The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


თამარ სიფრაშვილი

თამარ სიფრაშვილი
Other name:თამრიკო  (Acronym)
Date of birth:2 January, 1963  (61 years)
Category:Musician

Biography

თამარ (თამრიკო) ზურაბის ასული სიფრაშვილი დაიბადა თბილისში, 1963 წლის 2 იანვარს. 5 წლის ასაკში შეიყვანეს „ნიჭიერთა ათწლედში“. ფორტეპიანოს პედაგოგი: ედიშერ რუსიშვილი. 10 წლის გახლდათ, როდესაც საქართველოს კამერულ ორკესტრთან ერთად დაუკრა მოცარტის მესამე საფორტეპიანო კონცერტი. 1985 წელს დაამთავრა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო ფაკულტეტი, მიხეილ ვოსკრესენსკის კლასი. იმავე წელს მოიპოვა ოქროს მედალი და პირველი ხარისხის დიპლომი გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში გამართულ, შუმანის დაბადების 175-ე წლისთავისადმი მიძღვნილ მე-9 საერთაშორისო კონკურსზე (1985, ცვიკაუ). მის ხელოვნებას მაღალი შეფასება მისცა გერმანულმა პრესამ. გაზეთი „ნოიეს დოიჩლანდი“ (23 აპრილი, 1985) წერდა: „ფორტეპიანოს დედოფალი გახდა 22 წლის თბილისელი პიანისტი თამარ სიფრაშვილი... იგი უკრავდა ტემპერამენტით, გამომსახველობით ფუნქციას ანიჭებდა ყოველ დეტალს, ყოველ ბგერას. თამარ სიფრაშვილმა მოხიბლა მსმენელი ვირტუოზულობით, ნაწარმოების არსში წვდომით...“

1985 წლიდან ქართველი ხელოვანი ცხოვრობს უცხოეთში და ეწევა ინტენსიურ საკონცერტო მოღვაწეობას. საგასტროლო ტურნეები ჰქონდა გერმანიაში, იტალიაში, აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში; წარმატებით გამოვიდა მოსკოვის კონსერვატორიის დიდ და მცირე დარბაზებში; ჰქონდა გამოსვლები თბილისის ფილარმონიის ორკესტრისა  და მოსკოვის კამერული ორკესტრის თანხლებით; გერმანიაში დაუკრა ლაიპციგის ორკესტრთან (Leipzig Gewandhaus Orchestra), ხოლო,  იტალიაში, ტოსკანინის ორკესტრთან (the Toscanini Orchestra) ერთად. 

თამარ სიფრაშვილის რეპერტუარში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა რომანტიკულ მუსიკას, განსაკუთრებით რობერტ შუმანის შემოქმედებას;  მის რეპერტუარშია დასავლეთ ევროპული და რუსული მუსიკის კლასიკა; იგი არის ო. თაქთაქიშვილის საფორტეპიანო კონცერტის – N3 „ახალგაზრდული"– პირველი შემსრულებელი (1974, 17, 02. თბილისი).

1990 წელს, პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე, ქ. ლიდსში (ინგლისი), თამარმა გაიცნო ამერიკელი მუსიკოსი მარკ ანდერსონი. ერთი წლის შემდეგ ისინი კვლავ შეხვდნენ კანადაში, მოცარტის ხსოვნისადმი მიძღვნილ ფესტივალზე (Glory of Mozart International Competition); 1993 წელს წყვილი დაქორწინდა. 1997 წლამდე ცოლ–ქმარი ლონდონში ცხოვრობდა, შემდეგ გადავიდნენ მარკის სამშობლოში, კალიფორნიაში, ქ. პლეზანტონპში (აშშ).

1994 წლიდან 2009 წლამდე, განქორწინებამდე, თამარ სიფრაშვილი და მარკ ანდერსონი  კონცერტებზე საფორტეპიანო დუეტის სახით გამოდიოდნენ. მათ ჩაწერეს: მოდესტ მუსორგსკის „სურათები გამოფენიდან“; იგორ სტრავინსკის „კურთხეული გაზაფხული“ და სხვა.

2009 წლიდან თამრიკო სიფრაშვილი მოღვაწეობს ქ. პლეზანტონპში (აშშ, კალიფორნია), მის მიერ დაარსებულ მუსიკისა და ხელოვნების აკადემიაში" – Inspire Academy of Music and Arts" (პედაგოგი და შემსრულებელი); არის "სტეინვეის ფირმის არტისტი".

წყარო:

1. https://ru.wikipedia.org/wiki/Сипрашвили,_Тамара

2. ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 433

3. "ფორტეპიანოს დედოფალი" // საბჭოთა ხელოვნება. - , 1985. - N12. - გვ.77-80


Share: