The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


დარეჯან ბაგრატიონი

დარეჯან ბაგრატიონი
Date of birth:1670
Date of death:1740  (at 70 years)
Burial location:დონის მონსატერი, მოსკოვი
Category:Royalty

Biography

არჩილ II-ეს და მის მეუღლეს - ქეთევანს (თეიმურაზ I-ის შვილიშვილი) 1670 წელს შეეძინათ უფროსი შვილი, დარეჯანი, რომელმაც ბავშვობა თბილისის, თელავისა და სამუხრანბატონოს სასახლეებში გაატარა და საუკეთესო განათლება მიიღო. 1672 წელს დარეჯანი დაწინდეს ლევან დადიანის ვაჟზე, მანუჩარზე. 1680 წელს მანუჩარი გარდაიცვალა, ხოლო დარეჯანი აღარ გათხოვილა.

1685 წლიდან დარეჯანი არჩილ II–სთან ერთად რუსეთის დედაქალაქში ცხოვრობს და სულ მალე მოსკოვის ქართული კოლონიის თვალსაჩინო წარმომადგენელი ხდება. იგი დიდი პატივისცემით სარგებლობდა რუსეთის მეფის კარზე და ამას ქართველთა სასიკეთოდ იყენებდა. ინეტნსიური ურთიერთობა ჰქონდა ვახტანგ VI-თან. ქართლის მეფე მას უგზავნიდა წერილებს, აღუწერდა ქვეყნის მძიმე მდგომარეობას. დარეჯანიც თანამშრომლობდა ვახტანგთან, უთარგმნიდა რუსულ წერილებს. დიდი როლი ითამაშა რუსეთ–საქართველოს 1721-1723 წლების სამხედრო პოლიტიკური კავშირის შექმნაში. მისი სასახლე სოფელ ვსესვიატსკოეში საქართველოდან ჩასულ პირთა სადგომად იქცა, სადაც ძნელბედობის გამო საქართველოდან დევნილი მამულიშვილები იკრიბებოდნენ. იქ გაატარა სიცოცხლის უკანასკნელი დღეები სულხან–საბა ორბელიანმა.

დარეჯან ბაგრატიონს საკუთარი ლიტერატურული მემკვიდრეობა არ დაუტოვებია, მაგრამ მოღწეული საბუთები ამტკიცებენ, რომ ის კულტურულ–მწიგნობრული საქმიანობით იყო დაინტერესებული, სხვათა მუშაობას თვალს ადევნებდა და მფარველობდა. ჩვენემდე მოღწეულია ზოგი წიგნი, რომლის დაწერა თუ გადაწერა დარეჯანის სახელს უკავშირდება. მაგალითად დარეჯანის კარის წინამძღვარს იოსებს მისი ბრძანებით გადაუწერია საგალობლების კრებული. 1738 წელს დარეჯანის ბრძანებით მოლარეთუხუცესს გაბრიელ ჩხეიძეს უთარგმნია სასულიერო–საეკლესიო შინაარსის კრებული.

დარეჯანის სასახლეში  ქართული სტამბა გამართა და  ჯეროვნად ეხმარებოდა. 1739 წელს ამ სტამბაში დაიბეჭდა თეოფანე პროკოპოვიჩის (1681-1736) „პირველ სასწავლო ყრმათა“.  წიგნის ბოლოსიტყვაობაში წერია: „პირველ ესე სასწავლო ყრმათათვის, რუსულისაგან ქართულად გადმოითარგმნა ბატონის შჳლის დარეჯანას მოლარეთუხუცესის ჩხეიძის გაბრიელისაგან, და ქართულს ენზაე გასწორდა არქიმანდრიტის გერმანესაგან, და დაიბეჭდა სამეუფოსა ქალაქსა მოსკოვს მის დიდებულის ბატონის შჳლის დარეჯანას სასახლეში მის  პალატის ყრმათა შეწევნითა და ჴელის მომართვითა.“ აღნიშნულ წიგნში დასმულია რუსული პედაგოგიური აზროვნებისათვის დამახასიათებელი საპოლემიკო საკითხები, რომელსაც როგორც ჩანს დარეჯან ბატონიშვილი იზიარებდა და სურდა ქართველთა შორისაც დაენერგა.

ბატონიშვილ ალექსანდრე არჩილის ძის გარდაცვალების შემდეგ (1711 წ.)  დარეჯანთან ახლო ურთიერთობა ჰონდა პეტრე I-ს.  1721 წელს სწორედ დარეჯანის სასახლიდან დაიწყო რუსეთის იმპერატორმა შვედეთთან დაზავების გამო მოწყობილი ზეიმი.  1712 წელს არჩილ მეფემ (ვინადიდან სამივე ვაჟი გარდაცვლილი ჰყავდა) ბრძანებით მიაღწია იმას, რომ მისი მემკვიდრე მისვიე ასეული, დარეჯანი ყოფილიყო.

1733-36 წლებში დარეჯანმა ვსესვიატსკოეში დიდი, ახალი ტაძარი ააგებინა, რომელიც ქართველ ოსტატებს მოახატინა. იქვე გაკეთდა ქართული წარწერები. დარეჯანის სახელი აღბეჭდილია საკურთხეველში, კედელზე მიკრულ სტელაზე. 1802 წლამდე ღვთისმსახურება იქ ქართულ ენაზე სრულდებოდა.

დარეჯანი 1740 წელს გარდაიცვალა, დაკრძალულია დონის მონასტერში.

წყარო:

1. ქაფიაშვილი, იზოლდა. დარეჯან ბაგრატიონი // ძველი ქართველი მწიგნობარი ქალები / იზოლდა ქაფიაშვილი. - თბილისი, 1994. - გვ. 100-102.

2. ბაგრატიონი დარეჯან // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.33-34.

3. ჭუმბურიძე, დოდო. დარეჯან არჩილის ასული // ისტორიული პორტრეტები : წერილები / დ. ჭუმბურიძე; რედ.: ო. ჯანელიძე. - თბ., 2012. - გვ.452.


Share: