The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ილარიონ ქართველი

ილარიონ ქართველი
Legal name:ილარიონ დონაური
Date of birth:822
Date of death:875
Burial location:ჰრომანის (რომანა–წმიდას) ქართველთა მონასტერში, ბიზანტია
Category:Religious leader, Saint

Biography

ღირსი მამა ილარიონ ქართველი დაიბადა 822 წელს კახელი აზნაურის ოჯახში, დონაურთა გვარიდან. 6 წლის ასაკში სასწავლებლად ღირსეულ ბერს მიაბარეს. ილარიონი განსაკუთრებული ნიჭიერებით გამოირჩეოდა. როცა მამამისმა იხილა შვილის გულმოდგინება და ღვთის სიყვარული, იქვე სოფელში ააშენა მონასტერი, სადაც მალე 16 ბერმა მოიყარა თავი. 14 წლის ილარიონმა გადაწყვიტა მამის ზედმეტ ყურადღებას განრიდებოდა, დატოვა მონასტერი და გარეჯის უდაბნოში, პატარა გამოქვაბულში დაეყუდა. მალე მთელმა ქართლ-კახეთმა გაიგო მისი თავმდაბლობისა და დაუცხრომელი ლოცვის შესახებ და ლოცვა–კურთხევისა და რჩევა-დარიგების მისაღებად უამრავი ხალხი მიდიოდა. რუსთაველი ეპისკოპოსის თხოვნით, თავისი ნების წინააღმდეგ, ილარიონი მღვდლად აკურთხეს. მალე იგი იერუსალიმს გაემგზავარა წმინდა ადგილების მოსალოცად.

იერუსალიმის მოლოცვის შემდეგ ილარიონ ქართველი იორდანეს უდაბნოში ერთ გამოქვაბულში დაეყუდა. სამშობლოში დაბრუნებულს მამა და ძმები გარდაცვლილები დახვდა. დედამ მთელი საგანძური გადასცა და უთხრა, ისე განეგო, როგორც სათანადოდ მიიჩნევდა – ნაწილი ეკლესია–მონსატრების მშენებლობას მოახმარა, ნაწილი გლახაკებს დაურიგა. ილარიონ ქართველს დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველოში სამონასტრო ცხოვრებისა და მშენებლობის განვითარებაში, მისი ქტიტორული მოღვაწეობა დაკავშირებულია კახეთის სამ ძეგლთან – ფერისცვალების ეკლესია დავითგარეჯის ლავრაში, ე. წ. ილარიონ ქართველის ფილიალი იმავე ლავრაში და აკურის მამადავითის დედათა მონასტერი.

ილარიონ ქართველმა ცხოვრების უდიდესი ნაწილი საზღვარგარეთ გაატარა. კონსტანტინოპოლში ორ ძმასთან ერთად გაემგზავრა. ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ ულუმბოს მთას (მცირე აზია) მიაღწიეს. წმიდა ილარიონმა 5 წელი იღვაწა ულუმბოს მთაზე, შემდეგ კი წმიდა ადგილების მოსალოცად კონსტანტინოპოლს გაემგზავრა, აქედან რომში გაეშურა წმიდა პეტრე და პავლე მოციქულების საფლავების თაყვანსაცემად. რომში ორი წლი იცხოვრა და კონსტანტინოპოლში დაბრუნდა. გზად თესალონიკეში გაიარა და თაყვანისცა წმიდა დიმიტრი თესალონიკელის საფლავს. თესალონიკელებმა წმინდანს სთხოვეს მათთან დარჩენილიყო სამოღვაწეოდ და სადაც ისურვებდა იქ აუშენებდნენ მონასტერს. წმიდა ილარიონმა ცხოვრების დანარჩენი ნაწილი თესალონიკეში გაატარა. გარდაიცვალა 875 წელს, დაკრძალულია ჰრომანის (რომანა–წმიდას) ქართველთა მონასტერში.

ილარიონ ქართველის სახელზე თხზულებების მთელი ციკლია შექმნილი – ცხოვრებები და საგალობლები, როლებშიც ილარიონ ქართველი  წარმოგვიდგება, როგორც მონასტერთა მაშენებლი, წინამძღვარი, კახეთში დედათა და მამათა მონასტრების წესისა და კანონის დამდები.

წყარო:

1. ღირსი ილარიონ ქართველი, სასწაულმოქმედი // წმიდა პეტრე იბერი და მისი სამშობლო ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო . – თბ., 2016 . – გვ. 225-228.

2. ილარიონ ქართველი : 822-875 // 100 ქართველი უცხოეთში. - თბ., 2011. - გვ.165.

3. ქუთათელაძე, ზურაბ. ღირსი ილარიონ ქართველი (+875) // ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში : 100 რჩეული ბიოგრაფია / ზ. ქუთათელაძე. - თბ., 2011. - გვ.88-91


Share: