The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ლევან ფაღავა

ლევან ფაღავა
Date of birth:February, 1907
Date of death:1998  (at 90 years)
Burial location:ლევილი, საფრანგეთი
Category:Politician

Biography

ლევან ფაღავა 1907 წლის თებერვლის თვეშია დაბადებული. მამამისი, სამსონ ფაღავა,  იყო ჭიათურის სოციალ–დემოკრატიული პარტიის ერთ–ერთი დამაარსებელი. ლევანიც მამის გზას გაჰყვა. იგი ჭიათურის ახალგაზრდობის მეთაური და სულისჩამდგმელი გახდა და 17 წლის ასაკში მაღაროს მუშებთან ერთად აქტიურ მონაწილეობას იღებდა 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში. მათ ხელში ჩაიგდეს სამაზრო ქალაქის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტები და საქართველოს ემიგრირებული მთავრობის იურისდიქციის აღდგენა გამოაცხადეს, მაგრამ საბოლოოდ მაინც დამარცხდნენ. 

ამბოხებულთაგან უმეტესობა დაიჭირეს და დახვრიტეს. ლევანი შემთხვევით გადარჩა და რადგან საქართველოში აღარ დაედგომებოდა 1925 წელს საფრანგეთს შეაფარა თავი.

1929 წელს მან დაამთავრა სტრასბურგის უნივერსიტეტი ეკონომიური განხრით და პარიზში მყოფ ქართველ სოციალ–დემოკრატებს შეუერთდა. აქ მან გაიცნო ნოე ჟორდანიას ქალიშვილი ასმათი. ისინი მალე შეუღლდნენ, შეეძინათ ორი ქალიშვილი – ეთერი და ქრისტინე. ეთერ ფაღავა შემდგომში ცნობილი ბალერინა და ქორეოგრაფი გახდა.

ლევან ფაღავა სოციალ–დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთული ბიუროს წევრი იყო და ხელმძღვანელობდა ბიუროს პერიოდული ორგანოს – ნოე ჟორდანიას მიერ დაარსებულ ჟურნალ „ჩვენი დროშის“ გამოცემას 1970–იანი წლებიდან 1990–იან წლებამდე.

სიცოცხლის ბოლო წლებში ცხოვრობდა ლევილის მამულში შვილიშვილთან, ტარიელთან ერთად. გარდაიცვალა 1998 წელს. დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.

წყარო: 

1. ჩუბინიძე, ვალიკო. ლევან ფაღავას შეუსრულდა 80 წელი / ვალიკო ჩუბინიძე // მებრძოლი საქართველო / ქართული ეროვნული საბჭოს ორგანო. - პარიზი, 1987. - მაისი. - N3(21). - გვ.56-57

2. შარაძე, გურამ. უცხოეთის ცის ქვეშ. . 3. – თბილისი, 1993. – გვ. 360  


Share: