The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ანტონ II

ანტონ II
Legal name:თეიმურაზ ბაგრატიონი
Date of birth:8 January, 1764
Date of death:21 December, 1827  (at 63 years)
Burial location:ნიჟნი-ნოვგოროდი, რუსეთი
Category:Royalty, Religious leader

Biography

1764 წლის 8 იანვარს ერეკლე II და მის მეუღლეს დარეჯან დედოფალს შეეძინათ ვაჟი, რომელსაც პაპის, კახეთის მეფის თეიმურაზ II პატივსაცემად თეიმურაზი დაარქვეს. საზოგადოებისთვის ცნობილია როგორც საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ანტონ II. მან საფუძვლიანი განათლება მიიღო ერეკლე II-ის კარზე. ჭაბუკ თეიმურზს არ იზიდავდა საერო ცხოვრება, ამიტომ მშობლების თანხმობით, 17-18 წლის ასაკში ბერად აღიკვეცა და ეწოდა ანტონი. ერთი გადმოცემის მიხედვით, მცირე ხნით საბერძნეთში იმყოფებოდა. 1783 წელს გეორგიევსკის ტრაქტატის ხელმოსაწერად გაგზავნილ დელეგაციაში, რომელსაც გარსევან ჭავჭავაძე ხელმძღვანელობოდა, ახალგაზრდა ბერ–დიაკონი ანტონიც იყო, რომელიც მოლაპარაკებებზე საქართველოს სამეფო ტახტსაც წარმოადგენდა და საეკლესიო ტახტსაც. 1784 წელს ერეკლე II–ის თხოვნით, იმპერატორის ოჯახის წევრებისა და რუსეთის უმაღლესი სამღვდელოების თანდასწრებით,  ცარსკოე სელოს სასახლის კარის ეკლესიაში 20 წლის ჭაბუკის, ანტონის, ნინოწმინედელ ეპისკოპოსად ხელდასმა განხორციელდა. იმავე წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ანტონ I-ის მიერ დაუსწრებლად აღყვანილ იქმა ალავერდელი მიტროპოლიტის ხარისხში. რუსეთის იმპერატორმა ეკატერინე II-მ ნიშნად ქართლ-კახეთის მეფისადმი გულმოწყალებისა, ანტონს აჩუქა 183 ბრილიანტის თვლით შემკული პანაგია (ეს პანაგია ანტონის გარდაცვალების შემდეგ რუსეთის სინოდმა დაიბრუნა). ანტონ I-ის გარდაცვალების შემდეგ, იგი საქართველოში ჩამოიყვანეს და  1788 წლის 29 ოქტომბერს 24 წლის ასაკში კათოლიკოსად აკურთხეს. 1795 წლიდან ანტონი იმერეთის, სამეგრელოსა და გურიის სასულიერო საქმეებსაც განაგებდა. 1801 წლის 10 მარტს იმპერატორმა ალექსანდრე I-მა ანტონი სერაფიმებით მორთული თეთრი ბარტყულათი დაასაჩუქრა, ზედ ბრილიანტის ჯვრით. 1801 წლის 15 სექტემბერს იმპერატორმა ალექსანდრე I-მა კათოლიკოს ანტონს ალექსანდრე ნეველის ორდენი უბოძა.

1801 წლის 12 სექტემბრის მანიფესტით რუსეთმა ქართლ–კახეთის სამეფო გააუქმა. კათოლიკოს–პატრიარქი რუსეთის მმართველობის მიმართ თავდაპირველად სრულ ლოიალობას ამჟღავნებდა, თუმცა მორჩილების მიუხედავად მაინც ვერ ახერხებდა დაევიწყებინა, რომ ძველთაძველი ეკლესიის მეთაური იყო და თან მეფის ძე. ანტონ II ირგვლივ ნელ–ნელა შეკრება დაიწყო ქართლ–კახეთის უკმაყოფილო მოსახლეობამ. იმპერიის მოხელეები შეუდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალიური ეკლესიის შევიწროებას, დაიწყეს ეპარქიების გაუქმება. ანტონ II უკვე მიუღებელი იყო რუსეთისათვის.

1811 წელს იმპერატორის დაჟინებული „მიპატიჟებით“, ანტონ II საქართველოდან ძალით პეტერბურგში გაიწვიეს, სადაც იგი სინოდის წევრი გახდა. იმპერატორმა მას მწვანე ხავერდის მანტია უბოძა, მიანიჭა ანდრია პირველწოდებულის ორდენი და ამ ორდენის ჰონორარების გარდა ჯამაგირად 54 000 მანეთი დაუნიშნა, ემსახურებოდა ექვსცხენიანი ოქროცურვილი სარკმლიანი ეტლი.

კათოლიკოსი ანტონი პეტერბურგში გადასახლებას ვერ ეგუებოდა, არ ესწრებოდა სინოდის სხდომებს. ერთ–ერთი ვერსიით, ამის მიზეზი იყო ის, რომ მას არ ჰქონდა იმპერატორის მიერ დადასტურებული სინოდის ის დადგენილება, რომლის მიხედვითაც კათოლიკოსობა  საქართველოში საეგზარქოსო მმართველობით იქნა შეცვლილი. 1811 წელს კათოლიკოსი ანტონი ჩამოშორდა საეკლესიო სამსახურს და საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. 1812 წლიდან ნაპოლეონთან ომის გამო მოსკოვი დატოვა და ტამბოვში გადასახლდა. 1819 წელს კვლავ პეტერბურგში დაბრუნდა, ბოლოს კი ნიჟნი–ნოვგოროდის სოფელ ლისკოვოში დამკვიდრდა. სამსახურად კათოლიკოსი ანტონი ნიჟეგოროდის მიძინების ეკლესიაში დადგა.

ანტონ II 1827 წლის 21 დეკემბერს გარდაიცვალა. ანტონ კათალიკოსი 14 წლის განმავლობაში დასაფლავებული იყო სკრობიასენსკის ტაძარში, 1841 წლის 9 სექტემბერს მისი ნეშტი ფერისცვალების ტაძარში გადაასვენეს და დიმიტრიევის ეკლესიის სავანეში დაკრძალეს.

2011 წლის 11 ივლისს საქართველოს საპატრირქოს წმიდა სინოდის განჩინებით ანტონ II წმინდნად შერაცხეს და სახელად მრავალვნებული ანტონ II, სრულიად საქარართველოს კათოლიკოს–პატრიარქი უწოდეს. მისი ხსენება დაწესდა 21 დეკემბერს (ახალი სტილით 3 იანვარი).

წყარო:

1. ღაღანიძე, მერაბ. ძველი საქართველოს უკანასკნელი კათოლიკოსი : ანტონი II // ძველი და ახალი საქართველოს მიჯნაზე : ლიტ. პორტრეტები XVIII-XIX სს. საქ. საზ. და კულტ. ცხოვრების ალბომიდან / მ. ღაღანიძე. - თბ., 2010. - გვ.56-62.

2. ვარდოსანიძე, სერგო. ანტონ II // დიდნი საქმენი. - თბ., 2011. - გვ.363-364.

3. იოსელიანი, პლატონ. გენერალ ლაზარევის შესახებ. წიგნიდან: „ცხოვრება გიორგის XIII-ისა“ // საქართველო–რუსეთის ურთიერთობა XVIII-XXI საუკუნეებში. წ. 2. – თბ., – 2016. – გვ. 547-548.


Share: