The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ვლადიმერ კანდელაკი

ვლადიმერ კანდელაკი
Date of birth:16 March, 1908
Date of death:10 March, 1994  (at 85 years)
Category:Singer, Filmmaker

Biography

ვლადიმერ არკადის ძე კანდელაკი დაიბადა 1908 წლის 16 მარტს, თბილისში. 1925–1928 წლებში სწავლობდა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. ვოკალის პედაგოგი: ე. ა. ვრონსკი. 1926–1927 წლებში თბილისის ოპერის თეატრის სოლისტი იყო. 1928 წელს მოსკოვში გაემგზავრა. აქ მას ნათესავი და გულშემატკივარი არავინ ჰყავდა. პირველი ათი დღე– ღამე რკინიგზის სადგურში გაათია. პატარა სარეკომენდაციო ბარათი ჰქონდა დრამატურგ ალ. სუმბათაშვილ–იუჟინის ქვრივთან, თუმცა თავდაპირველად შეეცადა დამოუკიდებლად გაეკვლია გზა. როცა არაფერი გამოუვიდა, მორიდებას სძლია და მარია ნიკოლაევნას მიაკითხა. „მან მე როგორც შვილი ისე მიმიღო, მომათავსა მის ახლოს ბინაზე და ნამდვილად ცხოვრების საგზური მომცა“ – იგონებს ვლადიმერ კანდელაკი.

ახალგაზრდა მომღერალი სწავლის გაგრძელებას „გიტისში“ აპირებდა. ინსტიტუტში მას მოუსმინეს, ხმის ტემბრი და სცენური გარეგნობა მოუწონეს, მაგრამ ჩარიცხვაზე მაინც უარი უთხრეს, რადგან გამოცდებზე დაგვიანებით გამოცხადდა. ჭაბუკს ისევ ქართველები დაეხმარნენ. საშა გეგეჭკორის ვაჟმა მას ლუნაჩარსკისთან უშუამდგომლა და მისი პირადი პასუხისმგებლობით ვლადიმერ კანდელაკი მიიღეს მოსკოვის თეატრალური ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე (დაამთავრა 1933 წელს). პედაგოგები: მ. ვლადიმიროვა, ბ. საიკინი, ბ. მორდვინოვი. მსახიობის ოსტატობის მასწავლებელი, რეჟისორი ლ. ბარათოვი იმდენად მოიხიბლა ყმაწვილის ნიჭით, რომ იგი წარუდგინა ვ. ნემიროვიჩ–დანჩენკოს, რომელმაც მომღერალი მაშინვე ჩარიცხა თავის თეატრში და მიანდო ა. ჯაფარიძის როლი ლ. კნიპერის ოპერა „ჩრდილოეთის ქარში“.

1929–1954 წლებში ვლადიმერ კანდელაკი იყო კ. სტანისლავსკისა და ვ. ნემიროვიჩ–დანჩენკოს სახელობის სახელმწიფო მუსიკალური თეატრის მსახიობი და მთავარი რეჟისორი; 1933 წელს შექმნა ვოკალური ანსამბლი „ჯაზ–გოლი“, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელიც თავად გახლდათ. მან შექმნა მრავალი კომედიური თუ დრამატული სახე: ბორის ტიმოფეევიჩი (შოსტაკოვიჩის „კატერინა იზმაილოვა“);  ბოშა (მუსორგსკის „სოროჩინული ბაზრობა“; ნაპოლეონი (პროკოფიევის „ომი და მშვიდობა“); სალიერი (რიმსკი–კორსაკოვის „მოცარტი და სარიელი“); სკარპია (პუჩინის „ტოსკა“); შტეფანი (შტრაუსის „ბოშათა ბარონი"), ოლენდორფი (მილეკერის „ღარიბი სტუდენტი“); საქო (ვ. დოლიძის „ქეთო და კოტე"), სულთან–ბეგი (ჰაჯიბეკოვის „არშინ– მალ–ალანი"), ტარასი (კაბალევსკის „ტარასის ოჯახი") და სხვა.

სარეჟისორო მოღვაწეობას ვლ. კანდელაკი ეწეოდა 1943 წლიდან. 1954–1964 წლებში იგი იყო მოსკოვის ოპერეტის თეატრის მსახიობი და მთავარი რეჟისორი. მისი დადგმებია: ოფენბახის „პერიკოლა“ (თბილისი, 1943); ვ. დოლიძის „ქეთო და კოტე“ (მოსკოვი, 1950); დუნაევსკის „თეთრი აკაცია“ (მოსკოვი, 1955); კაბალევსკის „გაზაფხული მღერის“

(მოსკოვი, 1957); მილიუტინის „ცირკი ანთებს ჩირაღდნებს“ (მოსკოვი, 1960); ყანჩელის „ხანუმას ოინები“ (ხარკოვი, 1976); შტრაუსის „ღამურა“ (ხარკოვი, 1981) და სხვა.

გადაღებულია ფილმებში: „ცირკი“ (1936); „ჭაბუკი ჩვენი ქალაქიდან“ (1942); მჯერა სიყვარულის“ (1986); მის შემოქმედებას ეძღვნება მუსიკალური ტელეფილმი: „გეპატიჟებათ ვ. კანდელაკი“ (1985).

მომღერალი 1940 წელს გახდა რსფსრ დამსახურებული, ხოლო, 1961 წელს სახალხო არტისტი; 1952 წელს დაჯილდოვდა სსრკ სახელმწიფო პრემიით; 1970 წელს მიენიჭა სსრკ სახალხო არტისტის წოდება.

ვლადიმერ კანდელაკი გარდაიცვალა 1994 წლის 10 მარტს, მოსკოვში.

წყარო:

1. ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ.237 

2. მჭედლიძე, დიმიტრი.. ქართველ მომღერალთა სამი თაობა. - თბ., 1968.– გვ.169–172


Share: