The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


მიხეილ გელოვანი

მიხეილ გელოვანი
Date of birth:6 January, 1893
Date of death:21 December, 1956  (at 63 years)
Burial location:ნოვოდევიჩის სასაფლაო, მოსკოვი, რუსეთი
Category:Actor/Actress, Filmmaker

Biography

მიხეილ გიორგის ძე გელოვანი დაიბადა 1893 წლის 6 იანვარს, ლეჩხუმის მაზრის (ახლანდელი ცაგერის რაიონი), სოფელ სპათაგორაში (ზოგიერთი ცნობით ქუთაისის გუბერნიის სოფელ ლასურიაში). მისი მამა–პაპა წარმოშობით ლეჩხუმელი თავადები იყვნენ და სოფლის მეურნეობას მისდევდნენ.

განათლება მიხეილმა პეტერბურგში მიიღო. პეტერბურგის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, აქვე, კონსერვატორიაში აპირებდა სწავლის გაგრძელებას, რადგან კარგი ხმა ჰქონდა და ჯერ კიდევ ბავშვობაში მღეროდა საეკლესიო გუნდში, მაგრამ მამის გარდაცვალების გამო იძულებული გახდა ბაქოში, ბიძასთან გადასულიყო საცხოვრებლად.

მისი სცენური ნათლობა, ამავე წელს, ბაქოს ქართულ თეატრში შედგა. საქართველოში დაბრუნებისთანავე ჩაერთო კულტურულ ცხოვრებაში. 1913–1914 და 1916 წლებში იყო ბათუმის თეატრის მსახიობი; 1914–1915 წწ. – ქუთაისის თეატრის მსახიობი; 1918–1920 წწ. სწავლობდა გ. ჯაბადარის სტუდიაში; 1921–1922 და 1936–1939 წწ. – შოთა რუსთაველის თეატრის მსახიობი; 1942–1948 წწ. მოსკოვის სამხატვრო თეატრში მუშაობდა, 1954 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე კი მოსკოვის კინომსახიობთა თეატრის მსახიობი იყო.

მიხეილ გელოვანმა სცენაზე სამოცამდე როლი განასახიერა. ბრწყინვალე სამსახიობო მონაცემების წყალობით იგი ერთნაირი სიძლიერით ასრულებდა დრამატულ თუ სახასიათო როლებს, რამაც აღიარება და მაყურებელთა დიდი სიყვარული მოუპოვა. შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ვასკა პეპელი (მ. გორკის "ფსკერზე"), ბესო (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), სიმონი (ს. კლდიაშვილის "გმირთა თაობა"), კაცია, სტალინი (შ. დადიანის „გუშინდელნი“, "ნაპერწკლიდან").

როგორც რეჟისორს დადგმული აქვს ვ. შალიკაშვილის "გადაჭრილი მუხა", ნ. შიუკაშვილის "სულელი" და სხვ. 

1924 წლიდან მიხეილ გელოვანმა ქართულ კინოში დაიწყო მოღვაწეობა. ეკრანზე წარმატებისთვის მას ყველა მონაცემი ჰქონდა: გარეგნობა, პლასტიკურობა, მუსიკალური ნიჭი, კარგი იუმორის გრძნობა და სასიამოვნო ბარიტონი. ფილმებში მისთვის საგანგებოდ გამოიგონებდნენ ხოლმე სამღერ ეპიზოდებს.

პირველი როლი იყო ბახვა ფულავა ი. პერესტიანის ფილმში "სამი სიცოცხლე"; 1920–1930–იან წლებში მის მიერ განსახიერებული ეკრანული გმირებია: გემის მექანიკოსი ავალოვი ("მეცხრე ტალღა“); ტურიკო („ორი მონადირე“); პოეტი („ხაბარდა“); როსტომი („უკანასკნელი მასკარადი“); სპირიდონ ლომიძე („ნახვამდის“);  კირილე ("ნარინჯის ველი") და სხვა.

1927 წელს მიხეილ გელოვანი დამდგმელ რეჟისორად მუშაობდა სომხეთში, „არმენფილმის“ სტუდიაში. აქ მან პ. ბარხუდარიანთან ერთად გადაიღო „ავი სული“, რომელშიც დანიელის როლი შეასრულა. ქართულ კინოში გადაღებული აქვს ფილმები: "ახალგაზრდობა იმარჯვებს"(1928), "ნამდვილი კავკასიელი"(1931),  "დამკვრელი"(1931) და სხვა.

სტალინის სახე მიხეილ გელოვანმა პირველად თეატრში შეასრულა და ისე დამაჯერებლად, რომ ამ როლზე მუდმივად იწვევდნენ სხვადასხვა კინოსტუდიების ფილმებში: "დიადი განთიადი"(1938), "ცარიცინის დაცვა"(1942), "ფიცი"(1946), "ბერლინის დაცემა"(1950) და სხვა.

მიხეილ გელოვანი სტალინური პრემიის ოთხგზის ლაურეატია: 1941 წ. - ფილმი "დიადი განთიადი"; 1942 წ. - ფილმი "ცარიცინის დაცვა"; 1947 წ. - ფილმი "ფიცი"; 1950 წ. -  ფილმი "ბერლინის დაცემა".

1946 წელს მსახიობს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის, 1950 წელს კი სსრკ სახალხო არტისტის წოდება.

მიხეილ გელოვანი გარდაიცვალა გულის შეტევით 1956 წლის 21 დეკემბერს, მოსკოვში (ზოგიერთი ცნობით სოხუმში). დაკრძალულია მოსკოვის ნოვოდევიჩის სასაფლაოზე.

წყარო:

1. საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.5

2. მიხეილ გელოვანი : [მსახიობი / შემდგ.: სულიკო ხეტეშვილი]. - თბ., 1989.

3. https://ka.wikipedia.org/wiki/მიხეილ_გელოვანი 

4. www.geocinema.ge/ge/person.php?kod5=78 

5. https://ru.wikipedia.org/.../Геловани,_Михаил_Георгие... 




Share: