The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


მარიამ დევაძე

მარიამ დევაძე
Date of birth:1995  (29 years)
Category:Economist

Biography

მსოფლიოში უდიდესი ნავთობმომპოვებელი და გადამამუშავებელი ამერიკული კორპორაცია ExxonMobil-ის ბუდაპეშტის ფილიალის ფინანსური ანალიტიკოსი 22 წლის მარიამ დევაძეა. მარიამმა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პირველი საჯარო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. მე-9 კლასში ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა ოლიმპიადაში მონაწილეობდა, სადაც მეორე ადგილი დაიკავა, რის შემდეგადაც თბილისში ოლიმპიადის ფინალურ ეტაპზე მიიწვიეს. ეს წარმატება მისთვის უფრო მეტის მიღწევის მოტივაციად იქცა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტმა დამამთავრებელ კურსზე ბუდაპეშტში სწავლის გაგრძელების სრული დაფინანსება მოიპოვა, უნგრეთის მთავრობის 2015 წლის სტიპენდია სრულად მოიცავდა სწავლის საფასურს, საცხოვრებლის ანაზღაურებასა და ჯიბის ფულს. 
ბუდაპეშტის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის ფინანსებისა და აღრიცხვის მიმართულების ფაკულტეტი მარიამმა 2016 წლის ზაფხულში დაამთავრა, ამავე წლის მაისში კი ჯონ როკფელერის "სტანდარდ ოილის" შთამომავალი კომპანიის ExxonMobil-ის თანამშრომელი გახდა. 
მსოფლიოს უდიდეს ნავთობმომპოვებელ კომპანიაში მოხვედრა იოლი არ იყო. ”დაბრკოლებები ჩემს ცხოვრებას ყოველთვის თან ახლავს, მაგრამ როგორც გამოწვევებს, ისე ვუყურებ. ExxonMobil-ში დასასაქმებლად რამდენიმე ეტაპია გასავლელი. აპლიკაციის შევსება, სატელეფონო გასაუბრება, ტესტირება, ბოლოს 4 ადამიანის დარწმუნება გიწევს, რომ შენ ხარ ის, ვისაც ისინი ეძებენ. თავიდან მეგონა, რომ სტუდენტურ სტაჟირებაზე ვაგზავნიდი აპლიკაციას. თუმცა აღმოჩნდა, რომ პირდაპირ კონტრაქტი გამიფორმეს. მუშაობა ჩემზე ბევრად უფროს და გამოცდილ ადამიანებთან ერთად მიწევს. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო, ხანდახან შედეგის მისაღწევად დღეში 16 საათს ვმუშაობდი. რაც შეეხება დაბრკოლებებს, თავდაპირველად კომპანიის წარმომადგენლები ვერ მიკავშირდებოდნენ, როდესაც ტესტი უნდა დამეწერა მთელს ქალაქში ელექტროენერგია გაითიშა და სატრანსპორტო სისტემა პარალიზებული იყო, გასაუბრებაზე ზუსტად იმ დღეს დამიბარეს როცა უკან ვბრუნდებოდი, ოფისში პირდაპირ აეროპორტიდან მივედი და 10 წუთიანი დაგვიანების გამო გასაუბრება არ ჩატარდა. მომწერეს, რომ ჩემს კანდიტატურას აღარ განიხილავდნენ, რადგან გასაუბრებაზე არ გამოვცხადდი. თუმცა, არ დავნებდი და საპასუხო წერილი გავუგზავნე. ჩემი წერილის შემდეგ კიდევ ერთი შანსი მომცეს“, - ჰყვება მარიამი.
წარმატებული ახალგაზრდა საზღვაო ტრანსპორტის ეკონომიკის შესახებ დაწერილი წიგნის ერთ-ერთი თანაავტორიც არის. როგორც თავად ამბობს, ”სახელმძღვანელოში განხილულია სანაოსნო ინდუსტრიის ორგანიზაციისა და საზღვაო ვაჭრობის ეკონომიკური საკითხები, ასევე მსოფლიოს უდიდესი ნავთობკომპანიების საქმიანობის არეალი. ნაშრომი სახელმძღვანელოდ რეკომენდირებულია ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს მიერ საზღვაო გადაზიდვების ორგანიზაციისა და ლოგისტიკის, აგრეთვე ნავსადგურების მენეჯმენტის სპეციალობისათვის”. 
„თუ ადამიანს რაღაცის დიდი სურვილი აქვს, აუცილებლად მიაღწევს ყველაფერს. მთავარია არ დანებდე. ჩემი აზრით, წარმატების მისაღწევად საჭიროა მიზანმიმართული შრომა და საკუთარი თავის რწმენა”, - აღნიშნავს მარიამი. საკუთარი მიზნების მიღწევის მთავარ სტრატეგიად კი ამერიკელი მწერლის ერლ ნაითინგეილის სიტყვებს ასახელებს - ”თქვენ დაგჭირდებათ გეგმა, საგზაო რუკა და გამბედაობა, რომ დანიშნულების წერტილამდე მისასვლელად გეზი აიღოთ.”

წყარო:

1. https://bpn.ge/.../31789-22-tslis-qarthveli-gogona-msoflios-udidesi-navthobkorporacii... 


Share: