The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


თამარ კორძაძე

თამარ კორძაძე
Date of birth:197?
Category:Musician

Biography

„შესანიშნავი ტექნიკა“, მომნუსხველი ტემპერამენტი“, „აუდიტორიასთან ურთიერთობის გასაოცარი უნარი“ - ასე ახასიათებენ კრიტიკოსები ქართველი პიანისტის თამარ კორძაძის შემოქმედებას.

თამარის დაინტერესება ფორტეპიანოთი დედამისის, ნატალია სიხარულიძის დამსახურებაა. მისი განსაკუთრებული ნიჭი ადრეულ ასაკშივე შეამჩნიეს. კონცერტების ტრანსლირებამ ტელევიზიისა და რადიოს საშუალებით, ასევე, პრესაში გამოქვეყნებულმა ხელოვნების კრიტიკოსთა შეფასებებმა მუსიკოსს აღიარება ბავშვობიდანვე მოუტანა, როგორც საქართველოს ასევე ევროპის მასშტაბით. უკვე ექვსი წლის ასაკიდან მას რეგულარულად იწვევენ როგორც სოლო ისე ორკესტრთან შემსრულებლად ისეთ საკონცერტო დარბაზებში, როგორიც არის კარნეგი ჰოლი, Grand Teatre del Liceu, Tonhalle Zurich, Paleis Het Loo და სხვ.

თამარ კორძაძემ თბილისში დაამთავრა „ნიჭიერთა ათწლედი“ (პედ. დოდო ცინცაძე), შემდეგ ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ბაკალავრიატი და მაგისტრატურა (მანანა დოიჯაშვილის კლასი). 2004 წელს „ფონდ ლირას“ დაფინანსებით დაოსტატება შვეიცარიაში, ციურიხის ხელოვნების უნივერსიტეტში (ZhDK) განაგრძო. გაიარა ორწლიანი სტაჟირება პროფესორ კონსტანტინე შერბაკოვის კლასში, კიდევ ერთი წელი დოქტურანტურაში ისწავლა და აიღო პიანისტ–შემსრულებლის დიპლომი. სწავლის პერიოდში ჰქონდა საშუალება დასწრებოდა ისეთი ცნობილი შემსრულებლების მასტერკლასებს როგორებიც არიან: დიმიტრი ბაშკიროვი, ელისო ვირსალაძე, პაულ ბადურა-შკოდა, რუდოლფ ბუხბინდერი და ვლადიმირ კრაინევი.

პიანისტმა არაერთხელ მიაღწია წარმატებას სხვადასხვა ეროვნულ თუ საერთაშორისო კონკურსებზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი შემდეგი ჯილდოები: „კლასიკური სონატის საუკეთესო შემსრულებელი“ (საბერძნეთი); „დებიუსის პრელუდიის საუკეთესო შემსრულებელი“ (პორტუგალია); „კრიტიკოსების სპეციალური პრიზი“ (იტალია); ფონდ Nicati-de Luze-ს პრიზი და ლანდოლტის პრემია (შვეიცარია). გარდა ამისა იგი მრავალი პრესტიჟული სტიპენდიის მფლობელია: ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდებისთვის დაწესებული ყოველწლიური საპრეზიდენტო სტიპენდია (ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში); სტანისლავ ნეიჰაუზის ფონდის სტიპენდია; ასევე არის მოსკოვში გამართული საქველმოქმედო პროგრამის „ახალი სახელების“ სტიპენდიანტი.

ამჟამად თამარ კორძაძე ცხოვრობს და პროფესიულ მოღვაწეობას ეწევა შვეიცარიის ქალაქ ციურიხში. სოლო პიანისტის კარიერასთან ერთად მუსიკოსი აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას ეწევა. ის არის ასოციაცია „ახალგაზრდა კლასიკოსების“ თანადამფუძნებელი, მმართველობის წევრი და საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელი, მონტეპულჩიანოს (იტალია) საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის დამფუძნებელი და ვიცე პრეზიდენტი. თამარი იღვწის ქართველ ახალგაზრდა ხელოვანთა აღმოჩენისა და მხარდაჭერისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ მიზნით მას ურთიერთობა აქვს მრავალი მუსიკალური სასწავლებლის ხელმძღვანელობასთან, მისი კონტაქტები ეხმარება ასოციაციას ახალი ტალანტების აღმოჩენაში, მათ დაკავშირებასა და მათი ნიჭის განსავითარებლად სპონსორების მოძიებაში.

განსაკუთრებით აღსანიშნავია თამარ კორძაძის მიერ 2009 წელს ციურიხში დაფუძნებული საქველმოქმედო ასოციაცია "Vivace"-ს საქმიანობა. ასოციაციას ორი ძირითადი მიზანი აქვს: გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდა მუსიკოსების ხელშეწყობა და ლტოლვილი, მზრუნველობამოკლებული ბავშვების მხარდაჭერა. ნიჭიერ მოსწავლეებსა და სტუდენტებს გრანტების მეშვეობით ეძლევათ საშუალება მონაწილეობა მიიღონ კონკურსებში, გაემგზავრონ საერთაშორისო სამუსიკო მასტერკლასებზე (მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯების დაფარვის გათვალისწინებით). ამის გარდა "Vivace" ხელს უწყობს სტუდენტთა განათლებას სტიპენდიების, მუსიკალურ სასწავლებლებში სწავლების საფასურის გადახდის ან სასკოლო ბიბლიოთეკებისათვის თანამედროვე ლიტერატურის, სამუსიკო ნივთების, CD და DVD დისკების შეძენით და ა. შ. ასოციაცია „Vivace“ უკვე რამდენიმე წელია ეხმარება ქართველ ტალანტებს პროფესიულ ზრდასა და განვითარებაში. ასოციაციას, რომელსაც თავად თამარი ხელმძღვანელობს, ამ ხნის განმავლობაში 20-მდე პროექტი აქვს განხორციელებული და მისი მუშაობის შედეგად 50-მდე ახალგაზრდა ქართველ შემსრულებელს მიეცა უცხოეთში ორგანიზებულ მასტერკლასებზე დასწრების, საერთაშორისო კონცერტებში მონაწილეობისა თუ სწავლის გაგრძელების საშუალება.

უნდა აღინიშნოს, რომ თამარ კორძაძე აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწევა, ატარებს მასტერკლასებს ევროპის მრავალ წამყვან მუსიკალურ სასწავლებელში და არის რამოდენიმე საერთაშორისო კონკურსისა და ფესტივალის ჟიურის წევრი.

საქართველო-შვეიცარიის კულტურული კავშირების გაღრმავებასა და მუსიკალური ნიჭით დაჯილდოვებული ქართველი ახალგაზრდების მხარდაჭერას ემსახურებოდა 2015 წელს განხორციელებული „Vivace“ სამეტაპიანი საქველმოქმედო პროექტი „ალპებიდან კავკასიამდე“, რომლის ფარგლებში თბილისში გაიმართა ციურიხის ხელოვნების უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტთა ერთობლივი კონცერტი. ხოლო, ნიჭიერმა ქართველმა მუსიკოსებმა - თამთა მაღრაძემ, ცოტნე ცოცხალაშვილმა და თამარ მიდელაშვილმა, შვეიცარელ თანატოლებთან ერთად კონცერტი ციურიხის ხელოვნების უნივერსიტეტის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართეს. მათთან ერთად სცენაზე გამოვიდნენ გამოჩენილი მუსიკოსები, ციურიხის ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორები და მევიოლინე ლიანა ისაკაძე. პროექტის ფარგლებში ქალბატონმა ლიანამ მასტერკლასებიც ჩაუტარა შვეიცარიელ სტუდენტებს. მან აღნიშნა, რომ დიდი სიამოვნებით ჩაერთო თამარ კორძაძის ამ მნიშვნელოვან პროექტში, ვინაიდან იგი  საშუალებას აძლევს ქართველ სტუდენტებს განავითარონ თავიანთი შესაძლებლობები, გავიდნენ ფართო ასპარეზზე, გაითვალისწინონ ცნობილი მუსიკოსების რჩევები და დაამყარონ კონტაქტები თავიანთ თანატოლებთან უცხოეთში.

ამ წლების განმავლობაში თამარ კორძაძემ დახმარების ხელი მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებულ მრავალ ქართველ ახალგაზრდას გაუწოდა. 2012 წელს 8 მუსიკოსი წაიყვანა ბერნსა და ციურიხში კონცერტებით, 7 მოზარდი წაიყვანა იტალიაში (მონტეპულჩიანო) საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე და საშუალება მისცა თავიანთი შესაძლებლობები ევროპელი მაყურებლის წინაშე წარმოეჩინათ. მსგავსი კონცერტებით „Vivace“ 9 ქართველი მუსიკოსი წაიყვანა ახალგაზრდა ხელოვანთა ფესტივალზე ბაიროითში (გერმანია) და ახალგაზრდა მუსიკოსთა ფესტივალზე Youth Classics (გერმანია, შვეიცარია). ასოციაცია ეხმარება აგრეთვე ქართველ ახალგაზრდებს სტიპენდიებით, ინსტრუმენტებით, სასკოლო ინვენტარით.

"Vivace" მიზნად ისახავს, ასევე,  სპეციალური პროექტების განხორციელებას ლტოლვილ და მზრუნველობამოკლებულ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და მოზარდებისათვის. მათთვის მუსიკის გაკვეთილების, მუსიკალურ-თერაპიული კურსების დაფინანსებით. 

მრავალფეროვანი საზოგადოებრივი ცხოვრების პარალელურად მიმდინარეობს თამარ კორძაძის მეტად მნიშვნელოვანი შემოქმედებითი ცხოვრება. იგი კონცერტებს მართავს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და საქართველოს სახელი გააქვს საზღვარგარეთ.
პიანისტი აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწევა ციურიხის ხელოვნების უნივერსიტეტში, ატარებს მასტერკლასებს მთელი ევროპის მასშტაბით და რამდენიმე საერთაშორისო კონკურსის ჟიურის წევრიცაა.

წყარო:

1. www.ipress.ge/.../7263-tamar-kordzadze-saqartveloshi-musikaluri-instrumentebisa-da...  

2. www.vivacegeorgia.com/geabout-vivace 

3. https://www.vivacegeorgia.com/gefounder 

4. www.ambebi.ge/sazogadoeba/184240-alpebidan-kavkasiamde.html 



 




Share: