The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ალისულთან ბოლქვაძე

ალისულთან ბოლქვაძე
Date of birth:1896
Date of death:1979  (at 83 years)
Burial location:სტამბოლი, თურქეთი
Category:Political Leader

Biography

1929 წლის ზემო აჭარის გლეხთა აჯანყების მეთაური ალისულთან ბოლქვაძე დაიბადა 1896 წელს ხულოს რაიონის, სოფელ კორტოხში, ეკონომიკურად შეძლებული სასულიერო პირის ოჯახში. მამას – აქიფ ბოლქვაძეს, სასულიერო და იურიდიული განათლება არაბეთში, ქ. მექაში ჰქონდა მიღებული. ალისულთანმა ბავშვობა ბათუმსა და ქობულეთში, ბობოყვათში გაატარა. 1914 წელს ბათუმის გიმნაზია დაამთავრა. იყო აქტიური კომკავშირელი, მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე . 1921 წელს სრულიად ახალგაზრდამ დიდი დახმარება გაუწია წითელარმიელთა რაზმებს, რომელთაც დიდთოვლობისას გადმოლახეს გოდერძის უღელტეხილი.  სჯეროდა, რომ ეს იყო მთავარი ძალა, რომელიც შეძლებდა აჭარაში თურქთა რაზმების შემოჭრის შეჩერებას და აღკვეთდა თურქ აგიტატორთა თარეშს. ამ თანადგომისთვის წითელი არმიის სარდლობას დაუჯილდოებია კიდეც.

1924 წელს ალისულთან ბოლქვაძე ბოლშევიკური პარტიის რიგებში მიიღეს, თუმცა  იმედები მალევე გაუცრუვდა. არაერთხელ გამოუთქვამს უკმაყოფილება იმ უსამართლობის გამო, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლები იჩენდნენ ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ. 1927 წელს იგი კომუნისტური პარტიის რიგებიდან გარიცხეს, რადგანაც ეჭვი ჰქონდათ, რომ ურთიერთობა ჰქონდა აჭარაში ჯერ კიდევ არსებულ მენშევიკურ ორგანიზაციებთან. როგორც ჩანს ალისულთან ბოლქვაძე ძალიან ფრთხილად მოქმედებდა. რამდენიმე წლის მანძილზე მისი ანტისაბჭოთა განწყობა ოჯახის წევრებმაც კი არ იცოდნენ. იგი ანტისაბჭოთა ორგანიზაციების მუშაობაში 1927 წლიდან იყო ჩართული. პირადი ნაცნობობა აკავშირებდა ქაქუცა ჩოლოყაშვილთან, რომელიც 1924 წლის აჯანყების დამარცხების შემდეგ, საფრანგეთში წასვლის წინ, ხულოში თანამოაზრეებთან აფარებდა თავს. ალისულთანს კავშირი ჰქონდა მენშევიკურ მთავრობასთან და ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებთან. სწორედ ამიტომ იყო, რომ აჭარაში მოქმედ მენშევიკური ორგანიზაციების ხელმძღვანელებს ალისულთან ბოლქვაძე ეიმედებოდათ. პარიზში მყოფი ჟორდანიას მთავრობა დიდ იმედს ამყარებდა ზემო აჭარის 1929 წლის აჯანყებაზე, რომელსაც მათი ვარაუდით მთელი აჭარა და გურია უნდა მოეცვა, სადაც შეიქმნებოდა ბაზა დანარჩენი საქართველოს გასათავისუფლებლად.

ანტისაბჭოთა მოძრაობასთან დაკავშირებით ალისულთანის სახელი წერილობით წყაროებში 1927 წლიდან ჩანს. 1927 წლის 14 აპრილს ხიხაძირში შედგა ანტისაბჭოთა საიდუმლო ორგანიზაციის შეკრება, რომელსაც ხელმძღვანელობდა ისკანდერ აბულაძე. 1928 წლის 21 აპრილს სოფელ დიაკონიძეებში „აჭარის ხსნის კომიტეტის“ შეკრებაზე გადაწყდა, რომ ამ კომიტეტის ხელმძღვანელ ბირთვში შესულიყვნენ ალისულთან ბოლქვაძე, ისკანდერ აბულაძე, რიზა ირემაძე, რეჯებ ბერიძე და სხვები. ამ პერიოდიდან ალისულთან ბოლქვაძე იწყებს აქტიურ იატაკქვეშა კონტრრევოლუციურ მოღვაწეობას. მისი თაოსნობით, ხულოს რაიონის სოფლებში ეწყობოდა მიტინგები, ვრცელდებოდა პროკლამაციები ანტისაბჭოთა მოწოდებებით. 1928 წლის შემოდგომისთვის ხულოს მოსახლეობაში დიდძალი იარაღი იყო თავმოყრილი. ამ დროისთვის ალისულთან ბოლქვაძის სახელი პირველად ხდება ცნობილი ბოლშევიკური მთავრობისთვის, როგორც „აჭარის ხსნის კომიტეტის“ ერთ–ერთი ხელმძღვანელისა და მის წინააღმდეგ იწყებენ კიდეც მოქმედებას.

ხულოში მოსახლეობის უკმაყოფილებას, გარდა გაუსაძლისი ეკონომიკური პირობებისა, ზრდიდა ბოლშევიკთა გაუაზრებელი პოლიტიკა –  მათ პირდაპირი შეტევა მიიტანეს ადგილობრივთა სარწმუნოებაზე, აქაურ - საუკუნეთა მანძილზე დამკვიდრებულ ადათ–წესებზე, მათ შორის, ჩადრის ტარებაზე. მოსახლეობის შეურაცხყოფითა და სიმკაცრით განსაკუთრებით გამოირჩეოდა ხულოს სამაზრო პარტიული კომიტეტის მდივანი ა. კალანდაძე, რომელიც ჩადრის გამო დასცინოდა ქალებს, მიმართავდა უხამსი, შეურაცხმყოფელი სიტყვებით. 1929 წლის დასაწყისში ალისულთან ბოლქვაძემ მას წერილი გაუგზავნა და დაემუქრა, შეეწყვიტა ხალხის აბუჩად აგდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ძვირად დაუჯდებოდა. თუმცა უნდა ითქვას რომ ალისულთან ბოლქვაძე და საერთოდ „აჭარის ხსნის კომიტეტი“ მოქმედებდა ეროვნულ–განმათავისუფლებელი იდეით და არა ჩადრის ახდის მიზეზით გამოწვეული უკმაყოფილების ნიადაგზე. 1929 წლის მარტის დასაწყსიში  აჯანყების პირველი კერა გაჩნდა სოფელ ჭვანაში და მან მალე ზემო აჭარის ყველა სოფელი მოიცვა. აჯანყების დაწყებიდან მესამე დღეს თბილისიდან აჭარაში ჩავიდნენ სერგო ორჯონიკიძე, ლავრენტი ბერია, მიხა ცხაკაია, ფილიპე მახარაძე, მარიამ ორახელაშვილი და ჯარის ნაწილების თანხლებით ხულოში გაემგზავრნენ. ხელისუფლების მხრიდან მუქარამ შედეგი ვერ გამოიღო, აჯანყება ელვის სისწრაფით ვრცელდებოდა. 9 მარტისთვის ბათუმიდან მშობლიურ სოფელში ავიდა ალისულთან ბოლქვაძე და აჯანყებულებს შეუერთდა. მისი მეთაურობით ხულოს რაიონულ ცენტრში მოხდა აჯანყებულთა დაქსაქსული ცალკეული ჯგუფების გაერთიანება, რომელთა რიცხვი 15 000 აღემატებოდა. მისი, როგორც აჯანყების საერთო მეთაურის თანაშემწეები იყვნენ: ისკედერ მახარაძე და დემურალ შაინიძე (ზოგი წყაროს მიხედვით ის აჯანყებულებს ჩამოსცილდა და მთავრობას შეურიგდა). აჯანყებულების გაერთიანებისთანავე ხულოს მაზრის ყველა თემი ამბოხებულთა ხელში გადავიდა. 1929 წლის 10 მარტს მოხდა შეტაკება აჯანყებულებსა და მესაზღვრეებს შორის. ამბოხებულებმა არაერთი საგუშაგო ჩაიგდეს ხელში, მაგრამ ამით არ უსარგებლიათ, საზღვარი არ დაურღვევიათ და თურქეთში არ გადასულან. 1929 წლის მარტში გამოსვლებს ადგილი ჰქონდა ქედის მაზრაშიც, აქტიურობდა მერისისწყლის ხეობის მოსახლეობა. აჯანყების ჩასაქრობად საბრძოლო ოპერაციების წარმოებისათვის შეიქმნა საგანგებო სამეული ლ. ბერიას, ლ. ღოღობერიძის და კოვალიოვის (კავკასიის I მსროლელი დივიზიის მეთაური) შემადგენლობით. აჯანყებულებსა და წითელარმიელებს შორის ხიჭაურში გაიმართა ორმხრივი სროლები. გლეხთა აჯანყების პირველი ეტაპი 14 მარტისთვის დასრულდა. ხელისუფლებამ ჭვანისა და ხულოს თემის სოფლებზე შეძლო კონტროლის დამყარება. ღორჯომის, რიყეთის, სხალთის, ყარადერესა და უჩამბის თემებში ამბოხებულები კვლავ ინარჩუნებდნენ პოზიციებს. ამის შემდეგ ლავრენტი ბერიამ აჯანყებულებთან მოლაპარაკებები დაიწყო. ლავრენტი ბერია და ალისულთან ბოლქვაძე ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. პირველი შეხვედრა მოხდა სოფელ დიაკონიძეებში, სადაც ალისულთანმა ბერიას ხალხის მოთხოვნები გადასცა: საბჭოების თავისუფალი არჩევნები, ყველა კომუნისტის გაძევება მაზრიდან, ადგილობრივთა რელიგიის სრული თავისუფლება, გადასახადების გაუქმება და საძოვრებზე სახელმწიფო დაზღვევის გაუქმება, კერძო ვაჭრობის თავისუფლება და ა. შ. ხელისუფლების წარმომადგენლები მდგომარეობის გამოსწორებას დაჰპირდნენ. მოლაპარაკების მიუხედავად, მთავრობისა და აჯანყებულთა მხრიდან შეიმჩნეოდა საბრძოლო სამზადისი. 15 მარტს სოფ. დანისპარაულში ალისულთან ბოლქვაძემ მოიწვია სახალხო კრება, სადაც მოსახლეობას მოუწოდა, იარაღი არ დაეყარათ, რადგან ხელისუფლება არ ასრულებდა მათ მოთხოვნებს.  აჯანყებულთა 150 კაციანმა რაზმმა დაიკავა სხალთა–ფურტიოს სტრატეგიული მნიშვნელობის ხიდი. ამით გზა გადაუკეტეს სამთავრობო რაზმებს სხალთა–ხიხაძირის მიმართულებით, სადაც ამბოხებულთა საგანგებო კომიტეტი იყო განლაგებული. მდგომარეობა დაიძაბა ქედაშიც. 19 მარტს სხალთაში აჯანყებულებმა სამხედრო აღლუმი გამართეს. 19 მარტს დაბა ხულოში გაიმართა ბერიას და ბოლქვაძის მორიგი, უკანასკნელი და უშედეგო შეხვედრა. რის შემდეგაც ბერიამ საომარი მოქმედებები დაიწყო. 24 მარტს ალისულთან ბოლქვაძე 20 ერთგულ თანამოაზრესა და აჯანყების 1500 მონაწილესთან ერთად თურქეთში გადავიდა, მაგრამ ალისულთანის მზრუნველობით მათი უმრავლესობა უკან მალევე დაბრუნდა. თურქეთში ჩასული მეთაურთა ჯგუფი – ალისულთან ბოლქვაძე, აბდულ ტაკიძე, შაბან შავაძე, საქირ ბერიძე და სხვები ანკარაში გაემგზავრნენ თურქეთის მთავრობასთან მოსალაპარაკებლად, რომლისგანაც იარაღით დახმარებას ელოდნენ. ასევე შეხვედრა შემდგარა საქართველოს მენშევიკური მთავრობის წარმომადგენლებთან.

აჭარის გლეხთა აჯანყებას უკვალოდ არ ჩაუვლია. მას მოჰყვა დადებითი შედეგები, როგორც მატერიალური, ისე სულიერი მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით. 1929 წლის აჭარის აჯანყების ჩახშობით საქართველოში საბჭოთა დიქტატურა საბოლოოდ დამკვიდრდა.

ალისულთან ბოლქვაძე 30-იანი წლების დასაწყისში მალულად შემოდიოდა აჭარაში და ხვდებოდა ოჯახის წევრებს. 1932 წლიდან კი გაძლიერებული დევნის გამო აჭარაში აღარ დაბრუნებულა. მისი ოჯახის მიმართ უმკაცრესი ზომები გატარდა. სოფელ კორტოხში გადაწვეს მისი სახლი, ქ. ბათუმში და სოფელ ბობოყვათში მოახდინეს მისი ქონების კონფისკაცია. ალისულთანის დედა და მეუღლე, ორი მცირეწლოვანი ბავშვით, უკიდურეს სიდუხჭირეში და ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ აღმოჩნდნენ. 1939 წლამდე, ვიდრე თურქეთთან საზღვარი სრულიად არ ჩაიკეტა ალისულთანს ოჯახთან ჰქონდა ოფიციალური მიმოწერა. წლების მანძილზე ახერხებდა ოჯახისთვის მატერიალური – ფინანსური დახმარების მიწოდებას და ყოველ ღონეს ხმარობდა მათ თურქეთში გადასაყვანად, მაგრამ უშედეგოდ. ჩეკას ეჭვი ჰქონდა ამ კავშირის შესახებ და 1951 წლიდან ალისულთანის ოჯახი ყაზახეთში გაასახლეს.

უცხოობაში დარჩენილი ალისულთან ბოლქვაძე, სამშობლოში დაბრუნების იმედის სრულიად დაკარგვის შემდეგ, თურქეთში დამკვიდრდა. თურქეთის მთავრობამ თავიდანვე დიდი ყურადღებით და პატივით მიიღო. მისთვის, როგორც აჭარაში სახალხო ლიდერისათვის, „ერბაში“, ერის მეთაური (ერისთავი) უწოდებიათ, რომელიც შემდეგ გვარად დამკვიდრდა. დიდი ხნის მარტოობის შემდეგ ალისულთანი იძულებული გახდა, ბედს შერიგებოდა და ცოლად იქაური, თურქეთის მკვიდრი, გავლენიანი ოჯახის შვილი შეურთავს, რამაც ბუნებრივია გარკვეული როლი ითამაშა, მის ახალ გარემოსთან ადაპტაციაზე. ალისულთანმა სწავლა გააგრძელა, უმაღლესი განათლება მიიღო და სახელმწიფო სამსახურში ჩადგა, მალე დააწინაურეს და საპენსიო ასაკამდე თურქეთის საგზაო–სატრანსპორტო დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მუშაობდა.

ალისულთან ბოლქვაძეს სიცოცხლის ბოლომდე სწამდა, რომ საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა და საქართველო დამოუკიდებლობას მოიპოვებდა, თუმცა თავად ამას ვეღარ მოესწრო. გარდაიცვალა 1979 წელს, დაკრძალულია ქ. სტამბოლში.

ალისულთან ბოლქვაძის შვილები დურსუნ ბოლქვაძე და საიმე ბოლქვაძე–თავართქილაძისა ბათუმში ცხოვრობენ (მათი ერთი და – სევი ძნელბედობის ჟამს მცირეწლოვან ასაკში გარდაიცვალა). საქართველო–თურქეთის საზღვრის გახსნის შემდეგ ალისულთანის ვაჟი აქიფ ერბაში (ბოლქვაძე) მამის ანდერძის თანახმად, საქართველოში ჩამოვიდა და–ძმისა და ნათესავების მოსანახულებლად და მუდმივ საცხოვრებლად ბათუმში დამკვიდრდა.

წყარო:

ბოლქვაძე ნიაზ. ალისულთან ბოლქვაძე // ღირსებისა და თავისუფლებისათვის: ბოლქვაძეთა გვარის ისტორია: კულტურული მემკვიდრეობა /ნიაზ ბოლქვაძე .  თბილისი, 2016 . – გვ. 154-201


Share: