The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


დაუდ ფაშა გურჯი (მანველაშვილი)

დაუდ ფაშა გურჯი (მანველაშვილი)
Date of birth:1767
Date of death:1851  (at 84 years)
Burial location:მედინა, საუდის არაბეთი
Category:Political Leader, Military Person

Biography

ერაყის უკანასკნელი მამლუქი გამგებელი (1817-1831 წწ.) დაუდ–ფაშა გურჯი დაახლოებით 1760–იანი წლების ბოლოს ან 1770–იანების დასაწყისში (სავარაუდოდ 1767 ან 1774 წ) დაიბადა. დაუდ ფაშას  მშობლები, გიორგი და მარიამი, ორბელიანების ყმები იყვნენ, რომლებიც თავდაპირველად ქვემო ქართლში ბინადრობდნენ, ხოლო შემდეგ  თბილისში გადმოსახლდნენ. ყმა გლეხების ერთი ადგილიდან მეორეზე გადასვლის შესაფერისად, გვარიც შეეცვალათ – მანველაშვილები ბოჩოლაშვილებად დაეწერნენ.

გიორგისა და მარიამის პატარა ვაჟი, დავითი, ბავშვობაში (ზოგიერთი ცნობით – 5 წლის ასაკში) გაიტაცეს ტყვეებით მოვაჭრეებმა და ოსმალეთში გაყიდეს. ბიჭუნა მოხვდა მასავით ქართველ, ბაღდადის ფაშა სულეიმან ბუიუქთან, რომელმაც ის მამლუქთა სასწავლებელში მიაბარა. სკოლაში დავითი გამორჩეული იყო – სამხედრო ვარჯიშობებისა და წესების დაუფლებასთან ერთად, დიდი მონდომებით სწავლობდა ზოგადსაგანმანათლებლო საგნებს, შესანიშნავად შეითვისა მუსლიმანური კანონმდებლობა, ყურანი, აღმოსავლური ენები და სულ ახალგაზრდამ მოიხვეჭა არაბული, თურქული, სპარსული ენებისა და ღვთისმეტყველების საუკეთესო მცოდნის სახელი.

სასწავლებლის დამთავრების შემდეგ დაუდს სულეიმან ფაშა ბუიუქმა ჯერ თავისუფლება მიანიჭა და ბეჭდის მცველად დანიშნა, ხოლო შემდეგ (დაახლოებით 1801 წელს) 27 წლისას საფაშო ხაზინა ჩააბარა და ცოლადაც თავისი ასული შერთო.

ფაშასთან ნათესაური კავშირი და, ამასთან, მაღალი თანამდებობა დაუდს უფლებას ანიჭებდა ყოფილიყო ტახტის ერთ–ერთი პრეტენდენტი. 1892 წელს, როცა ავადმყოფობით შეპყრობილ სულეიმან ბუიუქს საფაშოს მართვის უნარი საბოლოოდ წაერთვა, დაუდმა სცადა ხელისუფლების სათავეში მოქცევა, მაგრამ სულეიმანმა სიცოცხლეშივე შეკრიბა დივანი და საფაშოს გამგებლად უფროსი სიძე, ტომით აგრეთვე ქართველი, ქაჰია ჰაფიზ–'ალი დანიშნა. ახალ ფაშასთან უთანხმოებაში მყოფმა დაუდმა 1803 წელს მიატოვა საერო სამსახური და სასულიერო სფეროში გადაინაცვლა – აბდ ალ–კადარის მეჩეთში დასახლდა და მასწავლებლობდა მეჩეთთან არსებულ სასწავლებელში, რითაც სახელი კიდევ უფრო გაითქვა.

1807 წელს, ჰაფიზ–‘ალი ფაშას ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ დაუდი დაუბრუნდა საერო სამსახურს და საფაშო ხელისუფლების სხვადასხვა თანამდებობები ეჭირა. კიდევ ერთი ქართველი ფაშის – სულეიმან ქუჩუქის დროს (1807–1810 წწ.) იყო დავთარდარი (ფინანსთა მინისტრის ფარდი თანამდებობა), ხოლო სულეიმან ბუიუქის ვაჟის, სა’იდის მმართველობის ჟამს (1813–1816 წწ.) ჯერ ქაჰიად იყო (ფაშას მოადგილე და მთავარსარდალი), შემდეგ – დავთარდარად.  

სა’იდი ერთადერთი ქართველი იყო, რომელსაც ტახტი მემკვიდრეობით ერგო და არა თავის მიერ გაკვალული გზის შედეგად. მაგრამ მას მამის არც ჭკუა გააჩნდა და არც ნებისყოფა. მთელ დროს გართობასა და ქალებს ანდომებდა და ნაკლებად ზრუნავდა საფაშოს ბედზე. თუმცა თავიდან სიძის, დაუდის ენერგიული მოქმედებების მეოხებით, მან 1813–14 წლებში სძლია მეამბოხე ტომებს (ზუბაიდებს, შამარებს, უგაილებს), საფაშოში მშვიდობა დაამყარა და ამით უნარიანი გამგებლის სახელი მოიხვეჭა.

სა’იდის ხელისუფლების დამხობის მოწადინე მამლუქთა ნაწილმა შუღლი ჩააგდო მასა და ქაჰიას შორის, რათა ამ უკანასკნელის მხარდაჭერის გარეშე ფაშა ვეღარ გაძღოლოდა მმართველობას. დაუდი დაითხოვეს თუ არა,  ქვეყანაში დაიწყო შინააშლილობა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ჯარის ნაწილებში უკმაყოფილების აღმოსაფხვრელად და მებრძოლთათვის გასამრჯელოს მისაცემად სა’იდ ფაშამ დაიწყო ვაჭრებისგან სესხის აღება, ხოლო მის დასაფარავად კი განიზრახა ბაღდადში მოეჭრა სპილენძის ფული, რომელზეც ფარულმა მოქიშპემ მისი სახელი დააწერა, რამაც თურქეთის სულთნის რისხვა გამოიწვია, რადგან ეს ბაღდადის დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის ნიშნად მიიჩნიეს. ამას მოჰყვა სხვადასხვა თანამდებობის პირთა საჩივრებიც და ბოლოს ყველაფერი ომით დამთავრდა. სა’იდის ლაშქარი დამარცხდა და 1817 წლის 22 თებერვალს გამარჯვებული დაუდი შეუდგა საფაშოს მართვას.  

დაუდ ფაშას ტახტზე ასვლის დღიდან დაიწყო უბედნიერესი ხანა ერაყის ისტორიაში. ქვეყანას უნიჭიერესი მმართველი მოევლინა. დაუდმა თავდაპირველად საგარეო საქმეები მოაგვარა: ჯერ ირანს  წაართვა ერაყის მიტაცებული ტერიტორიები, მერე გაურჩებული ქურთისტანი მოარჯულა და შემოიერთა. მოკლე ხანში ინგლისელებს ამოუკვეთა ფეხი ერაყიდან და ბოლოს, ოსმალეთის მძლავრ იმპერიას აგემა მარცხი… დაუდ ფაშა ერაყის განმათავისუფლებლად და აღმაშენებლად შერაცხეს. 

დაუდი ოცნებობდა ოსმალეთისაგან დამოუკიდებელი „ბაბილონის სამეფოს“ შექმნაზე. სამხედრო–პოლიტიკური მანევრებით იგი ყველას ერთნაირად აყენებდა თავისი ძალაუფლების ქვეშ – მას ემორჩილებოდნენ არაბი შეიხებიცა და ქურთი ბეგებიც. არმია გარდაქმნა ევროპულ ყაიდაზე, რისთვისაც ევროპელი სპეციალისტები ჩამოიყვანა. გააძლიერა „ქართული გვარდია“ – ეს შეიარაღებული რაზმი, დღიდან მისი ჩასახვისა (1703– 1705) ყოველთვის იყო ბაღდადის ფაშათა საიმედო საყრდენი ძალა. დაუდის რჩეულ რაზმში ქართველების რაოდენობა სხვადასხვა უცხოელი  ავტორების ცნობებით მერყეობს 800–დან 3000 კაცამდე. ფრეზერის მიხედვით: „ეს ქართველები ჩინებულად ჩაცმულ–შეიარაღებულნი, ძლიერ ვაჟკაცური გამომეტყველებისანი იყვნენ და საუკეთესოდ მორთულ–შეკაზმულ, მშვენიერ ბედაურებზე ისხდნენ“. „ისინი მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო მხედრები იყვნენ“ – წერდა ფრანგი კონსული ფონტანიე. 

შიდა საქმეებშიც უდიდესი გამჭრიახობა გამოიჩინა დაუდმა. სწრაფად და უმტკივნეულოდ გაატარა რეფორმები; შემოიღო სავაჭრო მონოპოლია სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე; ააღორძინა საფეიქრო მრეწველობა; განავითარა მელიორაცია: დაუდ ფაშას სახელობის არხი „დაუდიე“ ჰავრიას წყალს აერთებდა ხარკთან და ქმნიდა ერთიან სარწყავ სისტემას; ერაყში ააშენა პირველი ქაღალდის ფაბრიკა და 1829 წელს გახსნა პირველი სტამბა, რომლის ასაწყობად თბილისიდან მიიწვია განთქმული პოლიგრაფები; ბაღდადში ააგო ყველანაირი კომფორტით აღჭურვილი უდიდესი სავაჭრო ცენტრი, მათ შორის ათეულობით აბანოთი კეთილმოწყობილი; გაიყვანა გზები, ააშენა ხიდები, სასახლეები, მეჩეთებთან გახსნა ბიბლიოთეკები და სკოლები.

დაუდი ცდილობდა, რუსეთ-ოსმალეთის 1828-1829 წლების ომი თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა და ერაყის დამოუკიდებლობა განემტკიცებინა. 1828 წელს, როცა რუსეთი ანატოლიის შიდა რაიონებზე იერიშის მისატანად ემზადებოდა, დაუდმა უარი თქვა თავისი სამხედრო ნაწილების ომში გაგზავნაზე. ხოლო 1830 წელს, როცა სტამბოლიდან შეახსენეს, რომ ბაღდადს თურქეთისათვის რამდენიმე წლის გადასახადი უნდა გადაეხადა, აღარ დააყოვნა და თავისი ადრინდელი ოცნება სინამდვილედ აქცია – ერაყი ოსმალეთისაგან თავისუფალ „ბედნიერ ბაბილოვანის“ სამეფოდ გამოაცხადა, ხოლო თავისი თავი ამ სამეფოს დამოუკიდებელ „ხელმწიფედ“.

თურქეთმა დაუდ ფაშა მეამბოხედ გამოაცხადა და იმავე წელს დაძრა მისკენ ალეპოელი ფაშის, ალი რიზას ლაშქარი. დაუდი მზად იყო ამ ბრძოლისათვის – მას ჰყავდა კარგად გაწვრთნილი მრავალათასიანი ფეხოსნები და კავალერია, საბრძოლოდ იყვნენ განწყობილი ქვეყნის მცხოვრებნიც; მაგრამ ომის ბედი გადაწყვიტა ავმა ბედისწერამ – კატასტროფულმა წყალდიდობამ, მოუსავლიანობამ და ეპიდემიამ ხელი მოუთავა ერაყის ძლიერებას; შავმა ჭირმა თითქმის მთელი არმია გაუნადგურა დაუდს – აღარც საერო პირი და აღარც მეომარი აღარ დარჩა მტრისთვის ღირსეული წინააღმდეგობის გასაწევად. 1830–31 წლების მრავალრიცხოვანი სამხედრო მოქმედებების შედეგად თურქებმა სძლიეს დამოუკიდებლობის მოსურნეებს; დაუდ-ფაშა გურჯი დამარცხდა და 1831 წლის სექტემბერში თურქებს დანებდა. იგი დაატყვევა ისევ ქართული მოდგმის კაცმა – ლაზმა ალი რიზამ, რომელიც თურქულ ჯარს მხედართმთავრობდა. მაგრამ დაუდი არ დაუსჯიათ – იგი ბურსას გაგზავნეს საპატიო გადასახლებაში და პენსიაც დაუნიშნეს.

ეგვიპტელების მიერ ოსმალების დამარცხების შემდეგ, სულთნის ბრძანებით, 1832 წელს, დაუდ ფაშამ მონაწილეობა მიიღო ანატოლიაში შეჭრილ მუჰამედ ალის ლაშქრის წინააღმდეგ ბრძოლაში. 1834 წელს იგი ბოსნიის გამგებლად დაინიშნა. ორი წლის შემდეგ კი სტამბოლში გადაიყვანეს, სადაც ეკავა სხვადასხვა თანამდებობა: 1838-1839 წლებში იყო ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო საბჭოს, დივანის თავმჯდომარე;

1839-1841 წლებში განაგებდა ანკარის ვილაიეთს. 1841 წელს დაუდი სახელმწიფო სამსახურიდან გადადგა. 1846 წელს მედინაში დასახლდა და, პირადი თხოვნით,  მუჰამედ წინასწარმეტყველის აკლდამის ზედამხედველად, „შეიხ ულ-ჰარამად” დაინიშნა. იგი დიდად ზრუნავდა ქალაქის კეთილმოწყობაზე –  მედინის ერთ–ერთ გარეუბანში საკუთარი  ხელით გააშენა მშვენიერი ბაღი, რომელსაც შემდეგ „დაუდიე“ ეწოდა.

დაუდ ფაშა 1851 წელს გარდაიცვალა მედინაში. სიკვდილის წინ დატოვა ანდერძი – მისთვის ძვირფასი ძეგლი არ აეგოთ. დასაფლავებულია ხალიფა ოსმანის საფლავის ახლოს.

დაუდის სახელი ცნობილი იყო  მთელ მსოფლიოში.  ფრანგი ოშე-დუა წერდა: – დაუდ ფაშა, გამორჩეული ხიბლით, ევროპელ ხელმწიფეებს უფრო ჰგავს, ვიდრე აღმოსავლეთის მბრძანებელსო… არაბი მეცნიერი ალ-აზ-ზავი აღნიშნავდა: – დაუდ ფაშა იყო დიდი სახელმწიფო მოღვაწე, ფრიად განსწავლული, დიდი ფილოსოფოსი, კანონმდებელი, განმანათლებელი, რომელმაც ბრწყინვალე რეფორმების წყალობით ერაყი აღმავლობის გზაზე დააყენაო… ისტორიკოსი იზ-ად დინიუსეფი კი ამბობდა: – ის იყო უდიდესი ადამიანთაგანი, რომელიც თანამედროვეთაგან გამოირჩეოდა განსაკუთრებული იდეალებით. მშვიდობის დროს იყო მჭევრმეტყველი და მხიარული, ხოლო ბრძოლაში უმამაცესი. სიკეთესა და თავმდაბლობაში მას ბადალი არ ჰყავდაო… დაუდ ფაშას მოღვაწეობას  ღირსებით აფასებს უნივერსიტეტის პროფესორი, ინგლისელი მეცნიერი ლონგრიგი: – მისი ფილოსოფია უფრო პროგრესული იყო, ვიდრე რომის იმპერატორის, მარკუს ავრელიუსისაო…

ცნობილია დაუდ ფაშას ურთიერთობა საქართველოსთან, კერძოდ, მისი ქართული წერილი დედისადმი, დაწერილი 1821 წელს: “მერმეთ ვითხოვთ თქვენი მოწყალე გულისაგან, რომ ლოცვით ნუ დამივიწყებთ. კაცი ქვეყანაზედ მოვა და ვენახს გააშენებს, რომ ნაყოფი მიიღოს, თქვენ ვენახი გაგიშენებიათ და ნაყოფი არ მიგიღიათ, ვითხოვ თქვენი მოწყალე დედობისაგან, თუ შეგეძლოს, წამოსვლას ნუ დაიზარებთ, თქვენი ძე ბადადის ხელმწიფე “დაუდ-ფაშა”, 1821 წელი”.

დაუდ-ფაშას გამოუგზავნია ბაღდადიდან საგანგებო თანხა დედის, დებისა და ძმების გამოსასყიდად, რადგან ისინი თავად ორბელიანის ყმები ყოფილან. ბოლოს იგი ეცადა მათ გააზნაურებასაც, თუმცა ვერ მოახერხა; გამოსყიდვის საბუთიც შედგა: “1820 წელს, ნოემბრისა დღესა, მე ქვემოთ ხელის მომწერელმა თავადმა ლუარსაბ იოანეს ძემ ორბელიანმა, განვათავისუფლე ჩემი ყმობისაგან ჩემნი სამკვიდრონი ყმანი, აწ აქ ტფილისში მცხოვრებელნი ბოჩოლაანთ გიორგის შვილები ყოველნი, შიო და დიმიტრი, რომელნიც მანველაანთ იხსენებოდით შენის ცოლით ბარბარეთი და შენის ქალებით ნინოთი, ანათი და სალომეთი და დედა შენი მარიამ და შენი ძმა დიმიტრი, რომელიც აწ ბაღდადს იმყოფება. ასე რომ, თქვენ ჩემი გული შეიჯერეთ და დღეის შემდგომ არც მე და არც სხვათა ნათესავთა და ჩამომავლობათა ჩემთა საბატონყმოდ თქვენ შიო და დიმიტრისთან და თქვენ ჩამომავლობასთან საქმე არა გვქონდეს, რომელ თქვენ ამას წინათ არც ვისმეზედ ხართ მისყიდულნი, არც დაგირავებულნი”.

1824 წელს დაუდს საქართველოში გამოუგზავნია თავისი რწმუნებული, რომელსაც დაუდ-ფაშას დედა ბაღდადში უნდა წაეყვანა, მაგრამ დედამ მართმადიდებლურ სამშობლოში დარჩენა ამჯობინა.

ბათუმის ბოტანიკური ბაღის თანამშრომელ მარინა მანელიშვილის ცნობით, დაუდ ფაშას გადატრიალებების დროს ცოლ-შვილი დაეღუპა. სტამბულში გადმოსვლის შემდეგ, ხანდაზმულ ასაკში, მეორედ დაოჯახებულა. ამ ქორწინებიდან მას ჰყავდა ვაჟი, ასლანი. მას მედინაში სწავლისა და ცხოვრების გამო ჰაჯი ასლანი ეწოდებოდა. იგი ამბოხის გამო მოკლეს ახალგაზრდა. რადგან სტამბოლში აღარ დაედგომებოდათ, ჰაჯი ასლანის შვილები (ცოლი მშობიარობას გადაჰყვა) ძიძამ და მეურვეებმა წამოიყვანეს საქართველოში, თან დიდი ქონება წამოიღეს. დასახლდნენ ქობულეთში (მაშინ აჭარა თურქებს ქონდა მიტაცებული) მსგავსგვარიანებთან. იწოდებოდნენ მანელ-ოღლებად (შემდგომში ძიძა გათხოვდა მეზობელ სოფელ, კვირიკეში. ეს ბავშვები ნახევრად იმ ოჯახში გაიზარდნენ და ახლო ურთიერთობა ჰქონდათ ძიძიშვილებთან. ძიძა ეროვნებით თურქი იყო, მისი მეუღლე კი ქართველი, ქობულეთელი). შვილებიდან ერთ-ერთის, ასლან ასლანის ძის პირდაპირი შთამომავალია მარინა მანელიშვილი. რუსეთის მიერ ჩატარებულ  საქართველოს თავადაზნაურობის აღწერილობის ნუსხაში მანელიშვილებში მხოლოდ ასლან ასლანის ძეა შეყვანილი თავად-აზნაურთა სიაში.

წყარო:

1. diaspora.gov.ge/?p=2603

2. https://ka.wikipedia.org/wiki/დაუდ-ფაშა_გურჯი 

3. www.georoyal.ge/?MTID=104&TID=84&id=436

4. საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ. 335


Share: