The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


რომან ბაგრატიონი

რომან ბაგრატიონი
Other name:რევაზ
Date of birth:October, 1778
Date of death:2 March, 1834  (at 55 years)
Burial location:მამადავითის სახელობის ეკლესია, მთაწმინდა, თბილისი
Category:Military Person

Biography

რუსეთის არმიის გენერალი. მხედართმთავარ პეტრე ბაგრატიონის უმცროსი ძმა, თავადი რომან (რევაზ) ბაგრატიონი დაიბადა 1778 წელს, დაღესტანში, ქალაქ ყიზლარში. შვილების სამხედრო კარიერა თავიდანვე განსაზღვრა მამამ – ივანე ალექსანდრეს ძე ბაგრატიონმა, რუსეთის არმიის პოლკოვნიკმა.

რომან ბაგრატიონი 1796 წლიდან ჩადგა სამხედრო სამსახურში. თავიდან გრაფ ზუბოვის კადეტი იყო. მონაწილეობდა დერბენტის (დარუბანდის) აღებაში. 1802 წლიდან ჰუსართა პოლკის პორუჩიკია. იბრძოდა ფრანგებთან – 1805, 1807 და 1809–10 წლებში.

1806 წელს იგი უფროსი ძმის დავალებით სამშობლოში ჩამოვიდა აქაური ვითარების შესასწავლად და თავადაზნაურობის პოზიციის გასარკვევად. რუსეთთან საქართველოს შეერთებით უკმაყოფილო თავადებმა თავიანთი სურვილები თხოვნის სახით ჩამოაყალიბეს და პეტრე ბაგრატიონისთვის გადასაცემად ჩააბარეს. ამან შეაშფოთა საქართველოს რუსეთის მმართველობა და მთავარმართებლის მოთხოვნით რომან ბაგრატიონი სასწრაფოდ რუსეთს გაიწვიეს.

1809-10 წლებში რომან ბაგრატიონმა ბესარაბიაში ოსმალებთან ბრძოლებში გამოიჩინა თავი, რისთვისაც დაჯილდოვდა წმ. გიორგის IV ხარისხის ორდენით. ხელმძღვანელობდა ქართველ ცხენოსანთა ნაწილებსა და არტილერიას. 1810 წელს პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა. მონაწილეობდა 1812 წლის სამამულო ომში და 1813-14 წლების ევროპულ ლაშქრობებში. ბრესტ–კობრინის მისადგომებთან ბრძოლებში წარმატებისთვის დაჯილდოვდა წმ. ვლადიმერის III ხარისხის ორდენით. 1813 წლის 21 მაისს, ბაუცენთან ბრძოლაში გამოჩენილი გმირობისთვის  გენერალ-მაიორის ჩინი მიიღო. წმ. ანას I ხარისხის ორდენი დაიმსახურა დრეზდენის ალყის დროს, ჰამბურგისთვის ბრძოლაში გამოვლენილი თავგანწირვისთვის კი, 1814 წლის 13 იანვარს, წმ. გიორგის III ხარისხის ორდენი მოიპოვა. 1817 წელს დაინიშნა მეორე ჰუსართა დივიზიის მეორე ბრიგადის მეთაურად.    

1827 წელს, რუსეთ-სპარსეთის ომის დროს, რომან ბაგრატიონი პირველი შეიჭრა ერევანში და გამოჩენილი სიმამაცისთვის დაიმსახურა წმ. ანას I ხარისხის  ორდენი ალმასებით. 1829 წლის 25 ივნისს (რუსეთ–თურქეთის ომი) კი გენერალ-ლეიტენანტის წოდება მიიღო. მიღებული აქვს, აგრეთვე, წმ. იოანე იერუსალიმელის ორდენი, პრუსიის ღირსების ორდენი (Pour le Mérite) და ოქროს ხმალი „სიმამაცისთვის“ სპარსეთის წინააღმდეგ გმირული ბრძოლისთვის.
XIX საუკუნის 20-იან წლებში რომან ბაგრატიონი კავკასიის არმიაში მსახურობდა და ირან-თურქეთის წინააღმდეგ ბრძოლებში მონაწილეობდა. იგი თბილისში დასახლდა. მისი სახლი გადაიქცა სალონად, სადაც იკრიბებოდა თბილისის მოწინავე საზოგადოება. 1832 წელს აქ დაიდგა ა. გრიბოედოვის კომედია „ვაი ჭკუისაგან“. იმავე წელს აფხაზეთში მალარიით დაავადდა. გარდაიცვალა 1834 წლის მარტში, თბილისში. დაკრძალულია მთაწმინდის მამადავითის სახელობის ეკლესიაში.

რომან ბაგრატიონის მეუღლე იყო – ანა სიმონის ასული ივანოვა (1799–1875).  შვილები: ანა, ელისაბედ, პეტრე, ივანე, ალექსანდრა. მათ შორის ყველაზე ცნობილია პეტრე ბაგრატიონი, რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი, ტვერისა და ოსტზეის მხარის (ბალტიისპირეთი)  გენერალ-გუბერნატორი, ფიზიკოსი, მეტალურგი, ინჟინერ-გამომგონებელი.

წყარო:

1. საქართველო: ენციკლოპედია: ტ. I.–თბ., 1997.– გვ.320.

2. https://ka.wikipedia.org/wiki/რომან_ბაგრატიონი 

3. diaspora.gov.ge/?p=2400

4. https://ru.wikipedia.org/.../Багратион,_Роман_Иванови...


Share: