The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
Home  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
Texts are given in Georgian and English languages.


კიაზო ერისთავი

კიაზო ერისთავი
Legal name:გიორგი ერისთავი
Other name:კიაზო
Date of birth:11 November, 1821
Date of death:19 December, 1909  (at 88 years)
Category:Military Person

Biography

გიორგი (კიაზო) გიორგის ძე ერისთავი დაიბადა 1821 წლის 11 ნოემბერს, სოფელ ქისტაურში, ახლანდელი ახმეტის მუნიციპალიტეტი. ის იმ ზვიადი არაგვის ერისთავების შთამომავალი იყო, რომელთა ფეოდალური სამფლობელო დიდ როლს თამაშობდა საქართველოს ისტორიაში საუკუნეების განმავლობაში. 1743 წელს, ქართლ-კახეთის მეფემ ერეკლე II–მ არაგვის საერისთაო გააუქმა, ხოლო არაგვის ერისთავთა შთამომავალი ბეჟანი სოფელ ქისტაურში დაასახლა. გავერანებული სოფელი ბეჟანს აუღორძინებია და უკვე 1780-იანი წლებიდან მისი მარნები სახელგანთქმული გამხდარა მთელ კახეთში.

XIX საუკუნის 50-იანი წლებისთვის ბეჟან ერისთავის შთამომავალთა საკმაოდ დიდი ორი შტო იყო ქისტაურში, გენერალი კიაზო ერისთავისა და პოეტისა და დიდი ერისკაცის რაფიელ ერისთავის ოჯახების სახით. ამ ორ პიროვნებას ქისტაურში ხშირად სტუმრობდა ბევრი უცხოელი თუ ქართველი საზოგადო მოღვაწე: აკაკი წერეთელი, ილია ჭავჭავაძე, მარი ბროსე, ვაჟა-ფშაველა, ბოროზდინი, ზისერმანი და სხვა მრავალი ცნობილი ადამიანი. სწორედ ამიტომ, არავის გაჰკვირვებია, რომ რუსეთის არმიის გენერალ-მაიორს, კიაზო ერისთავს 1888 წელს თვით რუსეთის იმპერატორი - ალექსანდრე III ეწვია, თიანეთიდან კახეთის ამალით მიმავალ ხელმწიფეს თავადი ერისთავი გზად პურითა და ღვინით დახვდა და თავის სახელგანთქმულ მარანში უმასპინძლა. ცნობილია, რომ საქართველოში ამ მოგზაურობის შემდეგ ალექსანდრე III–მ საბოლოოდ უარი თქვა უცხოურ ღვინოზე და მხოლოდ ქართულ და ყირიმულს მიირთმევდა.

კიაზო ერისთავი სამხედრო სამსახურში იყო 1846 წლიდან. მონაწილეობდა ყირიმის ომში (1853-1856), როგორც გურიის რაზმის ოფიცერი; 1858 წლიდან მსახურობდა კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარებში; 1870 წლიდან მეთურობდა თერგის კაზაკთა ჯარის მოზდოკის პოლკს; იმავე წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება. მონაწილეობდა  რუსეთ-ოსმალეთის (1877-1878) ომში. 1889 წელს გახდა რუსეთის საიმპერატორო არმიის გენერალ-ლეიტენანტი. დაჯილდოებული იყო წმინდა ვლადიმირისა და წმინდა გიორგის ორდენებით.

გიორგი (კიაზო) ერისთავის მშობლები: მამა – გიორგი ბეჟანის ძე ერისთავი (1787–1822), დედა – ნინო ანდრონიკაშვილი (1793–1868), იმერეთის მეფის, ალექსანდრე V-ის შვილიშვილი, გენერალ მალხაზ ანდრონიკაშვილის და, ილია ჭავჭავაძის ნათლია.

კიაზო ერისთავი სამჯერ იყო დაქორწინებული: პირველად ნინო ლუარსაბის ასულ სუმბათაშვილზე (1827–1853); მეორე მეუღლე – თინათინ (თიკო) ალექსანდრეს ასული ჩოლოყაშვილი (1839–1870); 1878 წელს დაქორწინდა ანა ელიზბარის ასულ ქსნის ერისთავზე (1846–1898).

1898 წელს, ისტორიკოსმა ექვთიმე თაყაიშვილმა სოფ. ქისტაურში, კიაზო არაგვის  ერისთავის სახლში აღმოაჩინა ხელნაწერი, რომელსაც შემდგომში „ერისთვიანთ დაუჯდომელი“ უწოდა. ხელნაწერი ანა ელიზბარის ასულ ქსნის ერისთავის მზითევს წარმოადგენდა. 

გენერალ–ლეიტენანტი კიაზო ერისთავი გარდაიცვალა 1909 წლის 19 დეკემბერს, სოფელ ქისტაურში. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ მისი სახლი, მარანი და ზვრები სახელმწიფო სარგებლობაში გადავიდა.

1886 წელს, რაფიელ ერისთავმა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მიმართა თხოვნით, სოფელ ქისტაურში სკოლის გახსნის თაობაზე და ამავე წელს გაიხსნა ორწლიანი სასწავლებელი; რამდენიმე წლის შემდეგ სკოლა გადაკეთდა ოთხწლიანად, ხოლო 1933 წელს კი - კოლმეურნე-ახალგაზრდობის არასრულ შვიდწლიან სკოლად; ამასთან, სკოლა გადაიტანეს თავად კიაზო ერისთავის სახლში. სკოლა განთავსებული იყო მეორე სართულზე, ხოლო პირველ სართულზე იყო კიაზოს ცნობილი ღვინის მარანი. თუმცა შემდგომში ღვინოზე გაზრდილი მოთხოვნილების გამო წარმოება გაფართოვდა და 1954 წ. ქისტაურში ღვინის ახალი ქარხანა ამუშავდა.

წყარო: 

1. საქართველო: ენციკლოპედია: ტ. III.–თბ., 2014.–გვ.55

2. ka.rodovid.org/wk/პიროვნება:687687


Share: