The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


კოკა ნიკოლაძე

კოკა ნიკოლაძე
Date of birth:30 September, 1989  (34 years)
Category:Musician

Biography

ნორვეგიაში მოღვაწე მევიოლინე, კომპოზიტორი და საუნდ არტისტი კოკა ნიკოლაძე 1989 წლის 30 სექტემბერს დაიბადა თბილისში. როგორც თავად ამბობს, მუსიკალურ სფეროში დედამ „ჩაითრია”, რომელიც თავადაც მუსიკოსია. მის ძმებს,  ნიკოლაძეებს, „ნიკოლშოუდან“ ყველა იცნობს. მამა, ვარლამ (ლალი) ნიკოლაძე, თეატრის რეჟისორია.

კოკამ ნიჭიერთა ათწლედი დაამთავრა. 2006-2010 წლებში თბილისის კონსერვატორიაში სწავლობდა – ვიოლინოს სპეციალობით ერნსტ არაქელოვის, კომპოზიციას კი პროფესორ ზურაბ ნადარეიშვილის ხელმძღვანელობით. კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ, 2010 წლიდან იყო პროფესორ მარკო სტროპას სტუდენტი შტუდგარტის (გერმანია) მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი ლექტორები კომპოზიციის დარგში იყვნენ კასპარ იოჰანეს ვალტერი (Caspar Johannes Walter), გია ყანჩელი და იოსებ ბარდანაშვილი. ესწრებოდა ლუის კაპლანის (Lewis Kaplan), ჟერარ პულეს (Gerard Poulet), მარინე იაშვილის ლექციებს ვიოლინოს სპეციალობაში. იგი იყო ვლადიმერ სპივაკოვის ფონდის, ლევ მარკიზის ფონდისა და როტარი კლუბის სტიპენდიანტი. როგორც ინსტრუმენტალისტი მოღვაწეობდა როგორც სოლო და კამერულ, ასევე ორკესტრის მუსიკოსად, ევროპასა და ამერიკაში.

კოკა ნიკოლაძის საზღვარგარეთ წასვლა განაპირობა მისმა დაინტერესებამ თანამედროვე მუსიკით. საქართველოში ამ ჟანრში მუშაობისა და თვითრეალიზაციის პირობები არ იყო. უცხოეთში ხელოვნების ამ სფეროში შედარებით მარტივია ფეხის მოკიდება. 2012 წლიდან კოკა ოსლოს მუსიკის აკადემიის კომპოზიციისა და მუსიკის ტექნოლოგიის ფაკულტეტის დოქტორანტურის სტუდენტია, იკვლევს ელექტრონულ მუსიკასთან დაკავშირებულ სივრცეს. მისი ნამუშევრები მოიცავს ელექტრონულ, ელექტრო აკუსტიკურ , ვოკალურ მუსიკას და კამერულ ოპერებს. ასევე, აქტიურ კვლევებს კომპიუტერისა და ადამიანის ინტერაქციის სფეროში, კომპიუტერულ პროგრამებს ბგერის რეალურ დროში პროცესირებისათვის და კომპიუტერზე დაფუძნებულ კომპოზიციაში.

შექმნილი აქვს ელექტრო აკუსტიკური მუსიკალური ნაწარმოებები სხვადასხვა ანსამბლებისთვის. მის საორკესტრო და კამერულ ნაშრომებს შორისაა „Starshine“ – პრეპარირებული გიტარის, ვიოლინოსა და დასარტყამი ინსტრუმენტისთვის (2010), „Poezdeplacement – Differentzeitmaßcope“ უნივერსალური კლავესინის, ვიოლინოსა და ჩელოსთვის (2011, შესრულდა საერთაშორისო კონგრესზე „მიკროტონალობები – პრაქტიკა და უტოპია“ შტუდგარტში), „Luminarium“ პიანინოს, ვიოლინოსა და კლარნეტისთვის და „Kepler Star Dj“ პიანინოს, ლიტავრებისა და ელექტრონიკისთვის (2012), ოპერა „კანონის წინაშე“ (2012, “Vor dem Gesetz“), ფრანც კაფკას მიხედვით, რომელიც, ასევე, დაიდგა შტუდგარტში. დაწერილი აქვს მეორე ოპერაც, რომელიც კამერული ხასიათისაა.

2010 წლიდან კოკა ნიკოლაძე, ძირითადად, საორკესტრო და კამერულ მუსიკას ქმნის. მისი სოლო და კამერული მუსიკის კონცერტები ჩატარებულა საქართველოში, რუსეთში, გერმანიაში, შვეიცარიაში. პოლონეთსა  და ამერიკის შეერთებულ შტატებში. გარდა ამისა, ის უნიკალური ადამიანია იმით, რომ ქმნის ახალ, უჩვეულო მუსიკალურ საკრავებს. როგორც თავად ამბობს, არასდროს ჰქონია  გამომგონებლობის, ინსტრუმენტების შექმნის ამბიცია. მაგრამ როდესაც საკუთარი ნაწარმოებისთვის ვერ ახერხებს საჭირო ჟღერადობის პოვნას არსებული ინსტრუმენტებით, მაშინ  იძულებულია ექსპერიმენტებს მიმართოს: „ყველა ჩემი ინსტრუმენტი არის საკმაოდ არასტანდარტული. მე, უბრალოდ, ჩემთვის საჭირო რაღაცეებს ვაკეთებ – იმას, რასაც ვერ ვშოულობ, რომ ვიყიდო. თბილისის კონსერვატორიაში სწავლისას ვაკეთებდი სხვადასხვა ჟღერადობებს, მერე გადავედი ფიზიკურ ინსტრუმენტებზე. როდესაც რაღაც ინსტრუმენტის შექმნას ვგეგმავ, ჩემი წესია, რომ აუცილებლად უნდა იყოს ისეთი, რომელიც არ არსებობს, უნდა გამოიყურებოდეს განსხვავებულად. ამისთვის ვაკეთებ მუსიკალურ ყუთებს, რომლებსაც „რიტმის მანქანას“ ეძახიან“.

პირველ მუსიკალურ ყუთს კოკამ „koka’s beat machine“ უწოდა. მუშაობს კიდევ ორ ყუთზე, რომელთაგან ერთი სრულიად აკუსტიკური იქნება, გაკეთებული მხოლოდ ხისგან და იმღერებს ადამიანის ხმით. ხოლო მესამე ყუთი – გადაიჭიმება რამდენიმე კვადრატულ მეტრზე და ხალხს შეეძლება ქართან ერთად დუეტში მუზიცირება.

მუსიკოსის ინსტრუმენტები საყოველთაო ინტერესს იწვევს. იგი ბევრს მოგზაურობს, მსმენელს საკუთარი ხელით შექმნილ ინსტრუმენტებს აცნობს, ასევე, ახდენს სხვადასხვა ტექნოლოგიების რეალურ დემონსტრირებას, აწყობს ვორკშოპებს, მის კონცერტებში პუბლიკა მუდმივად ჩართულია. მომავალში აპირებს კომპანიის ჩამოყალიბებას სკანდინავიაში, ოსლოში და საკუთარი ინსტრუმენტების წარმოებას კომპანიებისა და მუსიკოსებისთვის.

კოკა ნიკოლაძეს მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, მათ შორის, სარდის თეატრალურ ფესტივალზე – საუკეთესო თეატრალური კომპოზიტორისთვის (2010, თბილისი).

ჰყავს მეუღლე, მარიამი, რომელიც მევიოლინეა და მუშაობს ოსლოს ფოლკლორულ ორკესტრში.

წყარო:

1. www.city.kvira.ge/2016/12/16/ნორვეგიაში-მოღვაწე-კოკა/

2. https://rebraindrain.wordpress.com/კოკა-ნიკოლაძე-ბიოგრაფია/ 

3. tbiliselebi.ge/?mas_id=268447599&year=2016&jurn_id=18&rubr_id...

 

 


Share: