The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ხაზიური ერეკლე

ხაზიური ერეკლე
Date of birth:1990  (34 years)
Category:Businessmen

Biography

ერეკლე ხაზიური აშშ–ში მოღვაწე ქართველი მეღვინეა. თბილისში დაწყებული ღვინის ბიზნესი მან ნიუ-იორკში განაგრძო, სადაც პრესტიჟულ უბანში თავისი ღვინის კლუბი აქვს.

ერეკლე 1990 წელს თბილისში დაიბადა, გაიზარდა გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში, სკოლის ბოლო წლები თელავში გაატარა. პროფესიით ბიზნეს-მენეჯერი, მეღვინის პროფესიას კალიფორნიაში, დევერსის აკადემიაში დაეუფლა. ბიზნესსაქმიანობით, პირველად, 16 წლის ასაკში დაკავდა, როცა ტურისტული სააგენტო "ქართველი მოგზაურები" ჩამოაყალიბა. 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომის შემდეგ ქვეყანაში შექმნილი ტურისტული კრზისის გამო კომპანია გაყიდა. ბიზნესსაქმიანობის შემდეგი ეტაპი კი უკვე ღვინოს დაუკავშირა. 2014 წელს თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე, მატარებლის ვაგონში გახსნილი ღვინის ბარი „კონკა“ დღევანდელი ბიზნესის წარმატების საწინდარი გახდა. მისი ღვინისადმი სიყვარული და პატივისცემა შეიძლება ითქვას, გენეტიკურია და როგორც თავად ამბობს, პაპისგან ერგო. ღვინის დაყენება ხაზიურების ოჯახის პირველი საოჯახო საქმე იყო. მას სერიოზული სახე მიეცა 2005 წელს, როდესაც ერეკლეს მამამ, გიორგი ხაზიურმა სოფელ ახაშენში ღვინის მასიური წარმოება დაიწყო და დღესდღეობით იგი უკვე ღვინის საკმაოდ დიდ რაოდენობას აწარმოებს.

„კონკა“ იყო პირველი ღვინის ბარი, რომელიც მხოლოდ ქართულ ტრადიციულ ქვევრის ღვინოებს უწევდა პოპულარიზაციას და ქართულ კერძებს უხამებდა დაახლოებით 97 დასახელების ღვინოს. „კონკა“ საკმაოდ მალე იქცა კოლორიტულ ადგილად და პოპულარობით სარგებლობდა ტურისტებსა და ღვინის გურმანებში. 2015 წელს კი საქართველოს საუკეთესო ღვინის ბარის სახელიც დაიმსახურა. ამას გარდა „კონკა”დიდი ბრიტანეთის სავაჭრო პალატის წევრიც გახდა. მოგვიანებით თბილისის მერიასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ერეკლემ და მისმა ბიზნესპარტნიორმა ბარი დახურეს.

2015 წელს ერეკლე ხაზიური ნიუ იორკში გადავიდა საცხოვრებლად. რამდენიმე თვის ჩასული იყო, როდესაც გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ დაბეჭდილ სტატიაში მისი თბილისის ღვინის კლუბი მსოფლიოს 52 ღირშესანიშნავ, აუცილებლად მოსანახულებელ ადგილს შორის 25-ე ადგილზე დაასახელეს. ამან ბიძგი მისცა და გადაწყვიტა,იტალიელ პარტნიორთან ერთად (მეთ ბალდასანო) მანჰეტენზე, „ისტ ვილიჯში“ - ადგილზე, სადაც ყველაზე მეტი ახალგაზრდა იკრიბება, სარდაფში, მცირე მეღვინეობა გაეკეთებინა. კლუბ “კონკა ვაინერში" 70–მდე ამერიკელი ახალგაზრდაა გაწევრიანებული. ერეკლე მათ ქართული ტრადიციული ტექნოლოგიით ღვინის დამზადების გამოცდილებას უზიარებს. კლუბის წევრები მონაწილეობას იღებენ დაწურვაში, ღვინის ჩამოსხმაში. ჭაჭაც კი გამოხადეს. ღვინის დამზადების ტექნოლოგია ტრადიციული ქართულია, მართალია ამერიკაში ქვევრების ჩატანა ჯერ ვერ მოხერხდა, მაგრამ ფერმენტაცია კეთდება ჭაჭაზე კონტაქტით ყოველგვარი ქიმიკატებისა და საფუარების გამოყენების გარეშე. შემოდგომაზე ყურძენი მოაქვთ კალიფორნიიდან, ნაპა ველიდან და თრეისი ფოოთ ჰილს ველიდან. ხოლო გაზაფხულზე სამხრეთ აფრიკიდან და ჩილედან. კლუბის წევრები აქტიურად მუშაობენ ახალ ჯიშებზე, რომლებსაც ქართულ ტექნოლოგიას უხამებენ. აწარმოებენ "მუსკატს", "ტემპრანილოს", "კაბერნეს", "ბარბერას", "მერლოს", "მალბეკს" და "შაბლის"... კლუბში ამ ღვინოს ყიდიან, ხდება დეგუსტაციები, ღვინის თემაზე იმართება პრეზენტაციები და სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები. კლუბს ხშირად სტუმრობენ ოფიციალური პირები და ეს ყველაფერი ძალიან მოწონთ.

ერეკლე ხაზიურის შეფასებით, –  „ ამერიკაში არ არის იმის პრობლემა, რომ მაღალი ხარისხის პროდუქცია მაღალ ფასში გაყიდო. შესაბამისად, მთავარია როგორ შეიფუთება, როგორ შეთავაზებ და როგორი იქნება დაინტერესება. ძირითადად ქართულ ღვინოზე ინტერესი გამომდინარეობს იქიდან, რომ არის სასიამოვნო დასალევი, ძალიან მდიდარია ტონებითა და არომატებით და, რაც ყველაზე მთავარია, ძალიან დიდი ისტორია აქვს. ღვინოს, უპირველესად, ყიდულობენ თვითონ კლუბის წევრები, შემდეგ რეალიზაცია ხდება ისეთ ღვინის ბარებსა და ღვინის მაღაზიებში, სადაც იციან ორგანულად სუფთა ღვინოები და ცნობენ ქართულ ღვინოს“.

ახალგაზრდა მეღვინე აღნიშნავს, რომ ქართულ ბუნებრივ ღვინოს ამერიკაში დიდი პოტენციალი აქვს და ქვევრში დაყენებულ ღვინოზე  მოთხოვნა იზრდება. შემდგომში წარმოების განვითარების კუთხით  გადაწყვეტილი აქვს ისეთი ღვინის ბარის გაკეთება, სადაც გაერთიანებული იქნება მეღვინეობა და სატრენინგო ცენტრი. დაინტერესებული პირები თეორიული განათლების მიღებას შეძლებენ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ კეთდება ქვევრში ღვინო, რა სტადიებს გადის და ა. შ. მომავალში ერეკლე ხაზიური ამერიკაში ქვევრების ჩატანას და ქართული მარნის გახსნას გეგმავს.

წყარო:

1. www.shin.ge/index.php?option=com_content&view=article&id... 

2. ick.ge/rubrics/economics/33774-i.html

3. businesscontract.ge/ka/article/niu---iorkshi-manhetenze-qartuli-gvinis-bari.../89
4. https://sputnik-georgia.com/positive/20170315/235204991/erekle-xaziuri.html

5. www.amerikiskhma.com/a/georgian-winemaker-in-ny/3050419.html

 


Share: