The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ბორის ბრეგვაძე

ბორის ბრეგვაძე
Date of birth:19 March, 1926
Date of death:28 March, 2012  (at 86 years)
Category:Dancer

Biography

ბალეტის მსახიობი ბორის იაკობის ძე ბრეგვაძე დაიბადა 1926 წლის 19 მარტს, სარატოვში. პირველდაწყებითი საბალეტო განათლება მიიღო სარატოვის თეატრალურ სასწავლებელში; 1939-1944 წლებში სწავლობდა სარატოვის ოპერისა და ბალეტის თეატრთან არსებულ საბალეტო სტუდიაში; 1942–1946 წლებში ამავე თეატრში  ასრულებდა კლასიკური და სახასიათო რეპერტუარის წამყვან პარტიებს,  იყო ბაზილის პარტიის პირველი შემსრულებელი (მინკუსი, „დონ კიხოტი“).

1946–1947 წლებში ბორის ბრეგვაძე სწავლობდა ლენინგრადის ქორეოგრაფიულ სასწავლებელთან არსებულ დახელოვნების კლასში (პედაგოგი: ბ. შავროვი). 1947-1966 წლებში იგი იყო ს. კიროვის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის (ამჟამად მარიას თეატრი) წამყვანი სოლისტი. ამ თეატრის სცენაზე მან პირველმა შეასრულა რამდენიმე პარტია: ანდრეი („ტატიანა“, 1947); სანდრო (ჩერვინსკი, „მშობლიური მინდვრები“, 1953); ოტელო (მაჭავარიანი, „ოტელო“); ქარი („გაზაფხულის ზღაპარი“) და სხვა.

1951 წელს ბორის ბრეგვაძე გახდა პირველი პრემიის ლაურეატი დემოკრატიულ ახალგაზრდათა და სტუდენტთა ბერლინის საერთაშორისო ფესტივალზე; ამავე წელს მოიპოვა მეორე ხარისხის სტალინური პრემია ბალეტ „შურალეში“ შესრულებული ალი–ბატირის პარტიისთვის; 1954 წელს გახდა რუსეთის ფედერაციის დამსახურებული, 1957 წელს კი სახალხო არტისტი.

ბორის ბრეგვაძის ცეკვა გამოირჩეოდა დიდი ემოციურობით, მაღალი საშემსრულებლო ტექნიკით. უმთავრესად ასრულებდა გმირულ-რომანტიკულ პარტიებს: სალორი (მინკუსი, „ბაიადერა“); ფრონდოსო (კრეინი, „ლაურენსია“); სპარტაკი, არმენი (ხაჩატურიანი, „სპარტაკი“, „გაიანე“); უფლისწული, რომეო, მერკუციო (პროკოფიევი, „კონკია“, „რომეო და ჯულიეტა“); ევგენი (გლიერი,  „ბრინჯაოს მხედარი“); აქტეონი (პუნი „ესმერალდა“); ამუნი (არენსკი „ეგვიპტის ღამეები“); ფერხადი (მელიკოვი „ლეგენდა სიყვარულზე“) და სხვ. გადაღებულია ფილმ–ბალეტში „ქორეოგრაფიული მინიატურები“ („ვენის ვალსი“, 1960).

1961 წლიდან ბორის ბრეგვაძე იყო ლენინგრადის ა. ვაგანოვას სახელობის რუსული ბალეტის აკადემიის კლასიკური ცეკვის პედაგოგი (ბოლო კურსი 2011 წლის შემოდგომაზე გამოუშვა); 1964 წელს დააარსა და 2011 წლამდე ხელმძღვანელობდა ლენინგრადის კულტურის ინსტიტუტის ქორეოგრაფიის კათედრას. 1984 წლიდან მიანიჭეს პროფესორის წოდება.

1983 წელს, 59 წლის ასაკში, დაამთავრა ლენინგრადის ნ. კრუპსკაიას სახელობის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი – სპეციალობა: „კულტურულ–საგანმანათლებლო საქმიანობა“.

ბორის ბრეგვაძე უცხოეთშიც ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, ასწავლიდა: პრაღის ბალეტის სტუდიაში (1970); უნგრეთის საოპერო თეატრში (1979–1980); ბუდაპეშტის თეატრში (1974, 1985, 1986, 1990); ფინეთის ეროვნულ საოპერო თეატრში (1981); ამავე დროს დგამდა სპექტაკლებს: პრაღის ეროვნულ თეატრში – „დონ კიხოტი“ (1986), ჩაიკოვსკი – „მძინარე მზეთუნახავი“ (1999); აღადგინა „ბალეტის საღამოები“; დადგა ცეკვები ტელეფილმ-ოპერაში „ევგენი ონეგინი“ (1988, პრაღის ტელევიზია).

მსახიობის 85–წლის იუბილეზე მის საპატივსაცემოდ მიხეილის თეატრში უჩვენეს ბალეტი „ლაურენსია“, რომელშიც მას შესრულებულიი ჰქონდა მისი ერთ–ერთი საუკეთესო როლი – ფრონდოსოს პარტია.

ბორის ბრეგვაძე გარდაიცვალა 2012 წლის 28 მარტს სანკტ–პეტერბურგში. მისი მეუღლე იყო ბალერინა ემა მინჩენოკი. ბალეტის მოცეკვავეა მათ ვაჟიც – ანდრეი ბრეგვაძე.

წყარო:
1. ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 81 

2. https://ru.wikipedia.org/.../Брегвадзе,_Борис_Яковлеви..

3. www.belcanto.ru › Персоналии › Танцовщики

4. მიქავა, .ბალეტის დიდი ოსტატი ბორის ბრეგვაძე // საბჭოთა ხელოვნება. - 1959. - N7. - გვ.27-29


Share: