The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
Home  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
Texts are given in Georgian and English languages.


მერაბ ფარცხალაძე

მერაბ ფარცხალაძე
Date of birth:15 December, 1924
Date of death:14 February, 2008  (at 83 years)
Category:Composer

Biography

მერაბ ფარცხალაძე დაიბადა 1924 წლის 15 დეკემბერს, თბილისში, კომპოზიტორ ალექსი ფარცხალაძისა (1897–1972) და მუსიკის პედაგოგ მარია ზაქარიას ასულ ფარცხალაძის ოჯახში. ოთხი წლის იყო მერაბი, როცა ოჯახი საცხოვრებლად ბათუმში გადავიდა. მამამ ადგილობრივ მუსიკალურ სასწავლებელში დაიწყო პედაგოგობა, 1936 წლიდან კი დირაქტორადაც დანიშნეს. დედა საბავშვო ბაღის გამგედ მუშაობდა. მერაბი მუსიკალურ ატმოსფეროში იზრდებოდა. ალექსი ფარცხალაძე ცნობილი ფოლკლორისტი იყო და საბავშვო ნაწარმოებებსაც წერდა ფორტეპიანოსა და ვიოლინოსთვის. იგი ორი საბავშვო ოპერის ავტორიც არის.

მერაბ ფარცხალაძე ბათუმის მუსიკალურ სასწავლებელში გ. ბუჩინსკისთან ეუფლებოდა ფორტეპიანოზე დაკვრას. თეორიულ საგნებს მამა ასწავლიდა. მუსიკის წერა 9–10 წლის ასაკიდან დაიწყო. ფორტეპიანოზე დაკვრა არ ბეზრდებოდა და ძალიან უყვარდა იმპროვიზაცია. საყვარელი კომპოზიტორები იყვნენ : გრიგი, შოპენი, ლისტი. თაყვანს სცემდა ქართულ ხალხურ სიმღერებს.

საშუალო სკოლა და მუსიკალური სასწავლებელი მერაბ ფარცხალაძემ ერთდროულად დაამთავრა, 1942 წელს და მაშინვე გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში. სერჟანტი ფარცხალაძე მსახურობდა საზენიტო– საარტილერიო ნაწილებში. ომის დამთავრებისას რადიო–ტელეგრაფის განყოფილების უფროსი იყო. დაჯილდოებულია რამდენიმე საბრძოლო მედლით. მუსიკასაც არ ივიწყებდა, ხელმძღვანელობდა პოლკის თვითშემოქმედების ანსამბლს და თხზავდა სიმღერებს. 1943 წელს პრემიით აღინიშნა მის მიერ დწერილი „მეზენიტეების სიმღერა“.

დემობილიზაციის შემდეგ მერაბ ფარცხალაძე ჩაირიცხა ოდესის სამედიცინო ინსტიტუტში და პარალელურად, ოდესის კონსერვატორიაში. ერთი წლის შემდეგ მუსიკის სიყვარულმა გადასძალა, სამედიცინო ინსტიტუტი მიატოვა და სწავლა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში განაგრძო. 1947–1950 წლებში სერგო ბარხუდარიანის კლასში ეუფლებოდა კომპოზიციას; 1953 წელს დაამთავრა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის კონსერვატორია სემიონ ბოგატირიოვის ხელმძღვანელობით და 1957 წელს მასთანვე გაიარა ასპირანტურა.

1953–1957 წწ. მერაბ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა საკომპოზიციო კლასს მოსკოვის საგუნდო სასწავლებელში; 1957–1974 წლებში იგი იყო გამომცემლობა "მუსიკის" ("Советский композитор") ლიტერატურული რედაქციის გამგე.

კომპოზიტორი ძირითადად მოსკოვში ცხოვრობდა, მაგრამ სამშობლოშიც ხშირად ჩამოდიოდა და აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს მუსიკალურ ცხოვრებაში. დაწერილი აქვს: სიმფონიური პოემა "ნესტანი" (1954, შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის მიხედვით"); საფორტეპიანო კონცერტი ( 1953); საორკესტრო სიუიტები: «Лесные картины» (1978), «Таёжными тропами» (1986), «Прощание с Дерсу» (1987); სიმებიანი კვარტეტი (1951); საფორტეპიანო და სავიოლინო სონატა; საფორტეპიანო პიესები (1953, 1954 წწ., ორი კრებული); საფორტეპიანო ტოკატა – "ფანდურული"№ 1 და  № 2 (1953); რომანსები, მათ შორის „ტბა“ (1972); სიმღერები;  მუსიკა სპექტაკლებისა და კინოფილმებისათვის:  მხატვრული ფილმი „იმერული ესკიზები“ (1979), მოკლემეტრაჟიანი ფილმი „მღერის ბორჯომის ნაძვი“ (1961); მის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საბავშვო და საესტრადო მუსიკას.

1967 წელს მერაბ ფარცხალაძე გახდა საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე; 1978 წელს – რსფსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ხოლო, 1986 წელს რსფსრ სახალხო არტისტი; 2000 წელს გადაეცა „მეგობრობის ორდენი“; 

კომპოზიტორი გარდაიცვალა 2008 წლის 14 თებერვალს, მოსკოვში.

წყარო:

1. ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი– თბ., 2015. – გვ. 462

2. Композиторы грузии: Издание второе. – тб., 1973. - გვ. 179

3. https://ru.wikipedia.org/wiki/Парцхаладзе,_Мераб 

4. novaya-beresta.ru/publ/junye.../28-1-0-1577


Share: