შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
მარიამ ბიბილური![]()
ბიოგრაფიაMariami - სწორედ ამ სახელით მოღვაწეობს ქართველი მომღერალი, მარიამ ბიბილური, ამერიკაში. დაიბადა 1988 წელს, თბილისში. მისი ბაბუა, შოთა ბიბილური, სუხიშვილების ანსამბლის პირველი მუსიკალური ხელმძღვანელი იყო და 60-იანი წლებიდან 80-იან წლებამდე ანსამბლში მოღვაწეობდა. მოგვიანებით, ამერიკაში გამგზავრებამდე, რეზო ჭეიშვილის ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლში ასწავლიდა. შესაბამისად, მარიამი პატარა ასაკიდან მიეჩვია ქართულ საკრავებთან ურთიერთობას და ხალხურმა სიმღერამაც სწორედ ამ ასაკიდან მოახდინა გავლენა მის შემოქმედებაზე. მარიამის დედაც მუსიკალური სკოლის პედაგოგი იყო. 2007 წელს, 19 წლის ასაკში, მარიამ ბიბილური პირველად ჩამოვიდა სამშობლოში და თავიდან აღმოაჩინა საქართველო. როგორც თავად ამბობს, – „იქ თითქოს გაიხსნა ჩემი სული, რაღაც მოხდა ჩემში. ერთი წლის შემდეგ ამერიკაში დავბრუნდი, ჩავწერე ჩემი პირველი ალბომი და ავიღე „ბერკლის“ დიპლომი სიმღერების წერის განხრით. ამის მერე გამოვუშვი სიდი და ნიუ-იორკში დავიწყე ჩემი კარიერა”. ბერკლის მუსიკალურ კოლეჯში მიღებულმა განათლებამ და საქართველოში მოგზაურობამ მარიამს მისცა შესაძლებლობა, რომ საკუთარი მსმენელისათვის შეეთავაზებინა სრულიად განსხვავებული სტილი, რომელიც ჯაზის სოულისა და ფოლკლორის ნაზავია. ფოლკლორული ელემენტები მის მუსიკას განსაკუთრებულ ელფერს აძლევს. მუსიკოსის საყვარელი ინსტრუმენტი ფანდური და ფანდურზე შესრულებული სიმღერებია. მუსიკათმცოდნეების აზრით, მისი სიმღერები – „ეს არის ქართული ფოლკლორული მუსიკის ამერიკული არანჟირება და სინთეზი რიტმ-ენდ-ბლუზის, რეგის და ჯაზის ელემენტებით“. მარიამ ბიბილურმა უკვე ორი ალბომი ჩაწერა და დღეს მას გულშემატკივრების მთელი არმია ჰყავს. პირველი ალბომისგან განსხვავებით, რომელიც ძირითადად ეთნო-ჯაზ სტილშია ჩაწერილი, მისი ბოლო ნამუშევარი – Gates –შედარებით თანამედროვე მუსიკალური გემოვნების მსმენელზეა გათვლილი და R&B-ის ელემენტებს შეიცავს. მომღერლის აზრით აქ შესული სიმღერები ქართული ფოლკლორისა და თანამედროვე მუსიკის ერთგვარი მაკავშირებელია. ამ ალბომში ორი ქართული სახელწოდების სიმღერაცაა – „ნანინა“ და „ისევ“. მარიამი ამბობს, რომ სურს მისი შემოქმედება კომერციული თვალსაზრისითაც მოთხოვნადი იყოს და გარდა „ანდერგრაუნდისა“ ნებისმიერი მუსიკალური გემოვნების ადამიანსაც გგვრიდეს სიამოვნებას. იგი 2012 წლის ნიუ-იორკის კონკურსის ფინალისტი და პრიზიორია. ამერიკული პრესა მას აღიარებს ეთნო-ჯაზის უნიკალურ ავტორ-შემსრულებლად, რომელიც მუსიკის საზღვრებს მუდმივად აფართოებს. „არ აქვს მნიშვნელობა, საქართველოში ვარ, ნიუ-იორკში, ბრაზილიასა თუ იაპონიაში, ყოველთვის ვცდილობ, რომ ქართული იდენტობა წარმოვაჩინო ჩემს მუსიკალურ შემოქმედებაში. მე იგივე მარიამი ვარ საქართველოში, რაც სხვაგან, ნებისმიერ ქვეყანაში, ჩემს მეგობრებთანაც კი. ყოველთვის ვცდილობ, რომ ჩემს მუსიკას, საქართველოს ისტორია და ქართული ფოლკლორის ელემენტები დავუკავშირო. იმედი მაქვს, ჩემი შემოქმედება მომავალში უფრო გლობალური გახდება, რადგან მიმაჩნია, რომ ქართული ფოლკლორი ძალიან დიდ სიძლიერეს, სიმდიდრესა და უდიდეს დატვირთვას ატარებს. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ქართულ მუსიკას შეუძლია მსოფლიო განკურნოს. ეს ის არის, რაც ამჟამინდელ საზოგადოებას სჭირდება, მას შეუძლია ადამიანები დამუხტოს და შთაგონება შემატოს“, – აღნიშნავს მუსიკოსი. 2015 წლის სექტემბერში მარიამ ბიბილური კვლავ ეწვია სამშობლოს. მან მიზნად დაისახა საკუთარი შემოქმედება გაეცნო ქართველი მსმენელისთვის და გადაეღო ფილმი, რომელსაც იგი ამერიკაში საქართველოს პრომოუშენისთვის გამოიყენებდა. „მე ამერიკაში მიცნობენ, როგორც ქართველ მომღერალს. ჩემს სიმღერებს გასდევს ქართული ფოლკლორის ჟღერადობა და თითოეულ ჩემს სიმღერაში ჩანს ქართული კულტურა, რომელიც ძალიან მოსწონს ამერიკელ მსმენელს. დიდი სურვილი მაქვს, ქართველებმაც გაიცნონ ჩემი ამერიკული მუსიკის ჟღერადობა და ჩემი რეპერტუარი“, - განაცხადა მარიამმა. მომღერლისა და მისი გიტარისტის, ჯასტინ მატეუსის საკონცერტო ტურნე ბათუმის საერთაშორისო ფილმების ფესტივალის (BIAFF) ფარგლებში გამართული კონცერტით დაიწყო, ქუთაისში გაგრძელდა და თბილისში დასრულდა. მუსიკოსებმა რამდენიმე მასტერკლასიც ჩაატარეს ბავშვებისთვის. მარიამ ბიბილურის სიმღერები ამერიკულ რადიო-სადგურებში უკვე დიდი ხანია ტრიალებს. 2016 წლის იანვარში მან პირველად გამართა სოლო-კონცერტი პრესტიჟულ ბრუკლინის მუსიკის აკადემიაში თავის ხუთ-კაციან ბენდთან ერთად. “მოიყვანეთ მეგობრები, დასწრება უფასოა, არ შეგეშინდეთ ქარბუქის, და თუ წასასვლელი არ გაქვთ, შემდეგ ყველას ჩემს სახლში დაგტოვებთ”- ასე მიმართავდა ფეისბუქით მარიამი კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე მისი მუსიკის ნაცნობ თუ უცნობ თაყვანისმცემლებს. წყარო: www.info9.ge/.../128465-amerikashi-micnoben-rogorc-qarthvel-momgherals-thbiliss-...
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |