Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
თეა დემურიშვილი![]()
Biographyთეა დემურიშვილი 1969 წლის 22 აპრილს მუსიკალურ ოჯახში დაიბადა. ბებია – გალინა იშჩენკო ოპერის მომღერალი გახლდათ, მამა, ჰამლეტ დემურიშვილი კი, არაჩვეულებრივი ტენორის პატრონი. „ბედნიერი ბავშვობა მქონდა. თბილისში, მთაწმინდაზე დავიბადე და საბურთალოს ქუჩაზე გავიზარდე... 10 წლით უფროსი და მყავს, რომელიც პროფესიით ექიმია. მამას არაჩვეულებრივი ხმა ჰქონდა, დედაც მღეროდა და ჩემს სახლში სულ სიმღერა ისმოდა. ამბობენ, რომ მე ჯერ სიმღერა დავიწყე და მერე - ლაპარაკი“, – იგონებს მომღერალი. ბავშვობაში მსახიობობა უნდოდა და ამისთვის სერიოზულად ემზადებოდა – პიონერთა სასახლეში დადიოდა რეჟისორ ნუგზარ ბაგრატიონის ჯგუფში, მეტყველებას ელდინო საღარაძესთან ეუფლებოდა, მაგრამ მამა იყო წინააღმდეგი და მისი თხოვნით ჩააბარა კონსერვატორიაში. მანამდე, 1986 წელს, დაამთავრა თბილისის VII მუსიკალური სკოლა ფორტეპიანოს სპეციალობით (პედ.: ლ.ჯაყელი) და მამის დაჟინებით მოსმენაზე მივიდა „ნიჭიერთა ათწლედში“ ვოკალის პედაგოგ დიზი (ოლიმპ) ხელაშვილთან. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაშიც მის კლასში სწავლობდა და სწორედ მას უმადლის რომ აზრი შეეცვალა მომღერლის პროფესიაზე. „დღეს ბედნიერი ვარ, რომ ეს ნაბიჯი გადავდგი... სცენაზე მსახიობიც ვარ და მომღერალიც. სიმღერა შემიყვარდა დიზი ხელაშვილისა და ნოდარ ანდღულაძის (მასთან კონსულტაციებზე დავდიოდი) დამსახურებით. სხვათა შორის, რაც კი ჩემზე საზღვარგარეთ დაწერილა, ყველგან ხაზს უსვამენ ჩემს მსახიობურ მონაცემებს და ეს მახარებს“, – აღნიშნავს მომღერალი.. მომღერლის შემოქმედებაში ღირსშესანიშნავი იყო მილანში, ვერდის სახელობის დარბაზში გამართულ კონცერტში და ამავე დარბაზში კარუზოს ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოში მონაწილეობა ისეთ დიდ მუსიკოსებთან, როგორებიცაა: ფაბიო არმელიატო, პიეტრო კაპუჩილი, კარლო მარია ჯულინი. თეა დემურიშვილის არტისტული ბიოგრაფია მეტად შთამბეჭდავია. იგი სხვადასხვა წლებში მსმენელის წინაშე წარსდგა იტალიის, შვეიცარიის, სამხრეთ აფრიკის, ესპანეთის, არგენტინის, მექსიკის, საფრანგეთის ცნობილ საოპერო და საკონცერტო სცენებზე. მომღერალმა მონაწილეობა მიიღო მრავალ საერთაშორისო ფესტივალში, რომელთა შორის აღსანიშნავია უექსფორდის (ირლანდია), რადიო ფრანსის მონპელიეს და პარიზის სენ დენის (საფრანგეთი), სტრეზას და ვერდის სახელობის (იტალია) ფესტივალები; მადრიდში შეასრულა კარმენის (ბიზე "კარმენი"), ამნერისის (ვერდი "აიდა") პარტიები; 1999 წელს "რადიო ფრანსეს" ფესტივალზე – მთავარი პარტია (მასკანი "პარიზინა"), 2000 წელს ამავე ფესტივალზე – კასანდრა (ვ. გნეჩი "კასანდრა"), 2001 წელს ვერდის სახელობის ფესტივალზე შეასრულა აზუჩენას პარტია ჯ. ვერდის ოპერა „ტრუბადურში“. თეა დემურიშვილი თანამშრომლობს დირიჟორებთან: ჯ. არონოვიჩი, რ. დიმერი, ჟან–კლოდ კასადესუსი, დანიელე კალეგარი, ჯანანდრეა ნოსედა, რიკარდო ფრიცა, რ. ჯოვანეტი, ისააკ კარაბჩევსკი და სხვ.; მის პარტნიორთა შორისაა: ლადო ათანელი, მარჩელო ალვარესი, პაატა ბურჭულაძე, მარია გულეგინა, ევა მარტონი, დენია მაცოლა, ჯუზეპე საბატინი, ალბერტო კუპიდო, სალვატორე ლისიტრა, ილდარ აბდრაზაკოვი, რენე პაპე და სხვ.; „მადლობელი ვარ პაატა ბურჭულაძის, რომელიც პირველი იყო, ვინც ჩემი თავი გააცნო ქართველ მსმენელს. ეს იყო 2001 წელი. ვერდის "რეკვიემი" ჯერ მექსიკაში შევასრულე და მერე უკვე თბილისის ოპერაში“, – მოგვითხრობს ქალბატონი თეა. 2012 წლიდან თეა დემურიშვილი ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტია. მომღერლის რეპერტუარშია: კარმენი (ბიზე "კარმენი"), ამნერისი, მადალენა, აზუჩენა, პრესიოლა (ვერდი "აიდა", "რიგოლეტო", "ტრუბადური", "ბედის ძალა"), ადალჯიზა (ბელინი "ნორმა"), სუძუკი (პუჩინი "ჩიო-ჩიო-სანი"), თაღლითი მელა (იანაჩეკი "თაღლითი მელას თავგადასავალი"), ლიუბავა (რიმსი-კორსაკოვი "სადკო"), ფიოკლა ივანოვნა (მუსორგსკი "ქორწინება") და სხვ.; მრავალფეროვანია მისი საკონცერტო რეპერტუარი. გამოცემულია კომპაქტ-დისკები ქართველი მეცო-სოპრანოს შესრულებით – CD: Vittorio Hnecchi „Cassandra”, 2000; CD: Rimski-Korsakov. “Sadko”, 2000; Mascagni. “Parsina”, 1999. თეა დემურიშვილი საზღვარგარეთ ძირითადად ორ ქალაქში ცხოვრობს – მილანსა და მადრიდში, სადაც შექმნა მეორე ოჯახი. ამ ქორწინებიდან ჰყავს ქალიშილი, ანასტასია, რომელიც ჯერ პატარაა და ძერწვითაა გატაცებული. უფროსი შვილი, მომღერალი და მსახიობი ანდრია გველესიანი თბილისში ცხოვრობს. მისი მამა, დათო გველესიანი ანსამბლ „რუსთავის“ სოლისტია. ყველას ეგონა, რომ ანდრია მშობლების გზას გაჰყვებოდა, 12 წლის ასაკში ჯანსუღ კახიძის კაპელაში მღეროდა, მაგრამ მან მსახიობობა არჩია. „ანდრია თბილისში დაიბადა, ანასტასია - მადრიდში. ეს ქალაქი ძალიან მიყვარს და იმედია, ამის გამო არ დამძრახავთ. თბილისი ჩემი ქალაქია, მაგრამ მადრიდი არის ადგილი, სადაც ყველაზე კარგად ვგრძნობ თავს“, – გვიმხელს თეა დემურიშვილი. წყარო: 1. ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 146 2. www.opera.ge/State-Opera/Soloists/MezzoSoprano/tea_demurishvili.aspx 3. gza.ambebi.ge/.../2630-qarsthsvesli-mescossopsrasno-da-qckhovsresbaq-thvithsmsfsri... 4. https://www.youtube.com/watch?v=07uq14k0tYc 5. დემურიშვილი, თეა. თეა დემურიშვილი - ცხოვრება სცენაზე : პორტრეტი / ესაუბრა მაშკა ჟვანია // ბომონდი. - თბ., 2008. - ოქტომბერი. - გვ.36-42
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |