The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


დუდანა მაზმანიშვილი

დუდანა მაზმანიშვილი
Date of birth:1980  (44 years)
Category:Musician

Biography

მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი, პიანისტი დუდანა (დუდი) მაზმანიშვილი დაიბადა 1980 წელს, თბილისში. მუსიკალური ნიჭი ძალიან ადრე გამოამჟღავნა. სამი წლის ასაკში მუსიკას უსმენდა და ორი თითით მარტივ მელოდიებს უკრავდა კიდეც, ხუთი წლისამ ოპერისა და ბალეტის თეატრში "აიდა" ნახა და მთელი ცხოვრება ოპერით დაავადდა, ხოლო რვა წლისამ, ორკესტრთან ერთად, მოცარტის საფორტეპიანო კონცერტი შეასრულა.

6 წლის ასაკიდან დუდანა სწავლობდა მუსიკალურ ათწლედში, დედის, ცნობილი პედაგოგის, თამარ აფაქიძის მკაცრი და ობიექტური მეთვალყურეობით. მამა – დავით მაზმანიშვილი არქიტექტორი იყო. ბაბუა –ანდრია აფაქიძე, სახელოვანი მეცნიერი, ისტორიკოსი და არქეოლოგი. 

პირველი სერიოზული წარმატება პატარა მუსიკოსთან 11 წლის ასაკში მოვიდა, როდესაც ჩატარდა კონკურსი სახელწოდებით „ახალი სახეები“. დუდანა ყველაზე უმცროსი მონაწილე იყო, მაგრამ ისე  შეასრულა ბახის ნაწარმოები, რომ ყველას დაამახსოვრა თავი.  

„დუდანა განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით გამოირჩევა და მიეკუთვნება იმ ახალგაზრდა მუსიკოსთა რიცხვს, რომლებსაც შესწევთ უნარი ფართოდ გაუთქვან სახელი საქართველოს მუსიკალურ კულტურას" - ეს სიტყვები დუდანა მაზმანიშვილის მიერ საკონკურსო მწვერვალების დაპყრობამე დიდი ხნით ადრე წარმოსთქვა მაესტრო ჯანსუღ კახიძემ. მათი ტანდემი წარმატებული გამოდგა. როდესაც დუდანა საქართველოში აღარ ცხოვრობდა, ბატონ ჯანსუღს მოწვევაზე და კონცერტში მონაწილეობაზე უარს არასდროს ეუბნებოდა. დღესაც ამბობს, რომ ბედნიერია, რომ მასთან ურთიერთობა მოასწრო.

თბილისის კლასიკური გიმნაზიისა (ყოფილი N1 საშუალო სკოლა) და მუსიკალური ათწლედის დამთავრების შემდეგ, დუდანა მაზმანიშვილმა 1998 წელს, გაცვლითი პროგრამით, სწავლა გააგრძელა მიუნჰენში, უმაღლეს მუსიკალურ სკოლაში. ბედმა გაუღიმა და მოხვდა ელისო ვირსალაძის კლასში, რომელმაც მისი, როგორც პიანისტის ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა მოახდინა. „ძალიან გამამდიდრა ქალბატონ ელისოსთან ურთიერთობამ. ის დიდ მოთხოვნებს უყენებს ყველა მის მოსწავლეს და პირველ რიგში, საკუთარ თავს. სწორედ ამით არის ყველასგან გამორჩეული. ბუნებრივია, როცა მის კლასში სწავლობ, ეს თვისებები გადამდებია და უფრო მომთხოვნი ხდები საკუთარი თავის მიმართ...“, – ამბობს დუდანა.

სწორედ მიუნჰენში შეასრულა პიანისტმა პირველად რახმანინოვის მესამე საფორტეპიანო კონცერტი, რომელმაც პუბლიკასაც და მუსიკის კრიტიკოსებსაც საამო ესთეტიკური შოკი მოჰგვარა. 2007 წლის ნოემბერში მან გამართა კონცერტი ნიუ-იორკის ლეგენდარულ Carnegie Hall-ში. როგორც თავად ამბობს, ეს არის დღევანდელი "საკონცერტო კოლიზეუმი"და ალბათ, არ არსებობს დედამიწაზე მუსიკოსი, რომელიც  არ ოცნებობს ამ ყველასთვის პრესტიჟულ დარბაზში გამოსვლაზე.

ნიუ-იორკში გამართული კონცერტის შემდეგ კრიტიკოსმა ჰარი გოლდსმიტმა ჟურნალ New York Concert Review-ში დუდანა მაზმანიშვილის შესრულება ასე შეაფასა: "ის ნამდვილი ჯადოქარია. მას უდიდესი ორკესტრის ჟღერადობისა და მომღერლის უნაზესი ბგერა აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ეს არის ის შესრულება, რომელიც სურდათ ლისტსა და ვაგნერს!" "მის პიანიზმში შერწყმულია ბრწყინვალე ვირტუოზულობა, ინტელექტუალური დისციპლინა და ნამდვილ კლასიკოსთა დარბაისლური მანერა", –  დაწერა Musical America-მ.

2007 წლის ბოლოს ჩამწერმა სტუდია OEHMS-მა გამოსცა დუდანა მაზმანიშვილის პირველი ალბომი ბახის, ბუზონის, ლისტისა და რახმანინოვის შესრულებით. მოგვიანებით ეს ალბომი გერმანული კლასიკური რადიოს BR4-ის ფავორიტადაც დაასახელეს და მასში შესული ნაწარმოებები დღემდე ჟღერს ამ პოპულარული რადიოსადგურით.

2009 წელს ბრიტანულმა ჟურნალმა International Piano-მ დუდანა წლის საუკეთესო ამომავალ ვარსკვლავად დაასახელა.

პიანისტის წარმატებული საკონკურსო გამოსვლების ნუსხა მართლაც ვრცელია და საპატიო: ნიკოლაი რუბინშტაინის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის გრან-პრი პარიზში, ვაშინგტონის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის მთავარი პრიზი; ფერუჩო ბუზონის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი მილანში; აუგუსტ ევერდინგის სახელობის პრიზი მიუნჰენში, ნადია რაიზენბერგის პრემია ნიუ-იორკში...

შემდეგ იწყება გაუთავებელი, მაგრამ წარმატებისთვის აუცილებელი საგასტროლო ტურნე. მუსიკოსი სოლო კონცერტებს მართავს ბერლინის, მიუნხენის, ვენის, მოსკოვის, პარიზის ცნობილ საკონცერტო დარბაზებში. შემდეგ ისევ ამერიკა, პრესტიჟული "როკფელერ ცენტრი", მის შემოქმედებას თითქოს ახალი პალიტრა და სიღრმე ემატება. იცვლება ხასიათი და განწყობა, პიროვნული დამოკიდებულება და მიდგომა მუსიკისადმი, მაგრამ უცვლელი რჩება "მომავლის პიანისტის" იმიჯი და მისი სტატუსი - ლეგენდარული პიანისტისა და პედაგოგის, ელისო ვირსალაძის მოწაფე.

პედაგოგებში დუდანას მართლაც გაუმართლა, მიუნჰენის შემდეგ მის ცხოვრებაში ჩნდება ჯერომ როუზი - დახვწილი მუსიკოსი და საფორტეპიანო ფესტივალის ორგანიზატორი, რომელმაც 2005 წელს ნიუ-იორკში მიიპატიჟა და მის მიმართ მართლაც მამობრივი მზრუნველობა გამოიჩინა. მისი ფესტივალის მეშვეობით ქართველი მუსიკოსის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა, რაც ძალიან დაეხმარა მუსიკალურ სამყაროსთან კონტაქტის დამყარებაში. დუდანამ ორი წელი გაატარა ნიუ-იორკში, ყველაზე ხმაურიან, ნევროზულ და კულტურული მოვლენებით აღსავსე ქალაქში. დაამთავრა ერთი მაგისტრატურა, შემდეგ მეორე და ბერლინში დაბრუნდა, სადაც დღემდე ცხოვრობს.

დუდანა მაზმანიშვილის რეპერტუარი ძალიან ფართოა. აქ ნახავთ, როგორც ცნობილ, ასევე, შედარებით ნაკლებად ცნობილ თანამედროვე კომპოზიტორებს: ბახი, შუბერტი, რახმანინოვი, შოსტაკოვიცი, მოცარტი, გოდოვსკი, ვებერი. იგი ყურადღებით სწავლობს მისთვის საინტერესო პიანისტების შემოქმედებასაც. მათ შორის საპატიო ადგილი უჭირავთ: მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში მოღვაწე სოლომონ კატნერს, ანი ფიშერს, რომლის შემოქმედებასაც ძალიან აფასებს, დინუ ლიპატის, რომელიც ინტელექტუალური დაკვრით გამოირჩევა, რეფორმატორ ალფრედ კორტოს და გენიალურ იმპროვიზატორსა და შემსრულებელს, ფერუჩო ბუზონის...

მუსიკოსს თბილისი მუდმივად ენატრება და ხშირად ჩამოდის ხოლმე, ზოგჯერ გაუფრთხილებლადაც, უყვარს სიურპრიზები... აქ მისთვის ყველაფერი ძვირფასია. დუდანას პიროვნული და შემოქმედებითი მეგობრობა აკავშირებს დირიჟორ ნიკოლოზ რაჭველთან და ისინი ხშირად მართავენ ერთობლივ კონცერტებს. ასე მაგალითად: 2011 წლის თებერვალში დაუკრეს რახმანინოვის კონცერტი №2; 2013 წლის ზაფხულში ევგენი მიქელაძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში ნიკას ინიციატივით გამართულ გამოსვლაში დუდანა მოცარტის N12 საფორტეპიანო კონცერტს არა მხოლოდ უკრავდა, არამედ დირიჟორობდა კიდეც.

დუდანა მაზმანიშვილი მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანია. ოჯახური ტრადიციებიდან გამომდინარე, მას აინტერესებდა არქეოლოგია და სერიოზულად ფიქრობდა ამ პროფესიაზე; შემდეგ სერიოზულად გაიტაცა ჭადრაკმა; დღესაც უყვარს გოლფი და პოლო... ბავშვობიდანვე კარგად ხატავდა და გამოფენებშიც არაერთხელ მიუღია მონაწილეობა. რვა წლისას ჰქონდა პერსონალური გამოფენა. ახლაც სიამოვნებით ხატავს თუკი თავისუფალი დრო გამონახა. ამავე დროს, ბავშვობიდან ძალიან სწრაფად ითვისებდა უცხო ენებს, რაც ძალიან გამოადგა. მშობლიური ქართულის გარდა, ამჟამად თავისუფლად საუბრობს გერმანულ, ჩეხურ, ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებზე.

დუდანა იზიარებს აღორძინების ხანის იტალიელი ჰუმანისტისა და ფილოსოფოსის, ვიტორინო და ფელტრეს დოქტრინას, რომელსაც სიცოცხლის თავისებური, პოზიტიური გაგება აღწერილი აქვს ნაშრომში "სიხარულის სახლი". ამის შესახებ იგი თავად საუბრობს ვიდეობლოგში ფილოსოფოს გიორგი მაისურაძესთან და სოციოლოგ ირაკლი კაკაბაძესთან ერთად.

2008 წლის აგვისტოს ომმა მის ცნობიერებაში ბევრი რამ შეცვალა. "2008 წლის ომის დროს საქართველოში ვიყავი და მივხდი, რომ აუცილებლად რაღაც უნდა გამეკეთებინა დასავლეთში ჩვენს შესახებ სწორი საზოგადოებრივი აზრის ჩამოსაყალიბებლად. ამიტომ ყველა შესაძლებლობას ვიყენებდი ჩემი კონტაქტები გამომეყენებინა - ხელოვნების სფეროდან დაწყებული, პოლიტიკური წრეებითა და მედიით დამთავრებული, – ამბობს დუდანა. იგი, როგორც წარმატებული მუსიკოსი და ბერლინის არტ-წრეებში სასურველი სტუმარი, გახდა ქართველების კონსულტანტი კულტურის, საზოგადოებასთან და პრესასთან ურთიერთობისა საკითხებში. 2013 წლის სექტემბრიდან კი, უკვე, როგორც დიპლომატმა, ოფიციალურად დაიკავა გერმანიაში საქართველოს "კულტურის ატაშეს" თანამდებობა.

წყარო:

1. premieri.ghn.ge/com/news/view/376

2. მაზმანიშვილი, დუდანა. ლეგენდარული ქართველი პიანისტი ბერლინს ვერ ელევა : ინტერვიუ / დ. მაზმანიშვილი ; ესაუბრა ანი ბუხაიძე // პრაიმტაიმი. - , 2011. - 28 ნოემბერი. - N48. - გვ.55

3. ბუხრიკიძე, დავით. ჰარმონიის გაკვეთილები... : დუდანა მაზმანიშვილი: პიანო, ფორტე და დიპლომატია / დავით ბუხრიკიძე // ცხელი შოკოლადი. - თბილისი, 2013. -  ოქტომბერი. - N94. - გვ.28-35.

4. მიქანაძე, ქეთი. ნოტიანი და ღიმილიანი ცხოვრება... / ქეთი მიქანაძე // ბომონდი. - თბილისი, 2011. -  თებერვალი. - N2(35). - გვ.80-83.


Share: