The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


პეტრე იბერი

პეტრე იბერი
Legal name:მურვანოსი
Date of birth:411
Date of death:491
Category:Theologian, Writer, Religious leader, Philosopher

Biography

მეხუთე საუკუნის დიდი ქართველი მოაზროვნე, ფილოსოფოსი, ღვთისმეტყველი, პელასტინაში მოღვაწე დიდი მღვდელმთავარი, ასკეტი და მეუდაბნოე, სირია–პალესტინასა და ეგვიპტეში ეკლესია–მონასტრების მაშენებელი, უცხოეთში პირველი ქართული კოლონიისა და ქართველთა სამონასტრო ცხოვრების დაამაარსებელი პეტრე იბერი სამეფო წარმოშობის გახლდათ. ერისკაცობაში მურვანოსი (სირიული წყაროებით, ნაბარნუგი) ქართლის მეფის ვარაზ–ბაკურის  ვაჟი და ბაკურ დიდის შვილიშვილი 411 წელს დაიბადა. სამეფო წარმომავლობის იყო დედამისიც – ბაკურდუხტი. მურვანოსის აღსაზრდელად სამეფო ოჯახს კოლხეთიდან მოუწვევია მითრიდატე ლაზი, თავის დროის უგანათლებულესი ადამიანი, ფილოსოფოსი, რომლსაც განათლება კოლხეთის ცნობილ რიტორიკულ სკოლაში ჰქონდა მიღებული.

ბიზანტია–ქართლის ურთიერთობაში შექმნილი რთული პოლიტიკური ვითარების გამო 423 წელს 12 წლის უფლისწული  კონსტანტინოპოლში გაგზავნეს მძევლად კეისარ თეოდოს II კარზე. უფლისწულს, სხვა პირებთან ერთად, კონსტანტინოპოლში თან გაჰყვა მისი აღმზრდელი და ნათლია მითრიდატე.

კეისარმა თეოდოს II-ემ და მისმა მეუღლემ ევდოკიამ ქართველი უფლისწული დიდი პატივით მიიღეს და სასახლეში დატოვეს სათანადო განათლების მისაღებად. თავისი ნიჭისა და მონდომების წყალობით მურვანოსმა კეისრის კარზე საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია, დაიმსახურა კეისრის ნდობა და მისი კავალერიის უფროსადაც დანიშნეს. მურვანოსს ბრწყინვალე კარიერა ელოდა, მაგრამ იგი თავიდანვე ამჟღავნებდა დიდ ინტერესს სასულიერო ცხოვრებისადმი. ამიტომ მურვანოსი რამოდენიმე ქართველთან ერთად (რომელთა შორისაც იყვნენ მითრიდატე ლაზი  და ზაქარია ქართველი) სასახლიდან გაიპარა და პალესტინას მიაშურა. იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე უფლისწული მურვანოსი და მისი მასწავლებელი მითრიდატე ბერებად აღიკვეცნენ, მურვანოსს პეტრე ეწოდა, მითრიდატეს – იოანე.  კეისარ თეოდოსის აქტიური მცდელობის მიუხედავად ისინი სასახლეში აღარ დაბრუნებულან.

ეგვიპტე, სირია და პალესტინა, სადაც პეტრე იბერი და იოანე ლაზი მრავალი წლის მანძილზე მოღვაწეობდნენ ის ქვეყნებია, რომლებიც იმ დროის სოციალური და რელიგიურ–იდეოლოგიური ბრძოლების ასპარეზს და ცენტრებს წარმოადგენდა.

445 წელს პეტრე იბერი და იოანე ლაზი მღვდელბად აკურთხეს, ხოლო 452 წელს პეტრე იბერი მაიუმის (ღაზის მახლობლად) ეპისკოპოსად განამწესეს. პეტრე იბერმა პალესტინასა და ეგვიპტეში მრავალი მონასტერი ააშენა, მათ შორის იერუსალიმში – ქართველთა მონასტერი, სასატუმრო სახლი და დაარსა სკოლა, რომელშიც ქართველების გარდა, ბერძნები, სირიელები და სხვებიც სწავლობდნენ.  პეტრე იბერისა და იოანე ლაზის აქტიური მოღვაწეობის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი სფერო იყო ეკლესია–მონასტრებისა და სასტუმროების ფართოდ გაშლილი მშენებლობა.

V საუკუნის II ნახევრის უდიდესი ფილოსოფოსისა და თეოლოგის პეტრე იბერის თხუზლებებს ჩვენამდე არ მოუღწევია. თუმცა მისი ბიოგრაფიული ცნობების შესწავლის საფუძველზე მიჩნეულია, რომ ქრისტიანულ აღმოსავლეთში და დასავლეთში კარგად ცნობილი ე. წ. არეოპაგიტული თხზულებების ავტორი სწორედ პეტრე იბერია.

პეტრე იბერის გარდაცვალების შემდეგ მალევე მეექვსე საუკუნის დასაწყისში მისი ცხოვრება ასურულ ენაზე აღწერა მისმა მოსწავლემ ზაქარია ქართველმა.  XIII საუკუნეში პეტრე იბერის ცხოვრება ქართულად თარგმნა მაკარი მესხმა.

პეტრე იბერი XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე წმინდანად შერაცხეს და მისი ხსენების დღედ 3 დეკემბერი დაწესდა.

პეტრე იბერსა და იოანე ლაზს არასოდეს გაუწყვეტიათ კავსირი სამშობლოსთან. შემთხვევითი არ არის რომ უცხოურ წყაროებში პეტრე ყველგან ქართველად  – იბერად იწოდება.

წყარო:

1. შუბითიძე, ვაჟა. პეტრე იბერი და იოანე ლაზი // ყველა დროის 100 უდიდესი ქართველი / ვ. შუბითიძე. - თბ., 2011. - გვ.21-25

2. პეტრე იბერი : 411-491 // 100 ქართველი უცხოეთში. - თბ., 2011. - გვ.240-243.

3. ქუთათელაძე, ზურაბ. პეტრე იბერი (V .) : მაიუმის ეპისკოპოსი. წმინდანი // ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში : 100 რჩეული ბიოგრაფია / ზ. ქუთათელაძე. - თბ., 2011. - გვ.82-83.

4. ცხოვრება და მოღვაწეობა წმიდისა და ნეტარისა ჩვენისა პეტრე ქართველისა, რომელიც იყო ძე ქართველთა მეფისა // წმიდა პეტრე იბერი და მისი სამშობლო ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო . – თბ., 2016 . – გვ. 247-291.


Share: