The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ნანა ექვთიმიშვილი

ნანა ექვთიმიშვილი
Date of birth:9 July, 1978  (45 years)
Category:Filmmaker

Biography

ნანა ექვთიმიშვილი 1978 წლის 9 თებერვალს დაიბადა თბილისში. 1996 წელს დაამთავრა საქართველოს განათლების სამინისტროსთან არსებული ტელეპროფილის კოლეჯი ჟურნალისტიკის განხრით. სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე. მისი მოთხრობები პირველად დაიბეჭდა 1999 წელს ჟურნალ „არილში“. 2008 წელს დაამთავრა პოტსდამ-ბაბელსბერგის (გერმანია) კონრად ვოლფის სახელობის კინოაკადემია დრამატურგისა და კონოსცენარისტის სპეციალობით. ამჟამად მოღვაწეობს როგორც დამოუკიდებელი ავტორი და რეჟისორი ბერლინსა და თბილისში. არის რამდენიმე ფილმის სცენარის ავტორი და რეჟისორი:  „დაკარგული ხმელეთი“ (2006, ავტორი და რეჟისორი), „ფატა მორგანა“ (2007, ავტორი), „მოლაპარაკე ანა“ (2010, ავტორი), „დედა“ (2011, ავტორი და რეჟისორი), „გასროლა წყალში“ (2013, ავტორი და რეჟისორი). მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა „დედა“ – ჯილდოები აიღო ტრიესტის Best short film-ის კინოფესტივალსა (2012, იტალია) და თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე "Special Mention" (2012).

2013 წელს, მეუღლესთან, გერმანელ რეჟისორ სიმონ გროსთან ერთდ გადაიღო მხატვრული ფილმი „გრძელი ნათელი დღეები“, რომელმაც ბერლინის 2013 წლის საერთაშორისო კინოფესტივალზე მოიპოვა „არტჰაუსის“ საერთაშორისო კინოთეატრების გაერთიანების პრიზი. ერთი წლის განმავლობაში ფილმი უჩვენეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ფესტივალზე, სადაც ის 30-მდე სხვადასხვა პრემიით აღინიშნა. მათ შორის: ბერლინის, ჰონკონგის, პარიზის, სარაევოს, ლოს-ანჯელესისა და ტოკიოს კინოფესტივალებზე; გრანპრი საუკეთესო ფილმისთვის (ვისბადენის კინოფესტივალი GOEAST, გერმანია); ლურჯი ანგელოზის პრიზი საუკეთესო რეჟისურისათვის (ხელოვნების ფესტივალი, სლოვაკეთი); ჟურნალ გრაზიას ჟიურის პრიზი (პარიზის საერთაშორისო კინოფესტივალი) და სხვა. ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმი ახალი ქართული ტალღის მომასწავებლად მიიჩნიეს; ჰონკონგის ფესტივალზე ქართული კინოს გაზაფხული დაარქვეს; კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო გაერთიანება FIPRESCI-მ კი მას ქართული კინემატოგრაფიის ხელახლა აღორძინების ნიმუში უწოდა. 2013-2014 წწ. „გრძელი ნათელი დღეები“ გამოვიდა სხვადასხვა ქვეყნების კინოთეატრებში: საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, აშშ, ავსტრალია, ბენელუქსისა და ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებში. იგი იყო საქართველოს კანდიდატი 2014 წლის ოსკარისთვის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში.

ნანა ექვთიმიშვილის პირველი რომანი „მსხლების მინდორი“ გამოიცა თბილისში, 2015 წელს. წიგნი საქართველოს ლიტერატურულ სივრცეში შეუმჩნეველი არ დარჩენილა და 2016 წელს რამდენიმე ჯილდო მოიპოვა: საბა– წარმატებული დებიუტისთვის; ილიაუნის ლიტერატურული პრიზი - 2014-2015 წლების საუკეთესო ქართული რომანისათვის;  ლიტერა – დებიუტისთვის. 2017 წელს „მსხლების მინდორს“ გერმანულ ენაზე გამოსცემს ევროპაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამომცემლობა Suhrkamp-ი.

ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის მეორე ერთობლივი ფილმია  საქართველო–საფრანგეთი–გერმანიის ერთობლივი პროდუქტი „ჩემი ბედნიერი ოჯახი“, რომელიც 2017 წელს დასრულდა და უკვე იანვრიდან შეუდგა თავის საფესტივალო გზას. რეჟისორებმა „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ ჯერ კიდევ გადაღებამდე წარადგინეს პროექტის განვითარების სექციაში. პროექტი სარაევოში დაიძრა, რადგან იქ სინელინკის პროგრამაში (Cine Link) 200 პროექტიდან 17-ში მოხვდა, ხოლო აქედან კი პირველი ადგილი და ევრიმაჟის კო-პროდუქციის დაფინანსების ჯილდო მოიპოვა. შემდეგ იყვნენ  ბუსანში და მონპელიეში, სადაც ასევე ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა პროექტისთვის. განვითარების ჯილდო მონპელიეშიც მოიპოვეს და საბოლოოდ ბერლინალეზე წარდგნენ, სადაც უკვე გამოიკვეთა ფილმის მთავარი პარტნიორები.

ბერლინის კინოფესტივალზე პროექტების დაფინანსებისა და პოტენციური სპონსორების მოძიებისთვის ერთ–ერთი საუკეთესო ადგილი კო–პროდუქციის მარკეტია. აქ ყოველწლიურად ასობით პროექტიდან რამდენიმე ათეულს არჩევენ და მათ ავტორებს საშუალება ეძლევათ პირადად შეხვდნენ და გაესაუბრონ დამოუკიდებელი კინოს ყველაზე მნიშვნელოვან და გავლენიან წარმომადგენლებს.

„ჩემი ბედნიერი ოჯახის“ მსოფლიო პრემიერა შედგა 2017 წლის იანვარში სანდენსის კინოფესტივალზე. სანდენსის კინოფესტივალი ამერიკის შეერთებულ შტატებში 1978 წლიდან იმართება. ის ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა რობერტ რედფორდმა დააარსა და ის ამ დრომდე სანდენსის კინოფესტივალის პრეზიდენტია. მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურსისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სულ 12 ფილმი შეირჩა და „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ ამ კონკურსის ერთ-ერთი რჩეულია.

წყარო:

1. https://rebraindrain.wordpress.com/ 

2. https://ka.wikipedia.org/wiki/ნანა_ექვთიმიშვილი

3. თავისუფლების დღიურები, 2013 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2014.- გვ.240; 

4. liberali.ge/.../chemi-bednieri-ojakhi-nana-eqvtimishvilis-akhali-proeqti-berlinaleze


Share: