Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
კოტრიკაძე ნინო![]()
Biographyნინო კოტრიკაძე დაიბადა 1986 წელს, თბილისში, მუსიკოსების ოჯახში. მუსიკის სერიოზული შესწავლა ექვსი წლის ასაკში თბილისის ე. წ. „ნიჭიერთა ათწლედში“ ლალი რჩეულიშვილის კლასში დაიწყო. დაახლოებით ცხრა–ათი წლიდან კი პარალელურად მეცადინეობდა მის მეუღლესთან, პროფესორ რევაზ თავაძესთან. „მახსოვს, ძალიან პატარა ვიყავი და სმენით ვუკრავდი ნაცნობ მელოდიებს. შემდეგ, ცოტა მოგვიანებით, დედამ პირველად დამიკრა ბეთჰოვენის პათეტიკური სონატის პირველი ნაწილი. იმდენად რთული მომეჩვენა და ამავდროულად იმდენად ლამაზი, გული დამწყდა მაშინ, რადგან არ შემეძლო მისი შესრულება. შემდეგ დაიწყო და დაიწყო. ყოველი კონცერტი მახსოვს, პატარა დღესასწაულივით იყო ჩემთვის. ბავშვებს უხაროდათ დაბადების დღეები, ახალი წელი, მე ასეთი სიხარულით მიხაროდა კონცერტები, განსაკუთრებით ორკესტრთან ერთად“, – იგონებს ნინო ბავშვობის წლებს. ათწლედის დამთავრების შემდეგ ნინო კოტრიკაძემ ჩააბარა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, სადაც სრულად გაიარა ბაკალავრის ოთხი კურსი რეზო თავაძის კლასში. კონსერვატორიაში სწავლის ბოლო წელს მან მიიღო ორი მიწვევა: ერთი კანადიდან, მონრეალის McGill–ის უნივერსიტეტის პროფესორ რიჩარდ რეიმონდისგან, რომელიც კანადაში ერთ–ერთ წარმატებულ პიანისტად ითვლება და მეორე გერმანიიდან, პროფესორ კონრად ელსერისგან, რომელიც ბუზონის კონკურსის გამარჯვებულია და სახელგანთქმულ არგენტინელ პიანისტ მარტა არგერიხთან თანამშრომლობდა წლების განმავლობაში. თავდაპირველად ნინომ კანადის პრესტიჟულ კონსერვატორიაში ჩააბარა 2007 წელს და სრული დაფინანსებაც მოიპოვა, თუმცა საბოლოოდ გერმანიაში წასვლა არჩია, რადგან იქ მეტი მუსიკალური შესაძლებლობა ესახებოდა. მოხდა ისე, რომ მან მიიღო გერმანიის DAAD სტიპენდია, რაც იმას ნიშნავდა, რომ ორი წლის განმავლობაში არანაირი ფინანსური პრობლემები არ ექნებოდა. 2008–დან 2010 წლამდე იგი მეცადინეობდა კონრად ელსერთან Musikhochschule Lübeck-ში, (2010–ში ჰამბურგის Hochschule–ში). 2010 წლის ოქტომბრიდან კი ევგენი კოროლიოვთან Hochschule für Musik und Theater-ში, ჰამბურგში. 2013 წლიდან გადავიდა ბერლინში. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა პიანისტს სრულიად უცხო გარემოში მოუწია თავის დამკვიდრება, გადაულახავი პრობლემები არ ჰქონია. დიდად ემადლიერება ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორს რეზო კიკნაძეს, რომელიც ყოველდღიური – ცხოვრებისეული დეტალების მოგვარებაში ეხმარებოდა. სწავლის პარალელურად ჰქონდა კონცერტები, მასტერკლასები, მონაწილეობდა კონკურსებსა და ფესტივალებში. 2010 წელს ნინო კოტრიკაძე იყო ერთადერთი ქართველი, რომელიც მიიწვიეს დედოფალ ელისაბედის კონკურსზე, ბრიუსელში, ეს არის მსოფლიოში თუ არა, ევროპაში ყველაზე პრესტიჟული კონკურსი, რომელზეც, სამწუხაროდ, ავადმყოფობის გამო ვერ გაემგზავრა. სამაგიეროდ გაიმარჯვა პირველი პრემიით 2011 წელს Steinways&Son's-ის საერთაშორისო კონკურსზე. პიანისტს აქვს ყოველდღიური ურთიერთობა ისეთ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან ევგენი კოროლევი, ანნა ვინნიცკაია, ლილია ზილბერშტეინი, ელიზაბეტ ლეონსკაია, რომელთან ერთად 2011 წელს იყო Mallorca–ზე შოპენის ფესტივალზე. ლიზა ლეონსკაია თბილისელია და ძალიან უყვარს ქართველები. იგი ევროპაში მოღვაწე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პიანისტია. მის მიერ დაწესებული პრემია ნინომ 15 წლის ასაკში, ჯერ კიდევ თბილისში მიიღო. ევროპაში ჩასვლის შემდეგ კი ლიზა მას მუდმივად ეხმარება მუსიკის განხრით და სისტემატურად იწვევს თავის კონცერტებზე. ბერლინის „HANNS EISLER” -ის უმაღლესი სამუსიკო სკოლის მაგისტრი ნინო კოტრიკაძე, ამჟამად, ცხოვრობს ჰამბურგში, ჰყავს აგენტი, რომელიც განაგებს მის გაწერილ და გადატვირთულ საკონცერტო ტურნეს. საშემსრულებლო კარიერას უთავსებს პედაგოგიურ საქმიანობას და აქტიურადაა ჩართული ფესტივალებისა და კონცერტების ორგანიზებაში. 2015 წლის იანვრიდან, გერმანული ფონდის - „Possehl Stiftung“ - ხელშეწყობით, სათავეში უდგას კონცერტების სერიას. პიანისტი წარმატებით გამოდის გერმანიის, რუმინეთის, ავსტრიის, უნგრეთის, დანიის, შვეიცარიის, იტალიის, ესპანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრესტიჟულ სცენებზე. შეძლებისამებრ საქართველოშიც მართავს კონცერტებს. მას გამოშვებული აქვს ორი აუდიოალბომი: 1. “DAS ELISABETH FEST ALBUM” (2011), სადაც შესულია დიდი უნგრული კომპოზიტორისა და პიანისტის, ფერენც ლისტისა და მისი თანამედროვე კომპოზიტორების ნაწარმოებები; ეს CD გერმანულ–ავსტრიული პროექტია. მასზე ჩაწერილი 8 პიესისაგან შემდგარი საფორტეპიანო ციკლი ეძღვნება ავსტრია–უნგრეთის იმპერატორ სისის. დისკი მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ მასში არის ფერენც ლისტის ფართო საზოგადოებისთვის უცნობი „Berceuse“. ვინაიდან 2011 წელი მთლიანად Liszt–ის წლად იყო მიჩნეული ამ ჩანაწერმა ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია და მისი პრეზენტაცია–კონცერტი ევროპის რამდენიმე ქალაქში მოეწყო; 2. 2014 წელს გამოსულ დისკში ნინო ასრულებს გერმანელი კომპოზიტორისა და პიანისტის, თეოდორ კულაკის ნაწარმოებს – „KINDERLEBEN“. 2016 წლის 30 მარტსა და 6 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ილიაუნის მუსიკის ცენტრის ინიციატივით, ნინო კოტრიკაძემ ჩაატარა ტრენინგები ილიაუნის სტუდენტებისთვის. ტრენინგების მიზანი იყო სტუდენტების დახმარება საკუთარი საკონცერტო და საფესტივალო ცხოვრების მართვაში, კერძოდ კი, ისეთი ჩვევების გამომუშავებაში, როგორებიცაა: შემოქმედებითი ბიოგრაფიის დაწერა, საკუთარი ვებგვერდის კონცეფციის ჩამოყალიბება, საკუთარი კონცერტებისთვის ახალი საკონცერტო და საფესტივალო სივრცეების მოძიება, ქართულ სინამდვილეზე მორგებული საფესტივალო იდეების განხილვა და სხვ. ტრენინგები წარიმართა დიალოგისა და მოსაზრებათა ურთიერთგაცვლის ფორმატით. წყარო: 1. presa.ge/new/?m=diaspora&AID=13636 2. www.observer.com.ge/2016/04/13/თვითმენეჯმენტის-7-წესი-რო/ 3. radio1.ge/ge/videos/view/132704.html
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |