The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


მარინე ხვიტია

მარინე ხვიტია
Date of birth:28 June, 1948  (75 years)
Category:Musician

Biography

მარინე ხვიტია 1947 წლის 28 ივნისს, ზუგდიდში, ხელოვანთა ოჯახში დაიბადა. მშობლები, მიხეილ ხვიტია და მარგარიტა (ცაგო) ნებიერიძე-ხვიტია, საქართველოს დამსახურებული მხატვრები იყვნენ.  

მარინემ 3 წლის ასაკში გამოამჟღავნა მუსიკალური ნიჭი და მშობლებმა გადაწყვიტეს მუსიკალურ სასწავლებელში შეეყვანათ ფორტეპიანოს განხრით. თავდაპირველად ხუთი წელი თბილისის მეორე სამუსიკო სკოლაში სწავლობდა მ. გაჩეჩილაძის კლასში. შემდეგ კი თბილისის ცენტრალურ მუსიკალურ სასწავლებელში გადაიყვანეს პროფესორ ვანდა შიუკაშვილთან.

„ნიჭიერთა ათწლედი“ მარინემ 1965 წელს დაამთავრა. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში მისი პედაგოგი კვლავ ვანდა შიუკაშვილი იყო. იგი ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებში ხშირად მართავდა კონცერტებს და საყოველთაო მოწონებას იმსახურებდა. პირველი საერთაშორისო აღიარებაც იმ პერიოდში ეწვია: 1967 წ. – ბედრჟიხ სმეტანას სახელობის კონკურსი, II პრემია (ჩეხეთი; 1967 წ. – ჟ. ტიბოს და მ. ლონგის სახელობის კონკურსი, III პრემია და ბელგიელი პიანისტის ალექს დე ვარაზის სახელობის სპეციალური პრიზი (პარიზი);  

1972–1974 წლებში მარინე ხვიტია მოსკოვის კონსერვატორიის ასპირანტურაში გადიოდა სტაჟირებას, პედაგოგი ი. ზაკი. ასპირანტურის დამთავრებისთანავე გახდა მოსკოვის სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი. კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა 1977 წელს – პოპოვას სახელობის კონკურსი, დიპლომი და ოქროს მედალი (ბულგარეთი); იტალიაში საგასტროლოდ ყოფნისას კი ქ. პიომბინოს სსრკ–იტალიის ასოციაციამ საპატიო წევრად აირჩია.

მარინე ხვიტია წლების მანძილზე ეწეოდა აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას. მისი რეპერტუარი საკამაოდ მრავალფეროვანია,  მათ შორის – კონცერტები: ბეთჰოვენი N4, რახმანინოვი N2; ფრედერიკ შოპენის, კლოდ დებიუსის, მორის რაველის, ალ. სკრიაბინის, რობერტ შუმანის, ს. პროკოფიევის, ჯორჯ გერშვინისა და, რა თქმა უნდა, ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებები;

1983 წელს მარინე ხვიტიას მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება; ამავე წლიდან იგი საშემსრულებლო ხელოვნებას პედაგოგიურ მოღვაწეობასაც უთავსებს ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასა და ცენტრალურ მუსიკალურ სკოლაში.

1999 წელს მარინე ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა აშშ–ის ჯორჯიის შტატში, ქალაქ ატლანტაში. მისი ქალიშვილი, თინა ვაჩნაძე – მხატვარი და დიზაინერია. სამხატვრო აკადემია მან თბილისში დაამთავრა და ამერიკაშიც თავისი პროფესიით მუშაობს, მონაწილეობს გამოფენებში.

მარინე ხვიტია დიდ დროს უთმობს შვილიშვილების აღზრდა–განათლებას. მას სამი შვილიშვილი ჰყავს: მიხეილ, ტატიანა და ნასტასია კოზმავები.

ტატიანა (ტუსი) კოზმავა 1995 წ. თბილისში დაიბადა. ამერიკაში ფიგურულმა სრიალმა გაიტაცა და წარმატებასაც მიაღწია. გოგონას ნიჭი და მონდომება შეამჩნია ცნობილმა მწვრთნელმა ტატიანა ტარასოვამ და 2011 წელს მას ყინულზე ცეკვებში მეწყვილედ შეურჩია პეტერბურგელი ალექსანდრე ზოლოტარიოვი. ისინი საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაციის წევრები არიან და 2012 წლიდან შეჯიბრებებში საქართველოს სახელით იღებენ მონაწილეობას.

წყარო:

1. ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 583

2. www.postalioni.com › Home › ხელოვნება და კულტურა

3. news.ge/.../101616-chemi-tsarmatebebit-siyvaruls-vukhsni-monatrebul-saqartvelos?... 


Share: