–სამრეწველო ხასიათის პრაქტიკული მოღვაწეობა. ივანემ ისიდორესთან ერთად 1917 წლიდან ხელი მოჰკიდა ჭიათურის შავი ქვის მრეწველობის განვითარებას. მათი მიზანი იყო შავი ქვის რეწვა გადაექციათ ეკონომიკურად დაუძლურებული საქართველოს შემოსავლის მთავარ წყაროდ.

1918 წელს დაარსდა „ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა სააქციო საზოგადოება“, რომელსაც ფილიალები ჰქონდა გერმანიაში, ინგლისში, თურქეთსა და ამერიკაში. პირველ თავმჯდომარედ მიიწვიეს ნიკო ნიკოლაძე.

1922 წელს ივანე და ისიდორე ვარაზაშვილები, სააქციო საზოგადოების დავალებით, გერმანიაში გაემგზავრნენ. იქ იმყოფებოდა მათი უმცროსი ძმა, გიორგიც, რომელიც შარლტენბურგის სამთო ინსტიტუტში სწავლობდა. ძმები არ შემოიფარგლნენ მხოლოდ მარგანეცით, მათ ქართული კულტურის პოპულარიზაციაზეც დაიწყეს ზრუნვა. ამ პერიოდში საზღვარგარეთ მყოფ მოწინავე ქართველ მამულიშვილთა შორის მომწიფებული იყო აზრი ბერლინში ქართული გამომცემლობის დაფუძნების შესახებ. ამ იდეას ხორცი შეასხა ივანე ვარაზაშვილმა. მისი მცდელობითა და ქველმოქმედებით ბერლინში დაარსდა გამომცემლობა „Naher Osten” (ახლო აღმოსავლეთი), სადაც დაიბეჭდა ქართველოლოგ რიჰარდ მეკელაინის „გერმანული ენის სახელმძღვანელო ქრესტომატიითა და ლექსიკონით“ ქართველთათვის.

გარდა ამისა, უცხოეთში მოსწავლე ხელმოკლე ქართველ სტუდენტთა დასახმარებლად და ქართულ–ევროპული კულტურული მემკვიდრეობის გაცვლის მიზნით, ძმებმა ვარაზაშვილებმა გერმანიაში, კერძოდ ჰამბურგში, პირველ „რუსთაველის საზოგადოებას“ ჩაუყარეს საფუძველი. თავმჯდომარე რიჰარდ მეკელაინი იყო. ვარაზაშვილების გარდა, საზოგადოების გამგეობაში შევიდნენ – გრიგოლ დიასამიძე, მოსე შანიძე, იაკობ და კატო ხოჭოლავები, ელისაბედ მეკალაინი და სხვები.

ვარაზაშვილები ცნობილი იყვნენ როგორც მეცენატები. ისინი ეხმარებოდნენ ბერლინში სასწავლებლად წასულ ახალგაზრდებს. ბევრი ქართველი სტუნდენტი, მათ შორის ვანო სარაჯიშვილი და კონსტანტინე გამსახურდია, მათი სააქციო საზოგადოების სტიპენდიით სწავლობდა.

1921 წელს ძმებმა ნიკო ნიკოლაძის დახმარებით თბილისში დააარსეს გამომცემლობა „ქართული წიგნი“. გამოსცეს ნიკოლოზ ბარათაშვილისა და გრიგოლ ორბელიანის ლექსთა კრებულები, შალვა დადიანის რომანი „უბედური რუსი“, კონსტანტინე გამსახურდიას მიერ ნათარგმნი უცხოელ კლასიკოსთა თხზულებები და ილია ჭავჭავაძის თხზულებათა სრული კრებული, მატერიალურ დახმარებას უწევდნენ ქართულ ჟურნალ–გაზეთებსა და გამოცემებს.

1928 წელს, სპარსეთის შაჰის, რეზა–ხან ფეჰლევის მიწვევითა და სსრკ მთავრობის ნებართვით, ივანე ვარაზაშვილი ირანს გაემგზავრა და სათავეში ჩაუდგა ირანიდან ინდოეთის საზღვრამდე რკინიგზის გაყვანას.

1930–იან წლებში, საზღვრების ჩაკეტვისა და საბჭოთა კავშირში აგორებული რეპრესიების გამო, ივანე ვარაზაშვილი თეირანში დარჩა. ეს ძვირად დაუჯდა მის ოჯახს. როგორც უცხოეთის აგენტი დააპატიმრეს და ციმბირში გადაასახლეს ივანეს 18 წლის ქალიშვილი ფეფიკო, რომელიც წამებისას შემოაკვდათ. ისიდორე და მისი შვილი სოსო დახვრიტეს. 1951 წელს შუა აზიაში გაასახლეს ივანეს ცოლი, ელისაბედ მიროტაძე და სამი ვაჟი ოჯახებით. 1953 წელს, სტალინის გარდაცვალების შემდეგ, ისინი სამშობლოში დაბრუნდნენ. როგორც კი შესაძლებლობა მიეცა ივანემ სცადა ცოლ–შვილთან დაკავშირება, 1954 წელს საახალწლო მისალოცი გამოუგზავნა, მაგრამ დაშინებულმა ოჯახის წევრებმა პასუხის გაცემა ვერ გაბედეს და ბარათი უკან დააბრუნეს.

ივანე ვარაზაშვილი მარტოობაში გარდაიცვალა 1955 წელს, ირანში. დაკრძალეს რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის ეზოში.

წყარო:

1. ვარაზაშვილი ივანე // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.82-83.

2. რეხვიაშვილი ს. ძმები ვარაზაშვილები // ლიტერატურული საქართველო. –1988. – 15 აპრილი. – გვ. 10.


გააზიარე: