The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


დიმიტრი ცინცაძე

დიმიტრი ცინცაძე
სხვა სახელი:დიტო  (შემოკლებული ფორმა)
დაბადების თარიღი:2 მარტი, 1957  (67 წლის)
კატეგორია:რეჟისორი

ბიოგრაფია

დიტო ცინცაძე დაიბადა თბილისში, 1957 წლის 2 მარტს. დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი ელდარ შენგელაიასა და ოთარ იოსელიანის ხელმძღვანელობით (1975-1981).

იგი მეტად მრავალმხრივი მოღვაწეა: კინორეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი, კომპოზიტორი. 1990 წლამდე მუშაობდა სხვადასხვა რჟჟისორებთან ასისტენტად  კინოსტუდია "ქართულ ფილმში“. ამ პერიოდში გადაღებული აქვს ფილმები: „თეთრი ღამე“– მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი (1984); „დახატული წრე“– მხატვრული ფილმი (1988); „დაბრუნება“– მოკლემეტრაჟიანი სატელევიზიო მხატვრული ფილმი (1990).

1990-1994 წწ. დიტო ცინცაძე მოღვაწეობდა კერძო კინოსტუდია "შვიდკაცაში"; ამ კინოსტუდიაში გადაღებული ფილმებია: „სახლი“– მხატვრული ფილმი (1991); „სტუმრები“– მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი (1991); მხატვრული ფილმი „ზღვარზე“ (1993), რომელშიც აისახა 1990–იანი წლების სამოქალაქო ომის დრამატული მოვლენები; ეს ფილმი დაჯილდოვდა ვერცხლის ლეოპარდით ლოკარნოს (შვეიცარია) საერთაშორისო კინოფესტივალზე, თბილისის შავი ზღვის ქვეყნების საერთაშორისო კინოფესტივალზე "ოქროს არწივი" კი მიიღო პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის; დიტო ცინცაძე არის ფილმის "ზღავრზე" რეჟისორი, სცენარისტი, კომპოზიტორი და დამდგმელი მხატვარი.

1993–1996 წლებში კინორეჟისორი იტალიურ კინოწარმოებაში მუშაობდა. 1997 წელს იგი გახდა გერმანიის (ბერლინის) "Nipkow" და "Daad" პროგრამების სტიპენდიანტი და იმავე წელს საცხოვრებლად გადავიდა ბერლინში. მას შემდეგ დიტო ცინცაძე ძირითადად გერმანიაში მოღვაწეობს. აქ გადაღებული პირველი ფილმი – “დაკარგული მკვლელები” (2000, „Lost Killers“) ემიგრანტების ცხოვრებაზე მოგვითხრობს. ფილმი წარდგენილი იყო კანის (საფრანგეთი) საერთაშორისო კინო-ფესტივალზე, სექციაში Uni Certain Regard; თესალონიკის (საბერძნეთი) საერთაშორისო კინოფესტივალზე მიიღო „ვერცხლის ალექსანდრე“ და კოტბუსის (გერმანია) ფესტივალზე – გრანპრი; წარმატებული გამოდგა გერმანიაში შექმნილი მეორე ფილმიც – “გასროლის შიში” (2003, „Schussangst“), რომელიც დაჯილდოვდა ოქროს ნიჟარით სან სებასტიანის (ესპანეთი) საერთაშორისი კინოფესტივალზე (2003); ამავე წელს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე მიიღო „ოქროს პრომეთე“, როგორც საუკეთესო ფილმმა და 2005 წელს დაიმსახურა გერმანელ კინოკრიტიკოსთა ასოციაციის პრიზი – საუკეთესო საოპერატორო ნამუშევრისთვის.

მოკლემეტრაჟიანი ფილმები რეჟისორს კვლავ აინტერესებს, რაზეც მიუთითებს ის ფაქტი, რომ 2002 წელს მან ახალი მოკლემეტრაჟიანი ფილმი – "ეროტიკული ისტორია" („Eine erotische Geschichte“).გადაიღო.

2005 წლიდან დიტო ცინცაძის შემოქმედებაში იწყება ახალი ეტაპი, რომელიც ქართულ-გერმანული კინოპორდუქციის შექმნას გულისხმობს. 2006 წელს, მან ქართველ კინომოყვარულებს 2 ახალი ფილმი შესთავაზა: “კაცი საელჩოდან” (2006, „Der Mann von der Botschaft)“ და “რევერსი”. “კაცი საელჩოდან” ქართულ-გერმანული კოპროდუქციაა, ის ფირზეა გადაღებული და სრულმეტრაჟიანია. მიღებული აქვს პრიზები სართაშორისო კინოფესტივალებზე – ლოკარნოში (შვეიცარია), მარ დელ პლატაში (არგენტინა) და ლიდსში (დიდი ბრიტანეთი). ფილმის სცენარი დაწერილია რეჟისორ ზაზა რუსაძესთან ერთად. “რევერსი” სატელევიზიო ფილმია, ვიდეოზეა გადაღებული და მთლიანად ქართული პროდუქციაა. ამ უკანასკნელმა საქართველოს კინოეკრანებზე ძალიან ბევრი მაყურებელი მოიზიდა, ერთი კვირის განმავლობაში “რევერსის” ჩვენებისას დარბაზი თითქმის მთლიანად ივსებოდა. ეს კი უკანასკნელი დროის ქართული ფილმებისათვის დიდ გამონაკლისს წარმოადგენს. 

2007 წელს დიტო ცინცაძე იყო მოსკოვის 29–ე საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის წევრი. 2008 წელს მან გადაიღო დოკუმენტური ფილმი „ელდარ შენგელაია“, რომელიც თავის სტუდენტობის პერიოდის მასწავლებელს მიუძღვნა. ეს არის კინოპორტრეტი ადამიანისა, რომელმაც საკუთარი ხელწერა შექმნა ქართულ კინოში. იგი საუბრობს თავის მშობლებზე, ოჯახზე, მეგობრებზე, საყვარელ რეჟისორებზე, ვინც მის შემოქმედებაზე გავლენა მოახდინა. ამავე წლის პროდუქციაა დიტო ცინცაძის სტუდია ‘“სანგუკოში“ შექმნილი ფილმი–დეტექტივი „მედიატორი“.

2013 წელს საერთაშორისო კინოეკრანებზე გამოვიდა რეჟისორის ახალი ფილმი „Invasion“ („შემოჭრა“). ფილმი გერმანულ-ავსტრიული კოპროდუქციაა და მან მონრეალის (კანადა) მსოფლიო კინოფესტივალზე ჟიურის სპეციალური გრანპრი მოიპოვა, სანქტ-პეტერბურგის პირველ საერთაშორისო კინოფესტივალზე კი მთავარი როლის შემსრულებელი მერაბ ნინიძე ოქროს ანგელოზით დაჯილდოვდა.

დიტო ცინცაძის ბოლო ფილმის - ,,Der Gott des Glücks" (‘ბედნიერების ღმერთი") თემატიკა „Invasion“ -ისგან მკვეთრად არ განსხვავდება. ფილმის მთავარი თემა კვლავ ემიგრაციაა, ხოლო, ჟანრი, როგორც თავად რეჟისორი ამბობს, თრილერია. ეს არის გერმანულ-ქართულ-ფრანგული კოპროდუქცია. ფილმი დააფინანსეს გერმანელმა პროდიუსერებმა, ქართული მხრიდან მონაწილეობა მიიღო ეროვნულმა კინოცენტრმა და ასევე, მონაწილეობა მიიღო ფრანგულმა კომპანიამ. ფილმის ჯილდოებია: 2016, ვენის დამოუკიდებელი ფილმის კინოფესტივალი, "ოქროს ქანდაკება" საუკეთესო რეჟისურისთვის და საუკეთესო საოპერატორო ნამუშევრისთვის; მთავარი პრიზი – „ოქროს თახვი“ – ბიბერახის (გერმანია) საერთაშორისო კინოფესტივალზე.

2016 წელს რეჟისორი სოფიის საერთაშორისო ჟიურის წევრად იყო მიწვეული.

2016 წლის 14 იანვარს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში უჩვენეს  
დიტო ცინცაძის ახალი მხატვრულ ფილმი „ოჯახი”.  ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებლის მხატვრული ფილმების სტუდიისა და დიტო ცინცაძის ერთობლივი პროექტი, რომელიც ერთი თბილისური ოჯახის მაგალითზე ემიგრაციისა და ქალთა მიგრაციის პრობლემის წინაშე კიდევ ერთხელ დაგვაყენებს. 

დიტო ცინცაძე დაქორწინებულია მსახიობ მარიკა გიორგობიანზე. მათ ჰყავთ ვაჟი – ნიკოლოზი.

წყარო: 

1. www.geocinema.ge/ge/rejisor.php?kod5=137 

2. https://en.wikipedia.org/wiki/Dito_Tsintsadze

3. https://rebraindrain.wordpress.com/დიტო-ცინცაძე-ბიოგრაფია/

4. ცინცაძე, დიტო. ინტერვიუ დიტო ცინცაძესთან ახალი პროექტების, მედიატორისა და მუშაობის სტილის შესახებ : ინტერვიუ / ესაუბრა ქეთო გიორგობიანი// ტაბულა. -  2011. - 18-24 აპრილი. - N52. - გვ.68-69.

5. ბუხრიკიძე, დავით. მშვიდობიანი "შემოჭრა" შემოდგომისას / დავით ბუხრიკიძე // ცხელი შოკოლადი. - თბილისი, 2012. - დეკემბერი. - N85. - გვ.48-55. 


გააზიარე: