The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


დავით ბაგრატიონი

დავით ბაგრატიონი
Date of birth:1 July, 1767
Date of death:1819  (at 51 years)
Burial location:ალექსანდრე ნეველის ლავრა, პეტერბურგი, რუსეთი
Category:Scientist, Writer, Royalty, Military Person

Biography

ერეკლე II–ის შვილიშვილი და გიორგი XII–ის ვაჟი, ქართლ–კახეთის ტახტის მემკვიდრე, ქართლ–კახეთის სამეფოს გამგებელი 1800-1801 წელბში და რუსეთის არმიის გენერალ–ლეიტენენტი დავით ბაგრატიონი 1767 წლის 1 ივლისს დაიბადა თბილისში. აღიზარდა პაპის, ერეკლე II-ის კარზე. მის აღზრდაზე ზრუნავდნენ იმ დროის გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწენი და მეცნიერნი: დავით აბაშიძე, გოგია ბარათაშვილი, სვიმონ მაყაშვილი, დავით რექტორი (დავით ალექსის ძე მესხიშვილი), ავსტრიელი სწავლული გეტინგი, გერმანელი მოგზაური რეინეგსი და სხვები.

1787-89 და 1795-1798 წლებში დავით ბატონიშვილი სწავლობდა და მსახურობდა რუსეთში. 1789 წელს მონაწილეობდა ყარსთან ბრძოლაში და გაბედული მეომრის სახელი მოიხვეჭა. კრწანისში დავით ბატონიშვილი სეიდ–აბადის ბოლოს თბილისში შემომავალ გზებს კეტავდა მებრძოლთა რაზმით და 6 ზარბაზნით. ამ რაზმმა დიდი ზარალი მიაყენა მტერს ბრძოლის პირველ და მეორე დღეს (10 და 11 სექტემბერს). 1796 წელს ერეკლე II-მ დავითი და ერეკლე ბატონიშვილები განჯის მმართველის ჯავად-ხანის წინააღმდეგ გაგზავნა, რომელმაც დიდი სამსახური გაუწია აღა–მაჰამდ ხანს საქართველოში ლაშქრობის დროს, ქართულმა ჯარმა ბატონიშვილების მეთაურობით განჯა აიღო, რის შედეგად განჯა ისევ საქართველოს მოხარკე გახდა. ამავე დროს სამშობლოში დააბრუნეს 1000 დატყვევებული ქართველი და სომეხი.

1798 წელს დავითმა, ძმასთან იოანე ბატონიშვილთან ერთად აღწერა კახეთი და სომხითი.

1800 წელს, მამის გიორგი XII გარდაცვალების შემდეგ დავითმა თავი ტახტის მემკვიდრედ გამოაცხადა, მაგრამ ტახტის სხვა პრედენტენტები არ აღიარებდნენ მის მმართველობას. 1801 რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე I–ის მანიფესტით ქართლ–კახეთის სამეფოში ბაგრატიონების მმართველობა გაუქმდა. 1803 წლის 23 თებერვალს დავითი ბაგრატიონთა ოჯახის სხვა წევრებთან ერთად იძულებით პეტერბურგში გადაასახლეს.

დავით ბატონიშვილს რუსეთში გენერალ–ლეიტენანტისა და მმართველი სენატის სენატორის წოდებები უბოძეს. ეს ის სამსახური აღმოჩნდა, რამაც მას ცხოვრებისათვის საჭირო სახსრები შესძინა. რუსეთში ბატონიშვილი ძირითადად მეცნიერულ მოღვაწეობას ეწეოდა. ქართულად თარგმნა მონტესკიეს „კანონთა სული“, რომელსაც დაურთო საკუთარი კომენტარები. ჯერ კიდევ საქართველოში ყოფნისას, 1800 წელს დავითმა ჩაატარა ქართული სამართლის კოდიფიკაცია – შეადგინა კრებული, სახელწოდებით „სამართალი ბატონიშვილისა დავითისა“, რომელსაც ფრანგი ენციკლოპედისტების გავლენა ემჩნევა. ბაგრატ ბატონიშვილთან ერთად დავით ბატონიშვილმა დაწერა ისტორიული ნაშრომი – „ნამდვილი ისტორია, ანუ მოთხრობა ახალი“, რომელშიც XVIII საუკუნის მეორე ნახევრის ქართლ–კახეთის პოლიტიკური მოვლენებია ასახული (გამოიცა 1814 წელს). დავით ბატონიშვილის კალამს ეკუთვნის მხატვრული ნაწარმოებები „ახალი შიხი“, რომელსაც ვოლტერისა და რუსოს ზეგავლენა ეყობა. წერდა ლექსებსაც. სულხან–საბა ორბელიანის „სიტყვის კონა" შეავსო ახალი მასალით – დაუმატა სიტყვები რუსული, სომხური და თურქული განმარტებებით. ბატონიშვილს საბუნებისმეტყველო მეცნიერებანიც შეუსწავლია. 1818 წელს მან დაასრულა „შემოკლებული ფსიქიკა“ და საქართველოში გამოგზავნა გასამრავლებლად.

დავით ბატონიშვილი თავმჯდომარეობდა კომიტეტს, რომელსაც ვახტან VI-ის სამართლის რუსული თარგმანის განხილვა და რედაქცია ევალებოდა. მასვე ეკითვნის რუსლ ენაზე დაწერილი „საქართველოს სამართლისა და კანონთმცოდნეობის მიმოხილვა (1811-1816 წწ).

დავით ბატონიშვილი პირველი ქართველი ვოლტერიანელი იყო, საფრანგეთის რევოლუციის მხურვალე მხარდამჭერი და ნაპოლეონის თაყვანისმცემელი.

დავით ბატონიშვილს პირადი ცხოვრება არ ჰქონია მოწესრიგებული და დალაგებული. სიჭაბუკეში რუსეთში ყოფნისას ვინმე ტატიშჩევის ქალს გამიჯნურებია, მაგრამ სულ მალე გული ასცრუებია რუს ქალზე და გარსევან ჭავჭავაძის დასთან გაუჩაღებია ტრფობა, რაც ასევე არ გაგრძლებულა დიდხანს, ისევე როგორც ელენე ამილახვრის, ოთარ სარდლის ასულის შემთხვევაში, თუმცა ამჯერად საქმე ნიშნობამდეც მისულა. ბოლოს და ბოლოს, ქართლ–კახეთის ტახტის მემკვიდრეს მეუღლედ აურჩევია სვიმონ აღად წოდებული აბი–მელიქის ასული ხამფერავანი, რომელსაც შინაურობაში ხანუმას ეძახდნენ. ეროვნება ხელისშემშლელი არ აღმოჩნდა, რადგან ხანუმა სასწრაფოდ მონათლეს და ელენე უწოდეს. ხელისშემწყობი ის იყო რომ საპატარძლოს უზარმაზარი მზთევი მოჰყვა. ამის შემდეგ დიდი დრო არ იყო გასული, როცა დავით ბატონიშვილმა კათოლიკოს ანტონ II განქორწინების თხოვნით მიმართა. კათოლიკოსის სასტიკი უარი ბატონიშვილმა არაფრად ჩააგდო და როცა პეტერბურგის გზას გაუყვა მეუღლე თბილისში დატოვა. შვიდი წლის შემდეგ ელენე მეუღლესთან პეტერბურგში ჩავიდა, მაგრამ სიკვდილამდე ქმრისგან განცალკევებულად ცხოვრობდა.

1819 წელს დავით ბატონიშვილი პეტერბურგში გარდაიცვალა, დაკრძალეს ალექსანდრე ნეველის ლავრაში.

წყარო:

1. ღაღანიძე, მერაბ. ქართველი უფლისწული რუსი გენერლის მუნდირში : ბატონიშვილი დავითი // ძველი და ახალი საქართველოს მიჯნაზე: ლიტ. პორტრეტები XVIII-XIX სს. საქ. საზ. და კულტ. ცხოვრების ალბომიდან / მ. ღაღანიძე. - თბ., 2010. - გვ.66-67.

2. ბაგრატიონი დავით // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.32-33.

3. ირემაძე, თენგიზ.დავით ბაგრატიონი (1767-1819 წწ). ბუნების ფილოსოფია, ლოგიკა და მეტაფიზიკა / თენგიზ ირემაძე, უდო რაინჰოლდ იეკი // ახალი დროის ქართული ფილოსოფია და მისი მთავარი წარმომადგენლები : (XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე) / თენგიზ ირემაძე, ლალი ზაქარაძე, დოდო ლაბუჩიძე და სხვ.. - თბილისი, 2014. -  გვ.74-80.


Share: