The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


სიმონ განგებლიძე

სიმონ განგებლიძე
Date of birth:24 May, 1757
Date of death:17 February, 1827  (at 69 years)
Burial location:წმ. სამების ეკლესიასთან, სოფ. ბოგოდოროვკა, რუსეთი
Category:Military Person

Biography

რუსეთის არმიის გენერალი სიმონ განგებლიძე (Гангеблов – რუსულ წყაროებში ხანდახან იხსენიებენ განგებლიშვილად) დაიბადა მოსკოვში, 1757 წლის 24 მაისს. მამა - აზნაური გიორგი ქრისტეფორეს ძე განგებლიძე, 1734 წელს ქართველ მეფისწულ ბაქარ ვახტანგის ძეს ახლდა რუსეთში. ამ უკანასკნელის დახმარებით ჩაურიცხავთ იგი ქართულ ჰუსართა პოლკში. 1740 წელს მეფისაგან მიუღია მამული, 40 კომლი გლეხით, პოლტავის გუბერნიის სოფელ ოსტაპოვოში. გიორგი განგებლიძე მონაწილე იყო რუსეთის ომებისა შვედებთან, პრუსიასა და თურქეთთან. 1768–1774 წლების რუსეთ–თურქეთის ომის ერთ-ერთი ბრძოლის დროს მაიორი განგებლიძე მძიმედ დაიჭრა და 1772 წელს გარდაიცვალა. მისმა მეუღლემ გაყიდა მამული უკრაინაში და პეტერბურგში გადასახლდა.

სიმონ განგებლიძეც მამის გზას გაჰყვა და 1771 წლის 1იანვარს, 14 წლის ასაკში, სამხედრო სამსახურს დაიწყო ჰუსართა ლეგიონში, რომელიც ნოვგოროდის მხარეში იდგა. მისი კარიერა კაპრალის ჩინით დაიწყო. 6 წლის შემდეგ ეს ლეგიონი დაიშალა. სიმონი იუნკერად გადაიყვანეს ახლადჩამოყალიბებულ მოლდავეთის ჰუსართა ლეგიონში, სადაც მომდევნო წელს პრაპორშჩიკი გახდა. 

1788 წელს სიმონი პორუჩიკის ჩინით გადავიდა იაროსლავლის ქვეით ლეგიონში, რომელიც ფელდმარშალ პოტიომკინის არმიის შემადგენლობაში მონაწილეობდა 1787–1791 წლების რუსეთ–თურქეთის ომში, კერძოდ, ოჩაკოვის ალყაში. ციხეზე იერიშის დროს სიმონ განგებლიძე ფეხში დაიჭრა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მოხალისეთა რაზმის რიგებში პირველი ავიდა სიმაგრის კედელზე. უდიდესი სიმამაცისათვის მას კაპიტნის ჩინი და სპეციალურად დაწესებული ოქროს ნიშანი უბოძეს. ამ ნიშანს წმინდა გიორგის ორდენის ლენტით ატარებდნენ. 

1789 წლის სექტქმბერში სიმონ განგებლიძე მონაწილეობას იღებდა ციხესიმაგრე ჰაჯი-ბეის (შემდგომში- ოდესა) აღებაში და მაიორის წოდებაც დაიმსახურა. 1791 წელს იგი დუნაის შესართავებს იცავდა, როგორც კონტრ–ადმირალ უშაკოვის სადესანტო რაზმის მეთაური. ამით დამთავრდა მისი მონაწილეობა 1787–1791 წლების რუსეთ–თურქეთის ომში.

ომის დამთავრების შემდეგ სიმონი თავისი ჯარით მოლდავეთში იდგა. 1794 წელს, ვარშავაში გაგზავნეს, სადაც იფეთქა აჯანყებამ ცარიზმის კოლონიური რეჟიმის წინააღმდეგ. სიმონ განგებლიძემ აქაც გამოიჩინა თავი. პრაღის შტურმის დროს მისმა ბატალიონმა, მტრის განუწყვეტელი ცეცხლის ქვეშ, დაიკავა პრაღისა და ვარშავის დამაკავშირებელი ხიდი მდინარე ვისლაზე. ამ გმირობისთვის სუვოროვის წარდგინებით მას პოდპოლკოვნიკობა უბოძეს და ოქროს ნიშნით დააჯილდოვეს. ეს იყო სიმონის უკანასკნელი დამსახურება ეკეტერინე II-ის მეფობის ეპოქაში. 

1796 წელს ტახტზე პავლე I ავიდა, განგებლიძემ პოლკოვნიკობა მიიღო, იბრძოდა შავ ზღვაზე. 1799 წელს ფრანგების წინააღმდეგ ლაშქრობაში მონაწილეობდა იტალიასა და შვეიცარიაში. იგი ეგერთა ლეგიონს მეთაურობდა და სუვოროვის არმიის ავანგარდში მოქმედებდა – ბაგრატიონის რაზმში. ლაშქრობაში გამოჩენილი თავდადებისა და დამსახურებისათვის მას გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა.

რუსეთ-ოსმალეთის 1806-1812 წლების ომის დროს, 1807 წელს, გენერალი განგებლიძე მონაწილეობდა ანაპის აღებაში, სადაც მან ვლადიმერის მესამე კლასის ორდენი დაიმსახურა, ხოლო ყირიმისა და ყუბანის ექსპედიციებში—წმინდა გიორგის მეორე კლასის ორდენი. 1810 წელს იგი მეთაურობდა ადმირალ სარიჩევის ფლოტის სადესანტო ნაწილებს, რომლებიც ტრაპიზონის დასამორჩილებლად გაიგზავნა.

1812 წელს, სამამულო ომის დაწყებისას, განგებლიძე თავის პოლკით მოლდოვეთში  მოქმედებდა და აქტიურად იბრძოდა ნაპოლეონის არმიის წინააღმდეგ. იგი უშუალო მონაწილეა ქ. ტორნის, ბაუცენის იერიშისა და აღებისა. აქ გამოჩენილი გმირობისათვის მან წმინდა გიორგის მეოთხე კლასის ორდენი დაიმსახურა.

სიმონ განგებლიძეს ახასიათებენ, როგორც შეუპოვარს და მამაც, ბრძოლებში ნაცად მეომარს. მიუხედავად მრავალგზის დაჭრისა და კონტუზიისა, მან მხნედ გაატარა 40 წელი მძიმე სამხედრო სამსახურში და მხოლოდ 1818 წელს გადადგა, ფორმისა და ხელფასის შენარჩუნებით. დასახლდა მეუღლის მამულში, ეკატერინოსლავის გუბერნიაში, სოფელ ბოგოდოროვკაში (ვერხნედრეპროვსკის მაზრა, ახლანდელი დნეპროპეტროვსკის ოლქი). მისი მეუღლე იყო თავადის ქალი ეკატერინე სპირიდონის ასული მანველიშვილი (1773—1853). მათ ჰყავდთა სამი ქალიშვილი და სამი ვაჟი –ნიკოლოზი ალექსანდრე და სპირიდონი. ამათგან ყველაზე ცნობილია ალექსანდრე განგებლიძე (1801-1891წ.წ.), ასევე სამხედრო პირი, დეკაბრისტი.

სიმონ განგებლიძე გარდაიცვალა 1827 წლის 17 თებერვალს, ბოგოდოროვკაში. დაკრძალულია იქვე, წმ. სამების ეკლესიასთან.

წყარო:

1. https://ka.wikipedia.org/wiki/სიმონ_განგებლიძე

2. diaspora.gov.ge/?p=2430                  

3. https://ru.wikipedia.org/.../Гангеблов,_Семён_Георгие...

4. www.museum.ru/museum/1812/Persons/.../sl_g04.html 

5. განგებლიძე სიმონ // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.56.

6. მეგრელიძე, შამშე. სიმონ განგებლიძე // მეგრელიძე შამშე. ჩვენი სახელოვანი სამხედრო წინაპრები. - თბ.,  1979. –  გვ.39–43.


Share: