The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


მარინა მდივანი

მარინა მდივანი
Date of birth:6 October, 1936  (87 years)
Category:Musician

Biography

მარინა გოგლიძე-მდივანი დაიბადა 1936 წლის 6 ოქტომბერს, თბილისში, მოჭადრაკე ვიქტორ გოგლიძის ოჯახში. ბატონი ვიქტორი იყო პირველი ქართველი სპორტის ოსტატი ჭადრაკში. მისი თაოსნობით 1957 წელს თბილისში გაიხსნა სსრკ–ში პირველი საბავშვო საჭადრაკო სკოლა, რომელსაც გარდაცვალებამდე თავად ხელმძღვანელობდა. მარინამ 1954 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა საშუალო სკოლა, ხოლო 1955 წელს თბილისის კონსერვატორიასთან არსებული ცენტრალური მუსიკალური ათწლედი რესპუბლიკის დამსახურებული პედაგოგის ევგენია ჩერნიავსკაიას ხელმძღვანელობით. იმავე წელს ჩააბარა მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიაში და სწავლა პროფესორ იაკობ მილშტეინის ჯგუფში განაგრძო, 1958 წლიდან კი მისი პედაგოგი ვირტუოზი პიანისტი ემილ გილელსი გახდა.

1957 წელს, მესამე კურსის სტუდენტმა მარინა მდივანმა ოქროს მედალი მოიპოვა ახალგაზრდობის საკავშირო ფესტივალზე, ხოლო ერთი წლის შემდეგ მსოფლიო ახალგაზრდობისა და სტუდენტთა მოსკოვის ფესტივალზე ვერცხლის მედალი დაიმსახურა.

1960 წელს მარინა მდივანმა წითელ დიპლომზე დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორია და სწავლა ასპირანტურაში განაგრძო. ასპირანტურის კურსიც ემილ გილელსთან გაიარა. ამავე წელს პოლიტიკური მიზეზების გამო მას უარი უთხრეს ბრიუსელის დედოფალ ელისაბედის სახელობის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის მიღებაზე. 

1961 წელს მარინა მდივანმა პარიზში მარგარიტა ლონგისა და ჟაკ ტიბოს სახელობის საერთაშორისო კონკურსში მიიღო მონაწილეობა და გრან პრი დაიმსახურა. აი, რას წერდა ფრანგი მუსიკალური კრიტიკოსი მისი პარიზული ტრიუმფის შემდეგ: „ემილ გილელსის მოწაფემ მემკვიდრეობით მიიღო მისგან გამორჩეული ოსტატობა, მძლავრი ნებისყოფა და საოცარი სისადავე, მუსიკისადმი ფაქიზი მიდგომა და ჩინებული ტექნიკა. ვისაც მოუსმენია, როგორ უკრავს იგი ჩაიკოვსკის კონცერტს, არასდროს დაივიწყებს მას და არ დაეჭვდება ახალგაზრდა პიანისტის მომავალში“.

პარიზში ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ მარინა მდივანი მშობლიურ ქალქს ეწვია და კონცერტი გამართა. ამ კონცერტმა თბილისელ მუსიკის მოყვარულთა დიდი ინტერესი გამოიწვია. ახალგაზრდა პიანისტმა შეასრულა ჩაიკოვსკისა და პროკოფიევის კონცერტები.  თბილისელთათვის ეს იყო ნაცნობი პიანისტის „ხელმეორე აღმოჩენა“, იმდენად ძლიერი და ნათელი იყო მისი დაკვრით მიღებული შთაბეჭდილება.

1962 წელს მარინა მდივანი ერთ-ერთი ყველაზე რთული, მოსკოვის ჩაიკოვსკის სახელობის კონკურსის ლაურეატი გახდა (მეოთხე პრემია). 

1966–1990 წლებში პიანისტი მოსკოვის ფილარმონიის სოლისტი იყო. მან კონცერტებით მოიარა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა: აშშ, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, თურქეთი, ფინეთი, ჩეხოსლოვაკია, მაროკო, უნგრეთი, ჩილე, პერუ, იამაიკა, მექსიკა და ა. შ. 

განსაკუთრებით წარმატებული იყო მარინა მდივნის გასტროლები ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც კრიტიკოსებმა მისი დაკვრა მსოფლიო პიანიზმის კორიფეების ხელოვნებას შეადარეს. აშშ–ის ქალაქებსა და კანადაში რვა კვირიანი ტურის შემდეგ, 1963 წლის 27 ნოემბერს შედგა პიანისტის დებიუტი ქალაქ ნიუ–იორკის „კარნეგი ჰოლის“ დარბაზში, რომელსაც „ნიუ–იორკ ტაიმსის“ რეცენზენტმა ბრწყინვალე უწოდა და მარინას დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა (she has the stuff of a great pianist). იგი იყო რიგით მესამე პიანისტი სსრკ–დან, ვისაც ს. რიხტერისა და ე. გილელსის შემდეგ, ამ სცენაზე გამოსვლის პატივი ერგო.

1966 წელს თბილისში, ოთარ თაქთაქიშვილის თაოსნობით, შეიქმნა „ქართველ ვარსკვლავთა ტრიო“: მარინა მდივანი (ფორტეპიანო), ლ. ისაკაძე (ვიოლინო) და თ. გაბარაშვილი (ვიოლანჩელო); ხოლო, 1970–1980 წლებში არსებობდა დუეტი – მ. მდივანი და თ. გაბარაშვილი.

1976 წელს პიანისტს საქართველოს სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა.

მარინა მდივნის რეპერტუარი მოიცავს დაახლოებით 40 კონცერტს და დიდი რაოდენობის მცირე ინსტრუმენტული ჯგუფის ნაწარმოებებს. მის რეპერტუარში შეხვდებით როგორც კლასიკოსებს, ასევე თანამედროვე კომპოზიტორებს. მათი ჩამონათვალი ძალიან გრძელია: ბახი, ჰაიდნი, მოცარტი, ბეთჰოვენი, შოპენი, შუმანი, ლისტი, ბრამსი, ჩაიკოვსკი, რახმანინოვი, სკრიაბინი, სტრავინსკი, მუსორგსკი, თაქთაქიშვილი, ჰინდემიტი, შნიტკე, კეფალიდი... მას მიუძღვნა „ჩაკონა ფორტეპიანოსთვის“ (1963) სოფიო გუბაიდულინამ და მარინა გახდა ამ პიესის პირველი შემსრულებელი ( 1966, 13 მარტი);  

მაგრამ არის ერთი კომპოზიტორი, რომლის ნაწარმოებებს გამორჩეული ადგილი აქვს მიკუთვნებული მარინა მდივნის შემოქმედებაში.  ეს გახლავთ XX საუკუნის რუსული მუსიკის კლასიკოსი სერგეი პროკოფიევი. მარინა უკრავს პროკოფიევის, ფაქტობრივად, ყველა საფორტეპიანო ნაწარმოებს, მასვე ეკუთვნის უნიკალური საშემსრულებლო მიღწევაც – პროკოფიევის ხუთივე საფორტეპიანო კონცერტის შესრულება ერთ საღამოს. ეს „გინესის რეკორდების წიგნში“ შესატანი საღამო გაიმართა მოსკოვის კონსერვატორიის დიდ დარბაზში, 1986 წლის 24 იანვარს. კომპოზიტორის ბევრი ახლობელი ადამიანი საგანგებოდ ჩამოვიდა ამ კონცერტზე დასასწრებად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

მარინა მდივანი პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწევა. 1988–1990 წლებში იგი იყო სირიაში ქ. ალეპოს კონსერვატორიის პედაგოგი, 1991 წლიდან კი კანადაში ეწევა აკადემიურ საქმიანობას. იგი მონრეალის მაკგილის (“McGill”) უნივერსიტეტის მუსიკალური განყოფილების  პროფესორია. ბევრი მისი სტუდენტი მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონკურსისა თუ ფესტივალის გამარჯვებულია.

პიანისტი ხშირად არის საერთაშორისო კონკურსების ჟიურის წევრი.

მარინა მდივანს არ გაუწყვეტია კავშირი საქართველოსთან. მართავდა კონცერტებს, ასრულებდა ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს. კერძოდ. ოთარ თაქთაქიშვილის საფორტეპიანო კონცერტებს (№1, №2. ვისბადენი,1976); № 4 (პირველი შესრულება, თბილისი, 1983, 21, 11); ალ. შავერზაშვილი – საფორტეპიანი ტრიო №1(კანადა, 1977) და სხვ.

ქალბატონი მარინა წლების მანძილზე ატარებდა საჩვენებელ გაკვეთილებს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში; ერთხელ კი თავმჯდომარეობდა პიანისტების საქართველოს საერთაშორისო კონკურსზე; საქართველოში მისი ბოლო ვიზიტის დროს, 2015 წლის ივლისში, მარინა მდივანს მოუწყვეს საღამო საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში. შეხვედრაზე მან ისაუბრა თავის წარსულზე, ოჯახზე, მასწავლებლებზე, უცხოეთში მოღვაწეობასა და პედაგოგიურ საქმიანობაზე.

წყარო:

1. https://ka.wikipedia.org/wiki/მარინა_მდივანი

2. marinamdivani.gol.ge/Russian.htm 

3. ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 312.

4. ტორაძე, გულბათ. მარინა მდივნის ვარსკვლავი : შემოქმედი / გულბათ ტორაძე // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2012. - 23 ივნისი. - N119 (6995). - 9 გვ.


Share: