The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ლევან სონღულაშვილი

ლევან სონღულაშვილი
დაბადების თარიღი:17 აგვისტო, 1991  (32 წლის)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

ვიზუალური არტისტი, ფერმწერი, გრაფიკოსი ლევან ზურაბის ძე სონღულაშვილი დაიბადა თბილისში, 1991 წლის 17 აგვისტოს. ხატვა სამი წლის ასაკიდან დაიწყო. მხატვრობისადმი განსაკუთრებული ინტერესისა და ნიჭის გამო, დედამ ადრეულ ასაკშივე შეიყვანა ხატვის წრეზე საქართველოს მოსწავლე–ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში.

ლევანი 6 წლიდან ხატავდა ფიგურატიულ კომპოზიციებს, ბიბლიურ და მითოლოგიურ სცენებს, პორტრეტებს. 9 წლის ასაკში დამოუკიდებლად თავისუფლად ართმევდა თავს ურთულეს სამხატვრო ამოცანებს, რაზეც სამხატვრო აკადემიის სტუდენტები მუშაობდნენ. იმ დროიდანვე იღებდა აქტიურ მონაწილეობას უამრავ ჯგუფურ, საერთაშორისო და საქალაქთაშორისო გამოფენაში, ხელოვნების ფესტივალებში. მიღებული აქვს არაერთი ჯილდო. 2008 წელს, მრავალი წარმატების აღსანიშნავად, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახალგაზრდა მხატვარს სპეციალური პრიზი და სამადლობელი წერილი გაუგზავნა.

2009 წელს თბილისში მოეწყო ლევან სონღულაშვილის შემოქმედების მასშტაბური პერსონალური გამოფენა. ამავე წელს იგი ჩაირიცხა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, სადაც, შემოქმედებით გამოცდაზე კომისიის უმაღლესი შეფასებით, სრულ საბაკალავრო კურსზე უფასოდ სწავლის შესაძლებლობა მოიპოვა.

2010 წელს, თბილისის სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში, მოეწყო პირველკურსელი მხატვრის მეორე პერსონალური გამოფენა, რომელიც საოპერო მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ გახსნა. 

ლევან სონღულაშვილის შემოქმედებით გერმანელებიც დაინტერესდნენ და 2011 წელს იგი ვიზუალური ხელოვნების პროექტით რამდენიმე თვით მიუნხენში მიიწვიეს, სადაც მან “ობააგამოს” დიდ თეატრში გააფორმა სპექტაკლი “იოზეფი და მისი ძმები”. დასავლურმა კულტურამ, გერმანულმა ფილოსოფიამ და ფსიქოანალიზმა გავლენა იქონია ახალგაზრდა მხატვრის მსოფლხედვაზე. უცხოეთიდან დაბრუნების შემდეგ მის შემოქმედებაში ახალი ეტაპი დაიწყო, რაც ახალ ექსპერიმენტებში გამოიხატა.

გერმანიაში ყოფნისას ფერმწერი გაეცნო მნიშვნელოვან ადგილებს უახლესი ისტორიიდან. ერთ-ერთი ასეთი იყო, საკონცენტრაციო ბანაკი დაჰაუში, რომლის მონახულებისას შოკი მიიღო და მძიმე შთაბეჭდილებები მაშინვე ტილოზე გადაიტანა. “იქვე შევქმენი ნამუშევარი, რომელმაც საკმაო მოწონება დაიმსახურა. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ეს ემოცია განელდებოდა და ის უკვე ყალბი იქნებოდა,”- განმარტავს ლევანი.

2013 წელს, სადიპლომო ნამუშევრების ექსპოზიციაზე, ლევან სონღულაშვილმა კომისიის მაქსიმალური შეფასება დაიმსახურა. აქ წარმოდგენილი იყო პორტრეტების სერია, რასაც მსოფლიო ასპარეზზეც მნიშვნელოვანი წარმატებები მოჰყვა. 

ახალგაზრდა ფერმწერის ნამუშევრები დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი შემოქმედების გამოფენებს კი საზოგადოების განსაკუთრებული მოლოდინი და დიდი ვნებათაღელვა ახლავს. ლევანის ხელოვნებას მრავალი არტ-კრიტიკოსი აფასებს, როგორც „უნიკალური შემოქმედება, დიდი ხელოვნება, ექსტრაორდინალური ნიჭი...“ ერთ-ერთის აზრით კი მხატვრის ნამუშევრებში: „განსხვავებული კულტურა იგრძნობა, რომელიც მარტო საშემსრულებლო კი არა, ტექნოლოგიური კონცეფციისა და კონცეფციის ტექნოლოგიური ინსტრუმენტალიზაციის მეტადონეზეა“. მის ნახატებს უმაღლეს შეფასებას აძლევენ უცხოური საინფორმაციო მედია წყაროებიც.

2014 წელს, თბილისის სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდგომ, 22 წლის ლევანმა გეზი ამერიკის შეერთებული შტატებისკენ აიღო, სადაც ენდი უორჰოლის მიერ დაარსებული, პრესტიჟული, ნიუ–იორკის სამხატვრო აკადემიის სამაგისტრო კურსის პირველი ქართველი სტუდენტი გახდა. მან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ყველაზე მაღალი გრანტი მიიღო, ამასთან, ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიის კომისიის რჩეული გახდა და სასტიპენდიო ჯილდოც მოიპოვა. მთელი წლის განმავლობაში ლევანი საქართველოს სახელით აქტიურად მონაწილეობდა ნიუ-იორკში გამართულ გამოფენებსა და მნიშვნელოვან სახელოვნებო პროექტებში. 2014 წლის ბოლოს კი ამერიკელ, ევროპელ და აზიელ ხელოვანებს შორის, აკადემიის მთავარი “Portrait Scholarship Award 2015”-ის ჯილდოს, 10 000 აშშ დოლარის მფლობელი გახდა. ეს ჯილდო დღემდე არც ერთ ქართველ ხელოვანს არ მიუღია.

“ძალიან მინდოდა მაგისტრატურა ევროპაში, ან ამერიკაში გამეგრძელებინა, თუმცა მაინც ევროპაზე ვფიქრობდი, რადგან ევროპული კულტურა გაცილებით ახლოს არის საქართველოსთან. მაგრამ ნიუ-იორკის აკადემიამ  დამაინტერესა და ძალები მოვსინჯე, გავაგზავნე პორტფელიო. ძალიან ბევრი წლობით აგზავნის მანდ თავის პორტფელიოს დადებითი პასუხის მოლოდინში. სპეციალურმა კომისიამ შეაფასა ჩემი ნამუშავრები და დროზე ადრე შემატყობინეს დადებითი პასუხი, “- მოგვითხრობს ლევან სონღულაშვილი.

თბილისის სამხატვრო აკადემიაში მან გრაფიკის მიმართულება დაამთავრა, თუმცა ნიუ-იორკში მაგისტრატურა ფერწერის მიმართულებით განაგრძო. ახალგაზრდა ხელოვანისთვის მნიშვნელოვანი არ არის მატერია. ადამიანის პორტრეტის შექმნისას აინტერესებს არა მისი ფიზიკური გარეგნობა, არამედ სულიერი სიღრმე. როგორც თავად ამბობს, – ადამიანის გარეგნობის მიღმა გადის. ამიტომ მის მიერ შექმნილი პორტრეტების სერია მოიცავს ეგზისტენციალურ თემატიკას. ეს არის სიმბოლური ხასიათის პოტრეტები ადამიანის არსებობისა და რაობის განზოგადებული თემებით.

2015  წლის 13 აპრილს, ლევან სონღულაშვილის ნახატები ნიუ-იორკის ერთ-ერთ ყველაზე ღირსშესანიშნავ ვიზუალური ხელოვნების გამოფენა-წვეულებაზე "Tribeca Ball 2015", გამოიფინა. ცნობილი სააუქციონო სახლების, ასევე, "ნიუ-იორკ თაიმზის", "არტ ინ ამერიკას", "უოლ სთრით ჟურნალის", "ნიუ-იორკერის" რედაქტორები და მათი წარმომადგენლები, ხელოვნების კრიტიკოსები, მხატვრები, ჰოლივუდის ვარსკვლავები და ა. შ. ესტუმრნენ ქართველი მხატვრის სახელოსნოს. დამყარდა მნიშვნელოვანი ურთიერთობები. შეკვეთა მიიღო იაპონელი კოლექციონერებისგანაც. მათ  ტოკიოსა და ნიუ-იორკის გალერეებისთვის მოისურვეს ახალგაზრდა მხატვრის ნამუშევრების შეძენა.

ლევანის ნამუშევრები დიდი პოპულარობით სარგებლობს საზღვარგარეთ და მსოფლიოში ცნობილი ადამიანების კერძო კოლექციებს ამშვენებს. ყოველწლიურ “Deck The Wall” -ის ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ლევანის ნახატები წარმატებით იყიდება. 2015 წლის ზაფხულში ასეულობით აპლიკანტიდან, სხვადასხვა ქვეყნის არტისტებს შორის, ჯეფ კუნსმა არჩევანი სწორედ მასზე გააკეთა და მანჰეტენზე, თავის კომპანიაში, უმნიშვნელოვანეს პროექტზე მუშაობა შესთავაზა.

2015 წლის 15 ოქტომბერს ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიისა და „სოთბის“ სააუქციონო სახლის ერთობლივად ორგანიზებულ გამოფენა-აუქციონზე – “Take Home a nude 2015” ლევან სონღულაშვილის ნახატი “მედუზა”, თანამედროვეობის ლეგენდარული არტისტების ნახატებთან ერთად,  ნიუ-იორკის “სოთბის” სააუქციონო სახლში გამოიფინა და გაიყიდა. "მედუზა" ვიზუალური ხელოვნების კონცეპტუალური ნაწარმოებია, რომელიც შერეული ტექნიკითაა შესრულებული ტილოზე. მხატვარმა ნახატი 22 წლის ასაკში, თბილისში შექმნა. ამჟამად კი ნიუ-იორკში მცხოვრები ამერიკელი არტ-კოლექციონერის პირად კოლექციაშია.

2016 წლის 24 ოქტომბერს ლევან სონღულაშვილის კიდევ ერთი ნახატი, 2012 წელს შესრულებული ნამუშევარი „მონაზონი“, იქნა წარმოდგენილი ნიუ-იორკის “სოთბის” გამოფენა-აუქციონზე – „Take Home a Nude 2016“. ისიც წარმატებით გაიყიდა და კვლავ ერთ–ერთი ამერიკელი კოლექციონერის კერძო კოლექციაში მოხვდა. ამავე წლის 4 ნოემბერს კი, მხატვრის ნამუშევრები ბრუკლინის მუზეუმში გამოიფინა. 

2015 წლის 31 დეკემბერს ლევან სონღულაშვილი წარდგენილი იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის ჯილდოზე – "წლის საუკეთესო", ნომინაციაში – „წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა სახვით ხელოვნებაში“. ეს არის პროექტი, სადაც ვლინდება წლის მოვლენა, ადამიანი და ინსტიტუცია, რომელიც თავისი მნიშვნელობით, საქმიანობითა და შედეგით "წლის საუკეთესოს" ჯილდოს იმსახურებს.

2016 წლის სექტემბერში ქართველი მხატვარი ლევან სონღულაშვილი მიღწევებისა და ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის ნიუ-იორკის შტატის ასამბლეამ დააჯილდოვა. ინფორმაციას მხატვრის ფეისბუქის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
წყარო:

1. https://ka.wikipedia.org/wiki/ლევან_სონღულაშვილი 

2. www.amerikiskhma.com/a/levan-songulashvili-art-in-nyc/3472200.html 

 



 


გააზიარე: