The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


მანანა ჩიქოვანი

მანანა ჩიქოვანი
Date of birth:196?
Category:Musician

Biography

მანანა ჩიქოვანი დაიბადა თბილისში, მხატვრისა და მომღერლის ოჯახში. მამა – შალვა ჩიქოვანი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1985), ღირსების ორდენის კავალერი – 50 წლის მანძილზე მოღვაწეობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში. დედა – ვენერა ჩიქოვანი ამავე თეატრის ერთ–ერთი წამყვანი მომღერალი (მეცო–სოპრანო) იყო და მრავალ სპექტაკლში მონაწილეობდა.

მანანა და მისი და, ლიანა ვერაზე გაიზარდნენ. სამი წლის ასაკიდან უმეტეს დროს ოპერაში ატარებდნენ და ამან განაპირობა მათი პროფესიის არჩევაც. თუმცა ბავშვობაში მანანა ჯერ ბალერინობაზე, შემდეგ მსახიობობაზე და რეჟისორობაზე ოცნებობდა, მაგრამ მუსიკის სიყვარულმა გადაძლია და მუსიკალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ კონსერვატორიაც დაამთავრა. დიპლომში აღნიშნულია, რომ მას მიენიჭა საკონცერტო პიანისტის, პედაგოგისა და კონცერტმაისტერის წოდება. ლიანა ჩიქოვანი კი ოთხსიმიან ხემიან საკრავს – ალტს დაეუფლა და ალტისტი გახდა. დღეს თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობს და მოღვაწეობს პარიზში.

მანანა ჩიქოვანის მომავალი განსაზღვრა მისმა შეხვედრამ ლადო ათანელთან, დღეს სახელგანთქმულ მომღერალთან. ერთმანეთი კონსერვატორიაში გაიცნეს. მანანა თავიდანვე მოიხიბლა ლადოს ხმითა და პიროვნული თვისებებით. იგი ჯერ მისი კონცერტმაისტერი, მალე კი მეუღლეც გახდა. საოპერო პარტიების მომზადებისას კონსულტაციას მაესტრო ნოდარ ანდღულაძე უწევდათ. სწორედ ბატონ ნოდარს სთხოვეს მეჯვარეობა და 1993 წლის 27 ნოემბერს მისივე ბინაში აღნიშნეს შეუღლება პატარა ქორწილით.

დაქორწინების შემდეგ მანანა ჩიქოვანმა პიანისტის კარიერა გვერდზე გადადო და მთელი ცხოვრება მეუღლეს მიუძღვნა. მომღერლის შემოქმედებით წარმატებაში მას ლომის წილი მიუძღვის. მანანამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ლადოს შემოქმედების პირველი ეტაპის მონაპოვარი განვითარებულიყო და იმ ფენომენად ჩამოყალიბებულიყო ვოკალური ხელოვნების ისტორიაში, რომელიც დღეს ლადო ათანელის სახელითაა ცნობილი.

1990–იან წლებში საქართველოში იყო უმძიმესი პირობები – უშუქობა, გაყინული დარბაზები, დახურული თეატრები. ლადო დაუღალავად იღვწოდა ხმის დახვეწისა და  შემდგომი დაოსტატებისთვის, მაგრამ გრძნობდა, რომ მის შემოქმედებით წინსვლას დიდი საფრთხე ემუქრებოდა. ერთადერთი გამოსავალი საზღვარგარეთ წასვლა იყო და 1993 წელს მანანამ და ლადომ გერმანიას მიაშურეს. თუმცა ცოლ–ქმარს თავდაპირველად არც გერმანიაში ჰქონდათ დალხენილი ცხოვრება. მატერიალურად უჭირდათ, ხუთი წელი ელოდნენ მოქალაქეობის მიღებას, მაგრამ ფარ–ხმალს არ ყრიდნენ, საერთო ძალისხმევით არჩევდნენ და აანალიზებდნენ ამა თუ იმ ოპერისა თუ საკონცერტო პროგრამის არსს, მუსიკალურ-საშემსრულებლო ნიუანსებს და შედეგმაც არ დააყოვნა. დაუღალავი ტიტანური შრომის შედეგად მათ ერთობლივად მოამზადეს 40-ზე მეტი საოპერო პარტია. 

კორესპონდენტის კითხვაზე „რა როლი აქვს მანანას მის ცხოვრებაში, ლადო ათანელი პასუხობს: „ - ვერ ვიტყვი, რა როლი აქვს, რადგან ის ჩემთვის ყველაფერია, ღმერთისგან ნაბოძები შეუფასებელი საჩუქარია, რომელზე ლაპარაკისას სიტყვები არ მეყოფა. ღმერთს შევთხოვე, რომ მინდოდა, პირველი პრემიის ლაურეატი სამჯერ გავმხდარიყავი. მან მისმინა და ჩემს მანანასთან ერთად, გავხდით სამჯერ პირველი პრემიის ლაურეატი“.

პირველი გრან–პრი მათ მოიპოვეს 1991 წლის 23 ნოემბერს  ფრანცისკო ვინიასის სახელობის ვოკალისტთა საერთაშორისო ფესტივალზე (ბარსელონა). 1996 წელს კი გაიმარჯვეს ვოკალისტთა ორ მნიშვნელოვან საერთაშორისო კონკურსში – ბელვედერის „I Cestelli“(ვენა, ავსტრია) და ი. ჩესტელის №1 კონკურსი, სახელწოდებით „მომავალი საოპერო  ვარსკვლავი“ (კიოლნი, გერმანია). ამის შემდეგ ლადო ათანელის წინაშე ფართოდ გაიღო მსოფლიოს საუკეთესო საოპერო თეატრების კარები: ნიუ–იორკი, ლონდონი, პარიზი, ბერლინი, ვენა, მილანი, ციურიხი, ჟენევა, მიუნხენი, ვაშინგტონი, ტოკიო. იგი გვევლინება: ვერდის, პუჩინის, ჯორდანოს, ლეონკავალოს, მასკანის, მასნეს ოპერების საუკეთესო შემსრულებლად.
მანანა ჩიქოვანი არ დასჯერდა მხოლოდ ოჯახურ და შემოქმედებით ურთიერთობას. იგი გახდა ლადო ათანელის ბიოგრაფი და არქივარიუსი. მანანა ლადოს ყოველ საკონცერტო თუ საოპერო სპექტაკლს ხან ფოტოაპარატითა და ხან ვიდეოთი აფიქსირებს ნებისმიერ ქვეყანაში გამოსვლისას. თუმცა გადაღება არ შეიძლება, მაგრამ იგი ისე დაოსტატდა, რომ ლა-სკალაშიც კი ახერხებს ჩაწერას. გარდა ამისა აგროვებს მისი შემოქმედებისადმი მიძღვნილ სტატიებს. მისივე დამსახურებით 2013 წელს გამოიცა წიგნი „ლადო ათანელი: მოგონებები ნოველებად“. მანანამ მოიფიქრა ლადოს ბიოგრაფიის გადმოცემის მეტად ორიგინალური ხერხი. მომღერლის ბავშვობის ცალკეული ეპიზოდები, ცხოვრებისეული დეტალები და მისი კოლეგების მოგონებები ნოველების სახითაა გადმოცემული. ჩანაფიქრს ჩვეული ოსტატობით შეასხა ხორცი მწერალმა გივი სიხარულიძემ. წიგნში მომღერალი წარმოჩინდება, როგორც თავის ქვეყანაზე უსაზღვროდ შეყვარებული კაცი, დიდი პატრიოტი, იუმორით აღსავსე, სხარტი გონებისა და მოყვასის სიყვარულით გულგამთბარი ადამიანი.

უკანასკნელ წლებში ლადო ათანელი ხშირად ჩამოდის საქართველოში, მონაწილეობს საქველმოქმედო და საიუბილეო კონცერტებში. მანანასთან ერთად 2009 წელს მან ქ. თბილისში დააარსა საქველმოქმედო ფონდი „თანადგომა“, რომლის მიზანია ფინანსურად დაეხმაროს ღვაწლმოსილ მომღერლებს,  საოპერო თეატრის წამყვან მსახიობებს. ასევე, 2010 წლიდან ტარდება ლადო ათანელის სახელობის ვოკალისტთა კონკურსი ახალგაზრდა ნიჭიერი ვოკალისტების (35 წლის ასაკამდე) გამოსავლენად და საერთაშორისო სარბიელზე მათ გასაყვანად. ლადოსა და მანანასთან ერთად ცნობილი პედაგოგებისა და პროფესორებისგან შემდგარმა ჟიურიმ უკვე რამდენჯერმე დაასახელა გამარჯვებულები და მიაკუთვნა მათ ლადო ათანელის სახელობის სტიპენდია. კონკურსის ლაურეატები – ირაკლი კახიძე, ინგა ჯახუტაშვილი, სულხან ჯაიანი, სალომე ჯიქია, მიხეილ ქირია, მარიკა მაჩიტიძე და სხვები უკვე წარმატებით მოღვაწეობენ ევროპის წამყვანი ოპერების სცენებზე.

წყარო:

1. სიხარულიძე, გივი. ლადო ათანელი : მოგონებები ნოველებად / [იდეისა და პროექტის ავტ., რედ. მანანა ჩიქოვანი-ათანელი]. - [თბ., 2013].

2. www.iberiatv.ge/en/.../559-მეორე-ნახევარი-ლადო-ათანელი-და-მანანა-ჩიქოვან...

3. radio1.ge/ge/videos/view/139424.html 

4. მიქანაძე, ქეთი. ლადო ათანელის სამყარო: ბავშვობა; სიმღერა?!; პირველი წარმატების გემო; ლა სკალა-მეტროპოლიტენი; მეუღლე; საქართველო; ბედნიერება // ბომონდი. - თბილისი, 2009. - სექტემბერი-ოქტომბერი. - N6(20). - გვ.28-34

 


Share: