შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ალექსი ბაიდოშვილი![]()
ბიოგრაფიაალექსი ბაიდოშვილი საქართველოში დაიბადა და გაიზარდა. აქვე დაამთავრა სკოლა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩაირიცხა, თუმცა შემდგომ სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ, კერძოდ კი ჰოლანდიაში გადაწყვიტა. მისი მიზანი იყო სამედიცინო სფეროში სპეციალიზაცია და PHD, ანუ მეცნიერული კვლევების ჩატარება. საზღვარგარეთ 1994 წელს წავიდა. ისე მოხდა, რომ მისი საქართველოში მიღებული ცოდნა ჰოლანდიაში არ დაფასდა, რადგან ის კრედიტები, რომელიც საქართველოში სწავლის პერიოდში დააგროვა, საერთოდ არ უღიარეს და ხელახლა მოუხდა სამედიცინოზე ჩაბარება. მიუხედავად ბევრი პრობლემისა ალექსი ბაიდოშვილმა 2004 წელს დაასრულა სწავლა ქალაქ ამსტერდამის Vrije Universiteit-ის სამედიცინო ფაკულტეტზე, მიიღო სრული სამედიცინო განათლება და იქაური დიპლომიც აიღო. სწავლის დამთავრების შემდეგ იგი სტაჟირებას გადიოდა ჰოლანდიის წამყვან სამედიცინო დაწესებულებებში და სრულიად შემთხვევით, კვლევებთან დაკავშირებით, მოხვდა პათოლოგიის განყოფილებაში, სადაც უფრო ახლოდან გაეცნო პათოლოგ–ანატომიას. მედიცინის ამ დარგმა ახალგაზრდა მეცნიერი იმდენად დააინტერესა, რომ გადაწყვიტა შემდგომი განათლება–სპეციალიზაცია ამ მიმართულებით გაევლო. 2009 წელს მან დაამთავრა რეზიდენტურის სრული კურსი ამსტერდამის VU Medical Center-ის პათოლოგიის დეპარტამენტში და ჰოლანდიაში დარეგისტრირდა როგორც ექიმი სპეციალისტი – პათოლოგი. 2009 წლიდან ალექსი ბაიდოშვილი მუშაობს პათოლოგად აღმოსავლეთ ჰოლანდიის ქალაქ ენსხედეში არსებულ პათოლოგიის ლაბორატორიაში (LabPON) და ხელმძღვანელობს ციფრული პათოლოგიის ჯგუფს (პროექტის დირექტორი). LabPON-ი მისი ხელმძღვანელობით გახდა მსოფლიოში პირველი ლაბორატორია, რომელიც სრულად გადავიდა ციფრულ ტექნოლოგიაზე. 2014 წლიდან ის ციფრულ პათოლოგიაში ახორციელებს სამეცნიერო კვლევებს. ალექსი ბაიდოშვილი დღეს ჰოლანდიაში ერთ-ერთი ცნობილი და წარმატებული პათოლოგ-ანატომია. იგი ხელმძღვანელობს Image analysis პროგრამის ჯგუფს, რომელიც მუშაობს უახლესი ტექნოლოგიების დანერგვაზე პათოლოგიაში; არის IAP -ის ბრიტანული დივიზიისა და ჰოლანდიის პათოლოგთა ასოციაციის (NVVP) წევრი; უტრეხტის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის დოქტორანტი. ბატონი ალექსი ერთ–ერთი იმ პროფესიონალთაგანია, რომელმაც თავისი კარიერა საზღვარგარეთ ააწყო, თუმცა საკუთარი ქვეყანა არასდროს დავიწყებია. უცხოეთში მიღებულ გამოცდილებას იგი აქტიურად უზიარებს საქართველო ში მოღვაწე კოლეგებს და ამით ცდილობს საკუთარი წვლილი შეიტანოს სამედიცინო სფეროს განვითარებაში. როგორც თავად ამბობს ევროპაში მასავით ბევრი ქართველია, რომელიც სამედიცინო სფეროში წარმატებით მოღვაწეობს და მათი გამოცდილება საქართველოს ძალიან სჭირდება. „ენისა და ფინანსური პრობლემების გამო ჩემთვისაც და ჩემი მეუღლისთვისაც ეს რთული გზა იყო, მაგრამ გადავლახეთ ყველაფერი და ჩვენს შვილებთან ერთად ბედნიერი ცხოვრება ავაწყვეთ. სამშობლოში რომ ვიყოთ, უფრო ბედნიერები ვიქნებოდით. ჰოლანდიაც ჩვენს მეორე სამშობლოდ იქცა და ძალიან გვიყვარს“, – ამბობს ბატონი ალექსი. ჰოლანდიაში მყოფმა ქართველმა ექიმებმა გადაწყვიტეს გაერთიანებულიყვნენ და გაეკეთებინათ ისეთი რამ, რაც სარგებელს მოუტანდა ყველას, მათ შორის განავითარებდა სამედიცინო სფეროს საქართველოში. მსგავსი ტიპის გაერთიანების შესაქმნელად ისინი დაუკავშირდნენ ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოში მყოფ ქართველ კოლეგებს და ყველამ ერთად შექმნა ასოციაცია, სახელწოდებით GIMPHA – „Georgian International Medical and Public Health Association“. ასოციაციის მუშაობა საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. მათ ბევრი საინტერესო პროექტი განახორციელეს. მაგალითად, საქართველოში, კორპორაცია „ევექსთან“ ერთად, ჩაატარეს რამდენიმე კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდნენ, როგორც ადგილობრივი, ასევე საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი ექიმები და მათი უცხოელი კოლეგები. კონფერენციის მონაწილეებმა ახლოს გაიცნეს საქართველოში არსებული სამედიცინო სისტემა, გაიგეს რა პრობლემები არსებობდა და როგორ შეიძლებოდა მათი მოგვარება. მსგავს კონფერენციას დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც თითოეული ექიმისთვის, ასევე, მთლიანად ქვეყნისთვისაც. უკვე არსებობს რამდენიმე პრეცედენტი იმისა, რომ „ევექსმა“ მოიზიდა საზღვარგარეთ მოღვაწე 10-ზე მეტი წარმატებული ქართველი ექიმი, რომლებსაც საკმაოდ დიდი სამუშაო გამოცდილება აქვთ და დაასაქმა თავის ქსელში. ალექსი ბაიდოშვილი არის GIMPHA -ს (ქართული ინტერნაციონალური სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაცია) პრეზიდენტი; ის, ამასთანავე, არის საქართველოს პათოლოგთა და ციტოლოგთა ასოციაციის დამაარსებელი და ჰონორარული პრეზიდენტი; ინტერნაციონალური პათოლოგიის აკადემიის (IAP) ქართული დივიზიის დამაარსებელი და IAP -ში საქართველოს წარმომადგენელი. წყარო: www.mkurnali.ge/.../7698-aleqsi-baidoshvili-chveni-ambiciaa-rom-masala-skhva-sak... ჯოლია, სალომე. უცხოეთში მოღვაწე წარმატებული ქართველი ექიმები კოლეგებს გამოცდილებას უზიარებენ : სამედიცინო კორპორაცია "ევექსის" მხარდაჭერით ბათუმში მეორე საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია გაიმართა // პრაიმტაიმი. - თბილისი, 2015. - 15 ივნისი. - N23. - გვ.9
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |