Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
თამარ ბერაია![]()
Biographyთამარ ბერაია 1987 წელს თბილისში დაიბადა. ჰყავს ერთი წლით უფროსი და, ნათია, რომელიც ასევე პიანისტია. მათი პირველი მუსიკის მასწავლებელი დედა - თინათინ სხირტლაძე, იყო. ორივემ დაამთავრა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის "ნიჭიერთა ათწლედი" დოდო ცინცაძის ხელმძღვანელობით, შემდეგ ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, პროფესორ ნანა ხუბუტიას კლასი, შემდეგ მაგისტრატურაც მასთან გაიარეს. 9–10 წლისანი იყვნენ დები, როდესაც პირველი ადგილი დაიკავეს დუეტების საერთაშორისო კონკურსზე - სანქტ-პეტერბურგი 1997 წელი; ამავე წელს გავიდა თამარი თავის პირველ კონკურსზე – ვილნიუსი, ბ. დვარიონასის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი - და აქაც პირველი პრემია მოიპოვა. ამას მოჰყვა იტალია, „ბრავო–ბრავისიმოს“ სატელევიზიო ფესტივალი ქალაქ კრემონაში (1997). თამარ ბერაია მრავალი საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი და პრიზიორია. მათ შორის: ესპანეთის ქალაქ სანტანდერში პიანისტთა მე-17 საერთაშორისო კონკურსი – ბრინჯაოს მედალი და პუბლიკის "სიმპათიის" პრიზი (2012); "ახალი ვარსკვლავების" საერთაშორისო კონკურსი – გერმანიის ქალაქ ვერნიგეროდეში. პირველი პრემია (2010); თბილისის პიანისტთა III საერთაშორისო კონკურსი – 2005 წელი; ჰ. ნეიჰაუზის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი – სარატოვი 2000 წელი და სხვ. 2007 წელს დები ამერიკაში ჩაიყვანა პიანისტმა ეთერ ანჯაფარიძემ. ჰქონდათ სოლო კონცერტები, სადაც დუეტში უკრავდნენ და წარმატებული გამოსვლა – კონცერტი და ინტერვიუ – ჩიკაგოს რადიოს პირდაპირ ეთერში. თამარ ბერაია უკვე 4 წელია ცხოვრობს და მოღვაწეობს შვეიცარიაში, ბერნში. მან წარმატებით დაამთავრა ლუზერნის კონსერვატორია პროფესორ ივან კლანსკის ხელმძღვანელობით და მიიღო მაგისტრის წოდება. 2012 წელს ესპანეთში კონკურსზე მიღწეული წარმატების შემდეგ, თამარმა კონტრაქტი გააფორმა ცნობილ სააგენტოსთან ბერლინში, რომელიც წარმართავს მის შემოქმედებით მოღვაწეობას. პიანისტი რეგულარულად მართავს კონცერტებს ევროპის ცნობილ დარბაზებში. შვეიცარია, გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, ავსტრია – ეს ის ქვეყნებია, სადაც მისი კონცერტები წინასწარ, რამდენიმე წლით ადრეა დაგეგმილი… თამარის და - ნათია საქართველოში ცხოვრობს და მეუღლესთან, პიანისტ დაჩი თაქთაქიშვილთან ერთად მართავს საქველმოქმედო კონცერტებს. “კლასიკური მუსიკა საქართველოს ყველა კუთხეში” – ასე ეწოდება პროექტს, რომლის ფარგლებშიც მათ თითქმის მთელი საქართველო მოიარეს. კონცერტების გარდა ისინი დამწყები მუსიკოსებისთვის ატარებენ მასტერკლასებს და მათ ნიჭის რეალიზებაში ეხმარებიან. საქართველოში ჩამოსვლისას საქველმოქმედო კონცერტებს თამარიც უერთდება. ერთ–ერთი ბოლო საქველმოქმედო კონცერტი დებმა კონსერვატორიის დიდ დარბაზში გამართეს და შემოსული თანხა კონსერვატორიის დიდი დარბაზის ორგანის აღდგენას მოხმარდა. თამარ ბერაიას მეუღლე ბერნში საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობს. თამარის სიყვარულით მან ქართული ენა შეისწავლა და მისი ყველაზე დიდი გულშემატკივარია. წყვილს ერთი შვილი ჰყავს. წყარო: www.ghn.ge/print.php?print=74918 radio1.ge/ge/videos/view/136228.html ბერაია, თამარ. პიანისტი დების რეალური საქმე და სამომავლო გეგმები : ინტერვიუ / თ. ბერაია ; ესაუბრა დეა თავბერიძე // პრაიმტაიმი. - თბილისი, 2013. - 22 ივლისი. - N29. - გვ.46-47
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |