The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


იოსებ ირემაშვილი

იოსებ ირემაშვილი
Other name:პართენაშვილი  (Pseudonym)
Date of birth:1879
Date of death:1944  (at 65 years)
Category:Politician

Biography

ნაციონალისტ–უკლონისტი იოსებ (სოსო) ირემაშვილი 1879 წელს, ურბნისში დაიბადა. მისი წინაპრები სამღვდელო პირები ყოფილან. მამამისი, გიორგი ირემაშვილი, ურბნისის ეკლესიაში ჯერ მთავადიაკონი ყოფილა, შემდეგ კი მღვდლად უკურთხებიათ. გიორგის და მის მეუღლეს, მარიამ კოპაძეს, ხუთი შვილი ჰყავდათ, სამი ვაჟი და ორი ქალი.

სოსო ირემაშვილმა 1894 წელს დაამთავრა გორის სასულიერო სასწავლებელი და ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1901 წლიდან იგი გორის სასულიერო სემინარიის მასწავლებელია, 1917 წლიდან კი უკვე თბილისის სასულიერო სემინარიაში ასწავლის. 

სოსო ირემაშვილი იყო იოსებ ჯუღაშვილის (სტალინის) ბავშვობისა და სიყრმის მეგობარი. ისინი ერთად სწავლობდნენ გორშიც და თბილისშიც. 1903 წლამდე მათი პოლიტიკური შეხედულებებიც თანხვედრაში იყო, რამაც ორივე გააერთიანა სოციალ–დემოკრატიულ პარტიაში. სტალინი მისი მეჯვარეც იყო. შემდგომ იოსებ ირემაშვილი მენშევიკი გახდა და, ბუნებრივია, ჩამოშორდა სტალინს.

1907 წლიდან იოსებ ირემაშვილი „პართენაშვილის“ ფსევდონიმით ქართულ ჟურნალ–გაზეთებში ბეჭდავდა პროზაულ ნაწარმოებებს („წყარო“, „წინ“, „მომავალი“, „ცის ნამი“, „ხომლი“, „ნაპერწკალი“, „ახალი აზრი“, „საქმე“, „ჩვენი გაზეთი“, „ხალხი“). 1911 წელს იოსები იაკობ გოგებაშვილმა საკუთარი ხარჯით, როგორც უნიჭიერესი ახალგაზრდა (თუმცა ამ დროს ოცდაათ წელს გადაცილებული და დაოჯახებულიც იყო), კიევში გააგზავნა სასწავლებლად. მას თან წაუყვანია ცოლ–შვილი და უმცროსი ძმა ვასო. მათ ოჯახში იკრიბებოდნენ ქართველი სტუდენტები, აწყობდნენ სალიტერატურო საღამოებს. აქ დაუახლოვდა იოსები აკაკი წერეთელს, რომელმაც მისი  ვაჟი, გიორგი, მონათლა.

იოსებ ირემაშვილმა კიევის კომერციული ინსტიტუტი დაამთავრა და საქართველოში დაბრუნებისთანავე  აქტიურად ჩაერთო საზოგადოებრივ–პოლიტიკურ ცხოვრებაში.

1918-1921 წლებში იგი იყო: საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი სოციალ–დემოკრატიული პარტიიდან, პარლამენტის დეპუტატი, მინისტრის მოადგილე („ამხანაგი“), დუშეთის მაზრის კომისარი. 

1921 წელს იოსებ ირემაშვილი დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში გამოამწყვდიეს. 1922 წლის შემოდგომაზე კი 62 პოლიტპატიმართან ერთად გერმანიაში გადაასახლეს, სადაც პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. ემიგრაციაში კომერციის ცოდნა გამოადგა, მაღაზია გახსნა და სპარსული ხალიჩებითა და ანტიკვარიატით ვაჭრობდა.  საქართველოში დარჩა ოჯახი, მეუღლე, ალექსანდრა (საშა) ამბრიაშვილი და სამი შვილი.

1932 წელს ბერლინში, გერმანულ ენაზე, გამოვიდა მისი წიგნი "Stalin und die Tragoedie Georgiens" („სტალინი და საქართველოს ტრაგედია”. ეს ნაშრომი დღემდე ითვლება სტალინის ბიოგრაფიის ერთ–ერთ, ყველაზე სანდო წყაროდ.

იოსებ იმედაშვილი გარდაიცვალა 1944 წელს, ბერლინში, საფლავი დაკარგულია.

წყარო:

1. ირემაშვილი, იოსებ. სტალინი და საქართველოს ტრაგედია / თარგმ. მაია ბადრიძის და რუსუდან ზექალაშვილისა. - თბ., 2006; წიგნში აგრეთვე: უცნობი ირემაშვილი: საარქივო მასალა და წერილები. 

2. ირემაშვილი იოსებ (სოსო) // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.110.

3. diaspora.gov.ge/?p=2570

https://ru.wikipedia.org/wiki/Иремашвили,_Иосиф


Share: