The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


სოსო ნანობაშვილი

სოსო ნანობაშვილი
Date of birth:195?
Category:Medical Doctor

Biography

სოსო (იოსებ) ნანობაშვილმა 1977 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი მკურნალი ექიმის სპეციალობით. 1977-1980 წლებში თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის ასპირანტია; 1981-1984 წლებში გაიარა სტაჟირება სისხლძარღვთა ქირურგიასა და მიკროქირურგიაში. მოგვიანებით მან რუსეთის, შვეიცარიისა და ავსტრიის კლინიკებში პრაქტიკა გაიარა.

ვენაში სოსო ნანობაშვილი გაცვლითი პროგრამით გაემგზავრა, რათა შეესწავლა და აეთვისებინა ის მეთოდები, რომლებიც ვენის საუნივერსიტეტო კლინიკაში არსებობდა. ვენაში იგი სამეცნიერო საქმიანობაშიც ჩაება და გაცვლითი პროგრამის ვადის ამოიწურვის შემდეგ, მცირე ხნით საქართველოში დაბრუნდა.

1985-1991 წლებში სოსო ნანობაშვილი თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს სისხლძარღვთა ქირურგიისა და მიკროქირურგიის განყოფილების ქირურგია. 1991 წელს მას დაუნიშნეს ავსტრიის მეცნიერებათა და კვლევის სამინისტროს სტიპენდია და სამედიცინო კარიერა ვენაში გაეგრძელება შესთავაზეს. მისი ექსპერიმენტული გამოკვლევა გამოქვეყნდა ჟურნალში American Journal of Physiology.

ორ ათეულ წელზე მეტია ჩვენი თანამემამულე პროფესორია ვენის საუნივერსიტეტო კლინიკის სისხლძარღვთა ქირურგიის დეპარტამენტში. ვენის სამედიცინო უნივერსიტეტში მან ექიმის დიპლომის ნოსტრიფიკაციის პროცედურა დაასრულა და ავსტრიის ექიმთა ასოციაციაში ქირურგი-სპეციალისტის წოდება დაიმტკიცა.

2003 წელს სოსო ნანობაშვილმა დაიცვა დისერტაცია (ჰაბილიტაცია) ვენის სამედიცინო უნივერსიტეტში და ქირურგიის კლინიკური პროფესორი გახდა. ასევე მან მიიღო ვენის უნივერსიტეტის სისხლძარღვთა ქირურგიის განყოფილების პირველი უფროსი ექიმის თანამდებობა.

ამჟამად, პროფესორი ნანობაშვილი არის ვენის სამედიცინო ინსტიტუტის სისხლძარღვთა ქირურგიის განყოფილების ვიცე-ხელმძღვანელი (ვენის საერთო საავადმყოფო – Vienna General Hospital, Allgemeines Krankenhaus Wien); იგი არის, აგრეთვე, ვენის კერძო კლინიკაში პრაქტიკოსი ექიმი და სისხლძარღვთა ქირურგი-კონსულტანტია (Vienna Private Hospital, Wiener Privatspital).

სოსო ნანობაშვილს გამოქვეყნებული აქვს 170-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი,  ჟურნალებში: Circulation, Surgery, Journal of Vascular Surgery, British Journal of Surgery, European Journal of Vascular and Endovascular Surgery, Shock, World Journal of Surgery, European Surgical Research, და სხვ. 

სოსო ნანობაშვილი ფლობს ქართულ, გერმანულ, ინგლისურ და რუსულ ენებს და ასევე ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას, ატარებს საერთაშორისო ლექციებს.

პროფესორ ნანობაშვილის მთავარი პროფესიული მიმართულებაა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა დიაგნოსტიკა და მკურნალობა: ათეროსკლეროზი (პერიფერიული ბაიპას-ოპერაციები იშემიისა და განგრენის დროს, შევიწროვებული საძილე არტერიის ოპერაცია ინსულტის თავიდან აცილებისთვის), არტერიების ანევრიზმა (აორტისა და პერიფერიული ანევრიზმები), ვენების ვარიკოზული გაგანიერება და ა.შ.

საქართველოში ჩამოსვლისას  სოსო ნანობაშვილი ძირითადად ოპერაციებს აკეთებდა, მოგვიანებით კი გადაწყდა, რომ სტუდენტებისთვის ლექციებიც წაეკითხა. მან, "ქართველ მეცნიერთა ფორუმის" ფარგლებში, კოლეგების, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და დაინტერესებული საზოგადოების წინაშე წაიკითხა საჯარო ლექციები, რომლებიც თანამედროვე მედიცინის ყველაზე აქტუალურ თემებს ეხება. მისი თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება უაღრესად მნიშვნელოვანია ქართველი მედიკოსებისთვის. პროფესორი ნანობაშვილის თაოსნობით ქართველი სტუდენტები სტაჟირებას ვენის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადიან.

სოსო ნანობაშვილი საპატიო თბილისელია. ეს წოდება მას უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან –  სანკტ–პეტერბურგელ მსახიობ ოლეგ ბასილაშვილთან, ფრანკფურტში მოღვაწე ფილოლოგ მანანა თანდაშვილთან ერთად მიენიჭა და თბილისიც სიმბოლური გასაღებიც გადაეცა.

სოსო ნანობაშვილი უცხოეთში მოღვაწე სხვა ქართველებთან ერთად, არის ქართული ემიგრაციის ისტორიისა და გეოგრაფიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის საბჭოს წევრი. ამ ინსტიტუტის მიზნებს შორის ერთ–ერთი ქართული ემიგრაციის განფენილობის, ქართული დიასპორების, ემიგრაციის მიზეზებისა და შედეგების შესწავლაა.

სოსო ნანობაშვილი ვენაში მეუღლესა და ვაჟიშვილთან ერთად ცხოვრობს. მეუღლე – მანანა ლომიძე, მუსიკათმცოდნეა. იგი უცხოეთში თავისი სპეციალობით მუშაობს და იქაურ არქივებში საქართველოსა და მუსიკასთან დაკავშირებული დოკუმენტების მოძიება-შესწავლითაა დაკავებული.

news.ge/ge/news/.../188764-soso-nanobashvili-meditsinis-printsipia-ar-avno-patsients

vascularsurgery.at/ge

ნანობაშვილი, სოსო. ვენაში "განსაკუთრებულ" პაციენტებს განსაკუთრებული ექიმი ელოდებათ : ინტერვიუ / სოსო ნანობაშვილი ; ესაუბრა ელზა ნაბახტეველი // საერთო გაზეთი. - თბილისი, 2015. - 28 იანვარი. - N2. - ჩანართი "პატრიოტი". - გვ 16


Share: