The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ნიკოლოზ ცისკარიძე

ნიკოლოზ ცისკარიძე
Date of birth:31 December, 1973  (50 years)
Category:Dancer

Biography

„ჩემთვის ბალეტი მთელი ცხოვრებაა, საზოგადოდ კი, ალბათ ყველზე მშვენიერი საერთაშორისო სახის ხელოვნებაა. საერთაშორისო იმის გამო, რომ ენობრივი ბარიერით არ არის შემოფარგლული, ნებისმიერ მაყურებელს ძალუძს მისი აღქმა. განურჩევლად ერისა, წარმომავლობისა... სწორედ ეს არის ბალეტის უპირატესობა,“ – ეს სიტყვები თანამედროვეობის ერთ–ერთ უდიდეს და გამორჩეულ მოცეკვავესა და ქორეოგრაფს ნიკა ცისკარიძეს ეკუთვნის.

ნიკოლოზ ცისკარიძე 1973 წლის 31 დეკემბერს დაიბადა თბილისში. დედა – ლამარა ცისკარიძე – იმედისმომცემო ფიზიკოსი იყო, მუშაობდა ობნინსკის სამეცნიერო ცენტრში. ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის გამო მისთვის მოვლენები ტრაგიკულად განვითარდა და ამიტომ თბილისში დაბრუნდა, სადაც ფიზიკასა და ასტრონომიას ასწავლიდა სკოლაში. მამასთან ურთიერთობა არ ჰქონია, ატარებს დედის გვარს.

მომავალი მოცეკვავე სცენამ, განსაკუთრებით თოჯინურმა თეატრმა, ადრეული ბავშვობიდანვე გაიტაცა, თავისი ხელით აკეთებდა თოჯინებს, რომელთა სიყვარული მოწიფულობაშიც არ განელებია და დიდი კოლექციაც შეაგროვა. თუმცა ცეკვისადმი სიყვარულმა ყველა სხვა ინტერესი დაჩრდილა. სწავლობდა თბილისის 162-ე სკოლაში ბახტრიონზე.  1984 წელს თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში მიაბარეს, სადაც პირველ სამ წელს მეცადინეობდა ირინა სტუპინასთან და ზურაბ ლაბაძესთან.  სულ მოკლე ხანში ისეთ წარმატებებს მიაღწია, რომ აშკარა გახდა: აუცილებელი იყო მისი მოსკოვში წაყვანა. სწავლობდა მარინა სემიონოვნას კლასში. 87 წლის ბალერინასთან მეცადინეობა იმდენად სრულფასოვანი და მნიშვნელოვანი იყო, რომ ნიკა ზოგჯერ მხცოვან მანდილოსანთან გადიოდა რეპეტიციას, თუმცა მისი პედაგოგ–რეპეტოტორი ნიკოლოზ სიმაჩოვი იყო. ნიკა ყველა პედაგოგისთვის განსაკუთრებით ძვირფასი და სასურველი მოწაფე იყო, მისი არაორდინალური მონაცემებისა და ცეკვისადმი მიდგომის  გამო, ყველაფერს სწრაფად ითვისებდა და უცბადვე რეაგირებდა შენიშვნებზე.  ნიკას მთავარი გამარჯვება ის იყო, რომ მთლიანად გამოიყენა ღვთისგან ნაბოძები ნიჭიერაბა და იმედი გაუმართლა არაერთ დიდ პედაგოგს, პირველ ყოვლისა, რა თქმა უნდა, პიოტრ პესტოვს, მარინა სემიონოვას, პედაგოგ–რეპეტიტორებს: გალინა ულანოვას, ნიკოლაი სიმაჩოვს, ნიკოლაი ფადეეჩევს. მისი როგორც საბალეტო მსახიობის ჩამოყალიბებაში თვალსაჩინო ღვაწლი მიუძღვით დიდი თეატრის საბალეტო დასის ვარსკვალვებსაც. ნიკა ცისკარიძე იხსენებს: „ პირველად იური გრიგოროვიჩმა სახელმწიფო გამოცდაზე მნახა. თურმე ძალიან მოვეწონე და წამიყვანა დიდ თეატრში. საერთოდ სასწავლებლის გამოსაშვებ გამოცდებზე ყოველთვის იწვევენ ხოლმე წამყვანი დასების სამხატვრო ხელმძღვანელებს, მათ შორის იყო გრიგოროვიჩიც. დიდი თეატრისათვის არჩეულ  მოცეკვავეებს შორის მე არ ვიყავი და, ალბათ ვერც მოვხდებოდი, რომ არა მისი ძალისხმევა“. ნიკას მოსკოვის დიდ თეატრში მისვლისთანავე მისცეს პარტიები – მერკუციო პროკოფიევის „რომეო და ჯულიტაში“ და კონფერანსიე შოსტაკოვიჩის „ოქროს საუკუნეში“. ერთი წლის შემდეგ იური გრიგოროვიჩი დიდი თეატრიდან წავიდა და ნიკა ცისკარიძის შემდგომი თეატრალური ცხოვრება ახალი ხელმძღვანელის, ვლადიმერ ვასილიევის შემოქმედებას დაუკავშირდა. საგანგებოდ ნიკასთვის დაიდგა ახალი სპექტაკი „პაგანინი“, რომელსაც საფუძვლად უდევს რახმანინოვის ცნობილი ნაწარმოები „რაფსოდია პაგანინის თემაზე“. ნიკასთვის დაიდგა ასევე „გედების ტბაც“, რომელიც კლასიკის ახლებური გააზრებით გამოირჩეოდა, მთავარი პერსონჟი გახდა ბოროტი ჯადოქარი და არა ვთქვათ,ოდეტა–ოდილია, როგორც ეს ჩაიკოვსკისთან იყო.

 ნიკა ცისკარიძე უკვე ცნობილი მოცეკვავე იყო ინგლისში, იაპონიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ირლანდიაში, ნორვეგიაში, როდესაც პირველი გასტროლი მშობლიური ქალაქში გაიმართა. 1995 წლის 15 და 18 ნოემბერს მან ჯეიმსის პარტია შეასრულა ბალეტ „სილფიდაში“. 1996 წლის 20 აგვისტოს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ნიკა ცისკარიძემ იცეკვა დებიუსის „ნარცისი“, ხოლო ტატიანა ტერეხოვასთან ერთად – „სილფიდა“. 1999 წლის 28-29 ივნისს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართა პეტრე ჩაიკოვსკის უკვდავი „მაკნატუნას“ (ქორეოგრაფი –იური გრიგოროვიჩი; მხატვარი – სოლიკო ვირსალაძე) პრემიერა, მთვარ პარტიებს ასრულებდნენ ნატალია არხიპოვა (მარი) და ნიკა ცისკარიძე (მაკნატუნა).

ქართული და მსოფლიო საბალეტო ხელოვნების განვითარებაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისათვის, მაღალი პროფესიონალიზმის, ნაყოფიერი შემოქმედებითი და საქველმოქმედო მოღვაწეობისათვის, მოსკოვის დიდი ბალეტის წამყვანი სოლისტი, რუსეთის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, რუსეთის სახალხი არტისტი ნიკოლოზ ცისკარიძე 2003 წლის 21 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა, ედუარდ შევარდნაძემ ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

2012 წლის 14 იანვარს მოსკოვში სლავური ლიტერატურისა და კულტურის საერთასორისო ფონდმა სახელგანთქმული მოცეკვავე ნიკოლოზ ცისკარიძე წმინდა ნინოს ორდენით დაჯილდოვა.

2013 წელი, ალბათ, ყველაზე მძიმე იყო ნიკა ცისკარიძის ცხოვრებაში. დიდი თეატრიდან დევნა დასკვნით ფაზაში გადაიზარდა, კრიმინალური სკანდალითა და ცისლიწამებით დასრულდა და ფაქრობრივად, თეატრის დატოვება მისი, როგორც კლასიკური მოცეკვავის, სასცენო დასასრულად იქცა. ნიკა ახალი გამოწვევბის წინაშე დადგა, გადაწყვიტა მიეღო შეთავაზება და პეტერბურგში რუსული საბალეტო აკადემიის რექტორის მოვალეობის შესრულებას შეუდგა. მისი, როგორც პედაგოგის საქმიანობა ისეთივე წარმატებულია, როგორიც მოცეკვავის იყო.

ნიკა ცისკაეიძემ თანამედროვე საბალეტო ხელოვნება სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანა, მისი სახელი შეტანილია საბალეტო ენციკლოპედიაში.

წყარო:

1. ნიკა ცისკარიძე : მსოფლიო ბალეტის ცისკრის ვარსკვლავი : [ფოტოალბომი / იდეის ავტ. და პროექტის ხელმძღვ. მანანა კარტოზია ; ტექსტზე მუშაობდნენ: მანანა კარტოზია, ელზა ნაბახტეველი, თამარ ქერეჭაშვილი ; მთარგმნ. და რედ. ელზა ნაბახტეველი ; ფოტ.: ნინა ალოვერტი, ვლადიმირ გლინინი, გია გოგატიშვილი [და სხვ.] ; სუპერის ფოტოს ავტ. იური მეჩითოვი. - თბილისი : შპს "სეზანი", 2014. - 396 გვ


Share: