The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
Home  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
Texts are given in Georgian and English languages.


ოთარ ანჯაფარიძე

ოთარ ანჯაფარიძე
Date of birth:12 February, 1920
Date of death:27 May, 1996  (at 76 years)
Burial location:ტროეკუროვსკის სასაფლაო, მოსკოვი, რუსეთი
Category:Medical Doctor

Biography

ოთარ ანჯაფარიძე 1920 წის 12 თებერვალს ბათუმში დაიბადა. მამა – საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე გიორგი (გიზო) ნესტორის ძე ანჯაფარიძე აზნაურთა კლასს განეკუთვნებოდა. გიორგი ანჯაფარიძემ ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დამთავრების შემდეგ პეტერბურგში მიიღო უმაღლესი იურიდიული განათლება. 1912 წელს დაქორწინდა კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტის კურსდამთავრებულ, მოსკოველ ნინა ალექსანდრეს ასულ პროტაზანოვაზე. ახალდაქორწინებულები თავიდან მოსკოვში ნინას მშობლებთან ცხოვრობდნენ, შემდეგ ბათუმში გადავიდნენ.

გიორგი (გიზო) ანჯაფარიძე 1917–1919 წლებში საქართველოს ეროვნულ საბჭოს შემადგენლობაშია, 1919 წლიდან საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრია, 1920 წლის დამდეგიდან 1921 წლის მარტამდე (ბათუმში ბოლშევიკების შესვლამდე) ბათუმის ქალაქის თავია. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია–ანექსიის შემდეგ იგი აქტიურად ჩაება ანტისაოკუპაციო, ეროვნულ–განმათავისუფლებელ მოძრაობაში. 1922–1924 წლებში ასრულებდა „დამკომის“ ბათუმის კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას. 1924 წლის აგვისტოს აჯანყების ჩახშობისთანავე დააპატიმრეს (ზოგი ცნობით იმავე წელს დახვრიტეს, სხვა წყაროს მიხედვით კი ციმბირში გადაასახლეს, სადაც ბუღალტრად მუშაობდა და 1937 წლის რეპრესიებს შეეწირა).

მამის მხრიდან ოთარი ენათესავება მსახიობ ვერიკო ანჯაფარიძეს. გიორგის (გიზოს) მამა – ნესტორი და ვერიკოს მამა – ივლიანე ღვიძლი ბიძაშვილები იყვნენ.

ოთარს მამა არ ახსოვდა. დედა მრავალი წლის მანძილზე ბუღალტრად მუშაობდა საბჭოთა მეურნეობაში. ყმაწვილმა 1937 წელს ბათუმში დაამთავრა რუსული საშუალო სკოლა. 1938 წელს მოსკოვში ჩავიდა და  1–ელ სამედიცინო ინსტიტუტში ჩააბარა. სუსტი მხედველობის გამო სამედიცინო კომისია ვერ გაიარა და თავის ოცნებაზე - ქირურგობაზე იძულებული გახდა უარი ეთქვა, სამაგიეროდ ცნობილი ვირუსოლოგი გახდა.

მეორე მსოფლიო ომისას, ინსტიტუტის ევაკუაციის გამო, ოთარი სამშობლოში დაბრუნდა. 1943 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1943-1946 წლებში ბათუმის სანეპიდსადგურის მთავარი ექიმად მუშაობდა.   

1946 წელს ოთარ ანჯაფარიძე დაქორწინდა მოსკოველ ტატიანა ორლოვაზე (უცხო ენების სპეციალისტი) და საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. 1946 წლიდან მუშაობდა მოსკოვის სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში. 1963-1965 წლებში სსრკ ჯანდაცვის სამინისტროს ბაქტერიული და ვირუსული პრეპარატების წარმოების მთავარი სამმართველოს უფროსი იყო.

1957-1963 წლებში და 1965 წლიდან ოთარ ანჯაფარიძე განაგებდა მოსკოვის ვირუსული პრეპარატების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს, რომლის ერთ–ერთი  დამაარსებელი თავად იყო. ინსტიტუტში შეისწავლიდნენ ვირუსის საწინააღმდეგო იმუნიტეტის გამომუშავებისა და პოლიომიელიტის, ცოფის, ენცეფალიტის, წითელას, ყვავილისა და სხვა ინფექციურ დაავადებათა საწინააღმდეგო ვაქცინების წარმოების მეცნიერულ საფუძვლებს, იკვლევდნენ ვირუსული ინფექციის ქრონიკული ფორმების ჩამოყალიბების უჯრედოვან, ადამიანის ლევკოზის ვირუსულ ეტიოოგიასა და კანცეროგენეზის მექანიზმებს.

1976–1990 წლებში ოთარ ანჯაფარიძე იყო რუსეთის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის ჰიგიენის, ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის განყოფილების აკადემიკოს–მდივანი; მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1964); პროფესორი (1967); რუსეთის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის წევრ–კორესპონდენტი (1971); რუსეთის ბიოტექნოლოგიის აკადემიის აკადემიკოსი (1990); რუსეთის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის მრჩეველი (1990), აკადემიკოსი (1998); სსრკ ჯანდაცვის სამინისტროს ვაქცინებისა და შრატების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; უჯრედთა კულტურების საერთაშორისო კომიტეტის წევრი და საერთაშორისო ჟურნალ "Acta virusologica"-ს თანარედაქტორი, 1990 წლიდან - "Вопросы вирусологии" -ის მთავარი რედაქტორი; მრავალი წლის მანძილზე მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის ექსპერტი ვირუსული ინფექციების მიმართულებით.

მეცნიერი ავტორია 400–ზე მეტი ნაშრომისა, მისი ხელმძღვანელობით დაცულია 30–ზე მეტი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია. იგი დაჯილდოებულია ოქტომბრის რევოლუციის, ხალხთა მეგობრობის, ლენინისა და შრომის წითელი დროშის (ორგზის) ორდენებით.

ოთარ ანჯაფარიძე გარდაიცვალა 76 წლის ასაკში, 1996 წლის 27 მაისს. დაკრძალულია მოსკოვის ტროეკუროვსკის სასაფლაოზე. მემკვიდრე არ დარჩენია.

წყარო:

1. https://ka.wikipedia.org/wiki/ოთარ_ანჯაფარიძე

2. https://ru.wikipedia.org/.../Анджапаридзе,_Отар_Георг...

3. бмэ.орг/index.../АНДЖАПАРИДЗЕ_Отар_Георгиеви... 

4. https://www.proza.ru/2014/11/05/642

 


Share: