The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ირინე რატიანი

ირინე რატიანი
Date of birth:1970  (54 years)
Category:Singer

Biography

ირინე რატიანი დაიბადა 1970 წელს, თბილისში. 1992 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი, შემდგომ ასპირანტურა, 1997 წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (პროფესორ მედეა ამირანაშვილის კლასი). 1995 წელს გახდა ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის ვოკალისტთა I რესპუბლიკური კონკურსის დიპლომანტი.

1995-98 წლებში მომღერალი სწავლობდა ოზიმოს საოპერო აკადემიაში - "Accademia d'arte Lirica e Corale". მისი პედაგოგები იყვნენ: სერჯო სეგალინი, მარიო მელანი, რაინა კაბაივანსკა. 1996 წელს, იტალიაშივე, მიიღო სპონტინის სახელობის ვოკალური დახელოვნების აკადემიის დიპლომი, პარალელურად დაამთავრა როსინის სახელობის აკადემია მაესტრო ალბერტო ძედას ხელმძღვანელობით.

1997 წელს ირინე რატიანმა გაიმარჯვა "ვერდის ხმების" საერთაშორისო კონკურსზე ბუსეტოში, სადაც იმავდროულად, როგორც კონკურსის საუკეთესო სოპრანო, დაჯილდოვდა როზა პონსელის ამერიკული ფონდის პრიზით და ვერცხლის მედლით.  ამავე წელს შედგა მისი ამერიკული დებიუტი ვაშინგტონში, ბოსტონსა და ბალტიმორში გამართული კონცერტებით.

1997-98 წლებში მომღერალმა გამართა კონცერტები იაპონიაში, გაიმარჯვა გასპარე სპონტინის სახელობის მეორე და რომის ვოკალისტთა მეოთხე საერთაშორისო კონკურსში; 1998 წელს გახდა ევროპის წლის საუკეთესო ახალგაზრდა მომღერალი და დაჯილდოვდა იტალიელ კრიტიკოსთა და "Opera-CD Classica"-ს პრიზით.

1996-2000 წლებში ირინე რატიანი, ყოველწლიურად, მონაწილეობდა მარტინა ფრანკას საოპერო ფესტივალში (იტალია); 2000 წელს ჯოაკინო როსინის ოპერაში "ოტელო" შეასრულა ოტელოს პარტია, რაც სოპრანოს მიერ ამ პარტიის შესრულების პირველი შემთხვევაა მე-20 საუკუნეში.

2001 წელს, როსინის სახელობის საოპერო ფესტივალზე მადამ კორტეზეს პარტიით შედგა მომღერლის დებიუტი როსინის ოპერაში „მოგზაურობა რეიმსში“; 2002–2003 წლებში კი, სპოლეტოს საოპერო მუსიკის ფესტივალზე (იტალია), ჯუზეპე ვერდის „მაკბეთში“ შეასრულა ლედი მაკბეთის როლი.

2003–2004 წლებში ირინე რატიანი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მღეროდა აიდას პარტიას (ვერდის „აიდა“); 2003 წელს მონაწილეობა მიიღო მოსკოვის დიდ თეატრში გამართულ ქართული კულტურის ფესტივალში და იმღერა საზეიმო გალა–კონცერტზე.
2005-06 წლები აღინიშნა მომღერლის სამი მნიშვნელოვანი დებიუტით: სოპრანოს პარტია ჯუზეპე ვერდის "რეკვიემში", ფიეზოლეს ორკესტრთან და გუნდთან ერთად (ფლორენციის საოპერო ფესტივალი); მედეა (ლუიჯი ქერუბინის "მედეა" - შატელეს საოპერო თეატრი, პარიზი); ლეონორა (ვერდი "ტრუბადური". თბილისის საოპერო დასთან ერთად  - შვედეთი, დალჰალას საოპერო ფესტივალი).

2007–2008 წლების სეზონზე ირინე რატიანი თბილისის ოპერის სცენაზე ანსახიერებდა დონა ანას (მოცარტის „დონ ჯოვანი“), ოდაბელას (ვერდის „ატილა“), აბიგაილს (ვერდის „ნაბუკოს“ საკონცერტო შესრულება).

2011 წელი აღინიშნა მომღერლის უდიდესი წარმატებით მარიბორის საოპერო სცენაზე, სადაც იმღერა ლეონორას პარტია ვერდის „ბედის ძალაში“ (სლოვენიის ნაციონალური თეატრი. დირიჟორი - მარკო ბოემი, რეჟისორი - პიერ-ფრანჩესკო მაესტრინი); 2013 წელს კი, ესტონეთში, საარემას საოპერო ფესტივალზე ასეთივე წარმატებით შეასრულა ოდაბელას როლი ვერდის „ატილაში“.  
ქართველ სოპრანოს თანამშრომლობა აკავშირებს ისეთ ცნობილ დირიჟორებთან, როგორებიც არიან: ალბერტო ძედა, ეველინო პიდო, პაოლო არივაბენი, დანიელე კალეგარი, რიკარდო ფრიცა, მარკო ბალდერი, ჯანლუკა მარჩანო, რობერტო მოლინელი, მარკო ბოემი, ზაზა აზმაიფარაშვილი, გოგი ჭიჭინაძე.

მომღერლის ჩანაწერებს შორისაა: ბორონის Messa di Requiem, როსინის "ოტელო", მოლინელის Montessoriana.

წყარო:

1. www.opera.ge/State-Opera/Soloists/Soprano/irine_ratiani.aspx

2. 24hour.itdc.ge/news/story/99257-musikaluri-saghamoebi-tbilisis-konservatorias

3. რატიანი, ირინე. პრემიერა ახლოვდება. ქართველი სოპრანოს პორტრეტი // 24 საათი. -  2005. - 28 იანვარი. - N19. - გვ.B2



Share: