The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


სოფიო ტაბატაძე

სოფიო ტაბატაძე
Date of birth:1977  (47 years)
Category:Painter

Biography

სოფიო (სოფო) ტაბატაძე დაიბადა 1977 წელს, თბილისში. დაამთავრა ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი და სწავლა თბილისის სამხატვრო აკადემიაში განაგრძო. პირველი კურსის დახურვის შემდეგ ჰოლანდიაში, ამსტერდამის გერიტ რითველდის აკადემიაში (Gerrit Rietveld Academie) გადავიდა, სადაც ბაკალავრის დიპლომი მოიპოვა. იყო ვიზუალური ხელოვნების სკოლის გაცვლითი პროგრამის მონაწილე (School of Visual Arts, ნიუ-იორკი/აშშ).

ამჟამად სოფო ტაბატაძე ცხოვრობს და მუშაობს ბერლინში, ოჯახთან - ქმართან და მცირეწლოვან ვაჟთან, ფილიპესთან ერთად. საქართველოში იგი გრაფიკულ ნახატებს ქმნიდა, ჰოლანდიაშიც ამ მიმართულებით განაგრძო სწავლა, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ მიხვდა, რომ ნახატებით ვეღარ გამოხატავდა თავის სათქმელს და გადავიდა ინსტალაციებზე. მხატვარი მუშაობს სხვადასხვა მედიაში. მისი კვლევის საგანი ხშირად არქიტექტურაა. არქიტექტურაზე დაკვირვებითა და მისი მხატვრულად გადათარგმნის შედეგად, ის ადამიანების პორტრეტებს და მათ ყოფას გვაჩვენებს.
სამაგისტრო დიპლომი ქართველმა ხელოვანმა რითველდის აკადემიაში მიიღო. „ვისწავლე ჰოლანდიის, ამსტერდამის რითველდის აკადემიაში ხუთი წელი ფერწერა–გრაფიკის სპეციალობით. მერე ვიცხოვრე როტერდამში და, რვა წლის გამოცდილების შემდეგ, იქ ყველაფერი გასაგები გახდა ჩემთვის. მივხვდი, საქართველოში უნდა დავბრუნებულიყავი’, – მოგვითხრობს სოფო.

2003 წელს მხატვარი საქართველოში ჩამოვიდა და ჩამოაყალიბა სახელოვნებო ორგანიზაცია „გეოეარი“, რომელიც კულტურულ პროექტებს, მხატვრებისა და კურატორების გაცვლას ემსახურება. იგი მონაწილეობას იღებს ათეულობით საერთაშირისო გამოფენაში. ხშირად იფინება საქართველოშიც. მისი შემოქმედების სფეროებია – ინსტალაცია, ვიდეო, გრაფიკა. სოფოს ნამუშევრების შესახებ დაწერილა მრავალ ქართულ ბეჭდვით მედიაში და ასევე საერთაშორისო სახელოვნებო ჟურნალებში – „კუნტსფორუმი“ (Kunstforum International) და „ფლეშარტი“ (Flesh Art International).

ხელოვანი მონაწილეობდა ისეთ გამოფენებსა და პროექტებში, როგორებიცაა “პროექტი როტერდამი” (2005, “Project Rotterdam”, Boijmans van Beuningen Museum /ბოიმანსის მუზეუმი, როტერდამი/ჰოლანდია), “Humancon Undercon” საქართველოს პავილიონი 52-ე ვენეციის ბიენალეზე (2007, ვენეცია/იტალია), “Buildings and Strangebuildings” (2007, სტამბულის მეათე საერთაშორისო ბიენალე, სტამბული /თურქეთი).

სტამბულის ბიენალეს ძირითადი პროგრამის საპატიო მოწვევა ხელოვანს მას შემდეგ მოუვიდა, რაც ვენეციის 52-ე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენაზე, მისმა ნამუშევრებმა განსაკუთრებით დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ბიენალეზე მიიწვიეს 100-ზე მეტი ხელოვანი 35 ქვეყნიდან და, მათ შორის, ერთ-ერთი ქართველი მხატვარი აღმოჩნდა. სტამბოლის მეათე ბიენალე ძირითადად ურბანულ საკითხებსა და არქიტექტურაზე იყო ორიენტირებული. სოფომ გამოფენაზე წარადგინა პროექტი სახელწოდებით "უცნაური შენობები”. მისი ნამუშევარი შედგებოდა ნახატებისა და შპალერისგან, რომელიც გადმოსცემდა ხელოვანის დამოკიდებულებას შენობებთან, საერთოდ, გარემოსთან და ასახავდა მათ ურთიერთზეგავლენას.  

სოფოს და მხატვარ ნადია წულუკიძის მიერ 2005 წელს დააარსდა მულტიმედიური პერფორმანსის ჯგუფი „ხინკალი–ჯუსი“. 2008 წლამდე ახალგაზრდები აქტუალურ სოციალურ თემებზე სხვადასხვა პერფორმანსებს დგამდნენ, მონაწილეობდნენ თანამედროვე ხელოვნების სხვადასხვა ფესტივალებზე, როგორც საქართველოში, ასევე, უცხოეთში. მნიშვნელოვანი იყო მათი მონაწილეობა გოეთეს ინსტიტუტის საერთაშორისო საგამოფენო პროექტ „საზღვარში“. ექსპოზიციისთვის შეირჩა „ხინკალი–ჯუსის“ 2006 წლის ვიდეორგოლი — „ქართული ჰიმნი“. ვიდეორგოლში ნადია წულუკიძე, სოფო ტაბატაძე და მისი და საქართველოს ეროვნულ ჰიმნს ასრულებენ — მღერიან, ვიოლინოზე უკრავენ და ამასობაში ვიოლინოს ბუდეში ფულს აგროვებენ. ვიდეორგოლი თბილისში, ევროპის მოედანზე და ბუშის ქუჩაზეა გადაღებული. „ეს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ჩვენი ირონიული რეაქცია იყო. იმ დროს, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა ევროპაში საქართველოს როგორც ტრადიციული ფასეულობების მქონე ტურისტული ადგილის პოპულარიზაცია დაიწყო, ეს ქართული ჰიმნი ყოველ ნაბიჯზე ისმოდა და ყველგან საქართველოს ნაციონალისტური პროპაგანდა მიმდინარეობდა. ამ დროს კი ჩვენ ფულს ვაგროვებდით, რადგან თანამედროვე ხელოვნებისთვის იმ დროს ჩვენ არანაირი სახსრები არ გაგვაჩნდა“, — მოგვითხრობს ნადია წულუკიძე.

პერფორმანს–პროექტი „ხინკალი–ჯუსი“ 2017 წლის 31 იანვრიდან 26 თებერვლამდე მოსკოვის თანამდეროვე ხელოვნების მუზეუმში იქნა ნაჩვენები. პროექტი შექმნილია აღმოსავლეთ ევროპის, გერმანიისა და ცენტრალური აზიის პარტნიორობით და რამდენიმე წელზეა გათვლილი. მოსკოვში გამართული გამოფენის შემდეგ, ექსპოზიცია გაემგზავრება სანქტ–პეტერბურგში, კრასნოიარსკში, კიევში, თბილისში, მინსკსა და დორტმუნდში, 2018 წელს კი თავის მოგზაურობას ცენტრალური აზიის ქვეყნებში გააგრძელებს.

ბილი დროის ინტერვიუებში სოფო ამბობს, რომ აპირებს კვლავ დაუბრუნდეს ხატვას, მაგრამ არა ადრინდელი სახით. „ახლა ჩემს ნამუშევრებში რაციონალური და ინტუიციური უნდა გაერთიანდეს“. – აღნიშნავს ხელოვანი.

უკენასკნელ წლებში სოფო ტაბატაძემ დოკუმენტურ კინოშიც მოსინჯა ძალები. 2011 წელს მან, სამ თანარეჟისორთან ერთად, გადაიღო ფილმი "გულო" (15 წუთი); 2015 წელს გამოვიდა მისი ფილმი "პირიმზე", რომელსაც წინ სამწლიანი კვლევა უძღოდა. ფილმი ეხება 1971 წელს თბილისში აშენებულ და 2007 წლამდე მოქმედ საყოფაცხოვრებო მომსახურების კომბინატ "პირიმზის" გარსემო მომხდარ სოციალურსა და ვიზუალურ ცვლილებებს. კვლევის მანძილზე სოფოს მიერ შეგროვილი მასალა მოიცავს პირიმზის არქიტექტურულ ნახაზებს, ტელერეპორტაჟებს, ამონარიდებს გაზეთებიდან და ფოტოებს წიგნებიდან, ინტერიერვიუს ყოფილ თანამშრომლებთან. ფილმი მაყურებელს წარსულში, საბჭოთადროინდელ საქართველოში აბრუნებს, "პირიმზის" ლაბირინტებში შეჰყავს და აკვიდება ხელოსნების ოსტატობას. ანბავი ახლად გარემონტებული შენობის – "პირიმზე პლაზას" კედლებს მიღმაც ვითარდება. მართალია, ძველი პირიმზე დაანგრიეს და მის ადგილზე ახლებური, თეორიულად მრავალფუნქციური (და სინამდვილეში უფუნქციო) ნაგებობა ააგეს, მაგრამ თავად ბრენდი – პირიმზე – ყოფილი კოლმეურნეობის მოედანზე თუ მიმდებარე ქუჩებზე შერჩენილ–გახსნილ სახელოსნოებს გადაუნაწილებიათ და აფათქებული "პირიმზე" უამრავ პატარა "პირიმზედ" გამსკდარა...

სოფო ტაბატაძის ინსტალაციაში რამდენიმე "ცოცხალი" ნამუშევარია ჩასმული, სადაც ამ პატარა "პირიმზეების" აჩრდილური ცხოვრება–მოღვაწეობაა უკვდავყოფილი, რაც ბუნებრივია, ძალიან აბსურდულ, მელანქოლიურ და შთამბეჭდავ სურათს ქმნის.

წყარო:

1. sophiatabatadze.blogspot.com/

2. https://ka-ge.facebook.com/radiotavisupleba/posts/10153292209012360

3. https://rebraindrain.wordpress.com/სოფო-ტაბატაძე-ბიოგრაფია/ 

4. www.radiotavisupleba.ge/a/ukhilavi-parda/26986806.html

5. კილასონია, სოფო. არომატული ჩაის მოყვარული ადამიანი : საქართველოვ, ჩვენ მოვდივართ!// 24 საათი. - 2006. - 9 მარტი. - N50 (1202). - გვ.A8


Share: