The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


მიხეილ ყაუხჩიშვილი

მიხეილ ყაუხჩიშვილი
Date of birth:17 July, 1889
Date of death:14 April, 1948  (at 58 years)
Burial location:რომი, იტალი
Category:Engineer

Biography

2013 წლის 25 სექტემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემიგრაციის მუზეუმს საქართველოს ეროვნული კრების წევრის, მიხეილ ყაუხჩიშვილის არქივის ნაწილი გადაეცა. მუზეუმს ყაუხჩიშვილის არქივი ემიგრანტის შვილიშვილმა ელენე ყაუხჩიშვილმა და რძალმა ფრანჩესკა მელცი-ყაუხჩიშვილმა გადასცეს. მათ ცნობილი ბიზანტინოლოგის, აკადემიკოს სიმონ ყაუხჩიშვილის (მიხეილ ყაუხჩიშვილის ძმა) შვილიშვილმა ლია ჯინორიამ და სიძემ რისმაგ გორდეზიანმა უმასპინძლეს. არქივის მეორე ნაწილი დაცულია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.
მიხეილ  გიორგის ძე ყაუხჩიშვილი დაიბადა ქუთაისში, 1889 წლის 17 ივლისს. პროფესიით ინჟინერი იყო. დაამთავრა პეტერბურგის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი. 1913 წლიდან 1917 წლის თებერვლამდე პეტერბურგის მერიაში ასრულებდა წყალგაყვანილობის პასუხისმგებელი მუშაკის მოვალეობას. 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ სასწრაფოდ დაბრუნდა სამშობლოში.

თბილისში ჩამოსვლისთანავე მიხეილ ყაუხჩიშვილი მეგობრებმა პოლიტიკაში ჩააბეს. იგი იზიარებდა სოციალ–დემოკრატიულ, მენშევიკურ იდეებს და საქართველოს დამოუკიდებელი მთავრობის კონსტიტუციის შექმნაშიც მიიღო მონაწილეობა.

1918 წელს თბილისში შეიქმნა ეკონომიკის სახელმწიფო კომისია, რომელსაც დარგების განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა, ხოლო პირადად მიხეილ ყაუხჩიშვილს საზღვარგარეთ ენერგეტიკის მდგომარეობის შესწავლა და მთავრობისთვის სათანადო რეკომენდაციების წარდგენა დაევალა. იგი მივლინებულ იქნა მთავრობის წარმომადგენლად ეკონომიურ–კომერციულ საკითხებში ქალაქ ბერლინში, რადგან აქედან უფრო გაუადვილდებოდა ევროპის დანარჩენ ქვეყნებში მოგზაურობა. 1918–1919 წლებში მან მივლინებით მოიარა სკანდინავიის ქვეყნები, გერმანია, შვეიცარია და 1920 წლის 18 იანვარსა და 10 თებერვალს, თბილისში,  საქართველოს ტექნიკურ საზოგადოებაში ვრცელი მოხსენებებით გამოვიდა, რომლებშიაც დაასურათა ევროპის იმჟამინდელი ეკონომიკური მდგომარეობა და ვრცლად შეეხო წყლის ძალების გამოყენების საკითხს.

აღნიშნავდა რა ზემოხსენებულ ქვეყნებში ჰიდროელექტროსადგურების ფართოდ გამოყენებას, ქართველი ინჟინერი ნორვეგიის მაგალითს იყენებდა: „საქართველოს დამოუკიდებლობა განსაკუთრებულ პირობებს ქმნის იმისთვის, რომ მან ფართო მასშტაბში დაამუშაოს თავისი ბუნებრივი სიმდიდრენი, განსაკუთრებით წყლის ძალები იაფი ენერგიის შესაქმნელად, რათა სამხრეთ ევროპაში მან გაიმეოროს ჩრდილოეთ ევროპის ერთ–ერთი კუთხის, ნორვეგიის მაგალითი. ეს მით უფრო საჭიროა, და უმოქმედობა ამ საქმეში შეუწყნარებელია, რომ საქართველოს ჰავა და ბუნებრივი პირობები გაცილებით ნაკლებ სიძნელეს წარმოადგენენ ამ ძალთა ასამოძრავებლად და თავის ინტერესებისათვის გამოსაყენებლად, ვიდრე სუსხიანი ჩრდილოეთის ნორვეგია“, – აღნიშნავდა მიხეილ ყაუხჩიშვილი.  

ბერლინში ყოფნისას იგი ხელმძღვანელობდა საქართველოსთვის შეძენილი საქონლის გამოგზავნას და მონაწილეობდა ტყვეების გაცვლის საქმეში. მოხსენებაში მან გერმანიაში ყოფნის შთაბეჭდილებებიც ფართოდ გააშუქა და ქართველ საზოგადოებას გააცნო თავისი მოსაზრებები: „ჩვენს ქვეყანას აქვს აუარებელი ნედლი მასალა, რომელიც ევროპას სჭირდება და რომლის ღირებულება აღემატება რამდენიმე მილიარდ მანეთს. მარტო მარგანეცის ღირებულება შეადგენს 10 მილიარდ მანეთზე მეტს. საჭიროა მხოლოდ ამ საქონლის და სხვა კიდევ ბევრი მასალის ხელსაყრელ პირობებში განაღდება და მიზანშეწონილად მისი გამოყენება. მთავრობა, რომელსაც ხელთ ექნება საკმარისი საზღვარგარეთის ვალუტა, უნდა გახდეს ბატონ–პატრონი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრებისა თავისი ჩარევით ვაჭრობა–მრეწველობაში და მტკიცე კურსის დაარსებით და დაცვით საზღვარგარეთის ვალუტაზე“.

მიხეილ ყაუხჩიშვილი კიდევ ერთ სახელმწიფო კომისიას თავკაცობდა, რომელიც 1920 წლის 2 მარტს შეიქმნა საქართველოში მიწისძვრის შედეგების შესასწავლად და აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად. გაზეთები ფართოდ აშუქებდნენ მისი, როგორც თბილისის ტექნიკური ინტელიგენციის ლიდერის მოღვაწეობას.

საქართველოს ანექსიის შემდეგ მიხეილ ყაუხჩიშვილი საზღვარგარეთ მთავრობის წევრებთან ერთად არ წასულა. იგი ბათუმიდან სამხრეთ იტალიის ქალაქ ბრინდიზისკენ მიმავალი უკანასკნელი გემით გაემგზავრა და რაკი დიპლომატიური პასპორტი ჰქონდა არ გასჭირვებია ბერლინში ჩაღწევა, სადაც მეუღლე ელოდებოდა.

ბერლინში დაბრუნებისთანავე მიხეილმა დოქტორის ხარისხის მისაღებად კარლსრუეს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ჩაბარება გადაწყვიტა, რამეთუ პეტერბურგის უნივერსიტეტის დისერტაციას გერმანია ცნობდა, როგორც „Diplomingegneur”–ს და არა როგორც “Doktoringegneur”ს. ამჯერად მან ელექტროინჟინრობა აირჩია.

დოქტორის ხარისხის მოპოვების შემდეგ მიხეილ ყაუხჩიშვილი ბერლინში დაბრუნდა და “სიმენსის“ ფირმაში დაიწყო მუშაობა. მას უაღრესად დიდ პატივს სცემდნენ, როგორც განსაკუთრებულად კარგ სპეციალისტს. თანამშრომლობდა ევროპის თითქმის ყველა ქვეყანასთან, სადაც „სიმენსი“ მაღალი ძაბვის ღუმელებს ამონტაჟებდა. 1927 თუ 1928 წელს სტალინის სახელით რუსეთში ან საქართველოში დაბრუნება სთხოვეს, ვინაიდან სპეციალისტები სჭირდებოდათ. არ დათანხმდა, მაგრამ მათი თხოვნის საპასუხოდ ზესტაფონში თავისი ინჟინრები გაგზავნა ფეროშენადნობთა ქარხნის ასაშენებლად.

1968 წელს მისმა ვაჟმა გიორგიმ,  მეუღლესთან ერთად, დაათვალიერა აღნიშნული ქარხანა.

1939 წლის აგვისტოში მიხეილ ყაუხჩიშვილი მიიწვიეს შეფილდში ბრიტანეთის შავი მეტალურგიის მესვეურთა საბჭოზე და იქ გაირკვა, რომ ჰიტლერი უკვე ომს იწყებდა. მიხეილი თავად ანტიფაშისტი იყო, თანაც ცოლად ებრაული წარმოშობის პეტერბურგელი მანდილოსანი ჰყავდა. ამან განაპირობა, რომ ბერლინში დაბრუნებულმა მეუღლე დაარწმუნა ომის საშინელებას იტალიაში უკეთ გადავიტანთ, ვიდრე გერმანიაშიო და იმავე წელს ყაუხჩიშვილების ოჯახმა, იტალიელი მეგობრების დახმარებით, არალეგალურად გადალახა საზღვარი. არალეგალურად იმიტომ, რომ მათ მოქალაქეობა არ გააჩნდათ, ანუ ჰქონდათ პასპორტი მოქალაქეობის გარეშე (Nansen).

1940 წელს, ბერლინში „სიმენსის“ გამგეობის თავმჯდომარის კარლ–ფრიდრიხ ფონ–სიმენსის შეთავაზებით, მიხეილ ყაუხჩიშვილმა დაიკავა მილანში მდებარე „სიმენსის“ იტალიური ფილიალის უფროსის ადგილი. ეს იმ დროისთვის საპატიო თანამდებობა იყო.

სიცოცხლის ბოლო თვეებში ბატონი მიხეილი ციურიხის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის დოცენტად მიიწვიეს. იგი მოულოდნელად გარდაიცვალა ინფაქტით, 1948 წლის 14 აპრილს, რომში.

მიხეილ ყაუხჩიშვილი ვერ მოესწრო შვილების, ნინოსა და გიორგის წარმატებებს. ნინო ყაუხჩიშვილი იყო ბერგამოს უნივერსიტეტის სლავისტიკის კათედრის გამგე, ფილოლოგიის დეკანი, პრორექტორი. ასწავლიდა რუსულ ენასა და ლიტერატურას მილანის, ტურინის, ბერგამოს, პარმის, ბარის უნივერსიტეტებში და ყველგან ჩამოაყალიბა სლავისტიკის კათედრა. გარდა ამისა, 2008 წელს მან დააფუძნა ქართულ–იტალიური საზოგადოება "სამშობლო გულით სატარებელი", რომლის პრეზიდენტიც იყო გარდაცვალებამდე.

გიორგი ყაუხჩიშვილი ცნობილი ექიმი გახდა. მან ჩაუყარა საფუძველი ქალაქ პავიის საავადმყოფოში შაკიკის კვლევის მიმართულებებს და იქ ანალოგიურ განყოფილებას ხელმძღვანელობდა. მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად მადლიერმა კოლეგებმა და სტუდენტებმა 1992 წელს შექმნეს გიორგი ყაუხჩიშვილის სახელობის ადაპტაციის დარღვევებისა და თავის ტკივილის საუნივერსიტეტო ცენტრი (University Centre for Adaptive Disorders and Headache), რომელიც იტალიისა და ევროპის 11 უნივერსიტეტს აერთიანებს. მათვე „იტალიის მონდინის სახელობის ნევროლოგიის კვლევითი ცენტრის“ ინიციატივით დააარსეს გიორგი ყაუხჩიშვილის სახელობის საერთაშორისო პრემია, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ გაიცემა.

წყარო:

1. ყაუხჩიშვილი, ნინო. უხმაურო რუდუნება სამშობლოსადმი : მცირე მოგონება / ნინო ყაუხჩიშვილი ; მთარგმნ. ნუნუ გელაძე // თანამემამულე : უცხოეთში მცხოვრებ ქართველთა ცენტრალური პერიოდული გამოცემა. - ლონდონი, 2008. - თებერვალი-აპრილი. - N2(28). - გვ. 21-23.

2. https://tbilisi.media/.../32759-gruzinskiy-inzhener-firmyi... 

კარბელაშვილი, ანდრე. გამოჩენილი ქართველები ევროპაში : დიდი ქართველი ინჟინერი იტალიაში // 24 საათი. - თბილისი, 2004. - 7 დეკემბერი. - N290 (839). - გვ. B6.

3. მიხეილ ყაუხჩიშვილის არქივი ემიგრაციის მუზეუმს გადაეცა ; მოამზადა მ. ტორაძემ // თბილისის უნივერსიტეტი. - თბილისი, 2013. - 3 ოქტომბერი. - N13. - გვ. 7.


Share: