The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ლევან ზანდარაშვილი

ლევან ზანდარაშვილი
დაბადების თარიღი:1988  (36 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

ქართველი მეცნიერი, 29 წლის ლევან ზანდარაშვილი პენსილვანიის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში კიბოს მკურნალობის უახლეს მეთოდებს იკვლევს. პროექტი, რომელზეც იგი მუშაობს, შეისწავლის დაზიანებული დნმ-ის აღდგენაში მონაწილე ერთ-ერთ ცილას, სახელად PARP1. სწორედ ეს ცილა გამოიყენება კიბოს მკურნალობისას.
"ამ ცილის შესწავლა მეტად მნიშვნელოვანია, როგორც კლინიკური, ისე ფუნდამენტური მეცნიერული თვალსაზრისით. დღესდღეობით გამოყენებაშია რამოდენიმე პატარა მოლეკულა, რომლებიც ახდენენ PARP1-ის ინჰიბიციას, რაც გამოიყენება სხვადასხვა სახის კიბოს მკურნალობაში. მაგალითად, მკერდის კიბოს, პროსტატის კიბოს და ბევრ სხვა შემთხვევაში. ჩემს პროექტში მე შევისწავლი PARP1-ის სტრუქტურას და დინამიკას ისევე, როგორც მის ურთიერთქმედებას კიბოს მკურნალობაში გამოყენებულ მოლეკულებთან. ჩემი მიზანია გავიგო თუ რატომ არის ამ მოლეკულების ნაწილი უფრო ეფექტური სხვა მოლეკულებთან შედარებით. ამ პროექტის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, შეიძლება შევიმუშავოთ უფრო ეფექტური მოლეკულები, უფრო დაბალი ტოქსიკური ეფექტით," - აღნიშნავს ახალგაზრდა ბიოფიზიკოსი.

ლევან ზანდარაშვილი სწავლობდა თბილისის კომაროვის ფიზიკა–მათემატიკის სკოლაში. ტექნიკური საგნები ყოველთვის მოსწონდა და კომაროვში სწავლისას სასკოლო ოლიმპიადებზე გარკვეული მიღწევებიც ჰქონდა. მისი აბიტურიენტობის პერიოდში ეკონომიკის, მენეჯმენტისა და იურიდიულის ბუმი იდგა, მან კი ამჯობინა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკის ფაკულტეტზე გაეგრძელებინა სწავლა. ბაკალავრიატში სწავლისას მუდმივად ცდილობდა, არ შემოსაზღვრულიყო მხოლოდ ლექციებით და რაც შეიძლება, მეტი ესწავლა, მიეღო მეტი ინფორმაცია ფიზიკის სხვადასხვა დარგის შესახებ. მე-2 კურსზე დაიწყო მუშაობა პროგრამისტად ქართულ კომპანია EMCOS-ში. კომპანია კონკრეტულად სამანქანო ინდუსტრიაში მოღვაწეობს, თანამშრომლობს მსოფლიოში განთქმულ კომპანიებთან "AUDI", "Volkswagen" და მთელ მსოფლიოშია ცნობილი თავის დარგში. ამ პერიოდს ეკუთვნის ლევან ზანდარაშვილის პირველი სამეცნიერო სტატიაც.
უნივერსიტეტის მე-4 კურსზე სწავლისას ლევანი დაინტერესდა ბიოფიზიკით და დაიწყო ექსპერიმენტების კეთება პროფესორ თამაზ მძინარაშვილის ლაბორატორიაში. ამ დროს შემთხვევით გაირკვა, რომ ტეხასის უნივერსიტეტში, გალვესტონში (UTMB) იყო ერთწლიანი ვაკანსია დამწყები ბიოფიზიკოსისთვის, სადაც მან დიპლომის აღების შემდეგ დაიწყო კიდეც მუშაობა. ერთი წელი სწრაფად გავიდა, ლევანს კი კვლევების მიტოვება არ უნდოდა. ამიტომ გადაწყვიტა ამავე უნივერსიტეტში ჩაებარებინა დოქტორანტურაში ბიოფიზიკის განხრით.

ლევან ზანდარაშვილი 4 წელი მუშაობდა სადოქტორო ხარისხზე პროფესორ ჯუნჯი ივაჰარას (Junji Iwahara) ლაბორატორიაში. ამ დროის განმავლობაში 4 სტატია გამოაქვეყნა პირველი ავტორობით. ხარისხის დაცვის შემდეგ კიდევ 2,5 წელი დარჩა სამუშაოდ იმავე ლაბორატორიაში, რათა დაესრულებინა თავისი პროექტები. შედეგად კიდევ 11 სტატია გამოაქვეყნა, რომელთაგან იგი განსაკუთრებით გამოჰყოფს პრესტიჟულ სამეცნიერო ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნებულ ორ სტატიას. გალვესტონში, UTMB-ში მუშაობის შემდეგ ახალგაზრდა მეცნიერი მასს-სპექტრომეტრიის მეთოდით (Mass-Spectrometry) დაინტერესდა და გადაწყვიტა, ისეთ ლაბორატორიაში გადასულიყო სამუშაოდ, სადაც ამ მეთოდს უკეთ გაეცნობოდა. ასეთი ლაბორატორია მან იპოვა პენსილვანიის უნივერსიტეტში, სადაც მუშაობს პროფესორი ბენ ბლექი (Ben Black). მისი ნაშრომების გაცნობის შემდეგ ლევანი დაუკავშირდა პროფესორ ბლექს და 2016 წლის იანვრიდან იქ მუშაობს.                                                   

ლევან ზანდარაშვილი ცხოვრების დიდ ნაწილს ლაბორატორიებში ატარებს, რადგან, როგორც ამბობს, "ექსპერიმენტს ვერ აუხსნი, რომ სამუშაო დღე დასრულდა და შენ სახლში წასვლა და დასვენება გინდა". საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საქართველოში დაბრუნებას სამუშაოდ ჯერ-ჯერობით ვერ ახერხებს. აქ ამის არც პირობებია და არც რესურსი, მაგრამ ახალგაზრდა ბიოფიზიკოსი იმედს არ კარგავს, რომ ოდესმე შეძლებს საზღვარგარეთ შეძენილი ცოდნის სამშობლოში გამოყენებას.

წყარო:

1. www.ambebi.ge/tegebi.html?tags=124697-ლევან+ზანდარაშვილი                          2. youngscientists.tumblr.com/.../რჩევები-ახალგაზრდა-მეცნიერს-ლევან-ზანდარა...

 


გააზიარე: