The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


მირიან ბაგრატიონი

მირიან ბაგრატიონი
Date of birth:19 August, 1767
Date of death:15 September, 1834  (at 67 years)
Burial location:ალექსანდრე ნეველის ლავრა, პეტერბურგი, რუსეთი
Category:Royalty

Biography

ქართლ–კახეთის მეფის ერეკლე II და დარეჯან დედოფლის მეოთხე ვაჟი, მირიან ბატონიშვილი 1767 (ან 1766) წლის 19 აგვისტოს დაიბადა. ჯერ კიდევ თექსმეტი წლისა მამამისს რუსეთთან დიპლომატიური მოლაპარაკებებისათვის გაუმწესებია. გეორგიევსკის ტრაქტატის მოსამზადებელ დელეგაციაში, რომელსაც გარსევან ჭავჭავაძე ხელმძღვანელობდა, ერეკლეს ორი ვაჟიც ყოფილა – იერდიაკონი ანტონი (მომავალი კათოლიკოს–პატრიარქი ანტონ II) და ბატონიშვილი მირიანი. 17 წლის ასაკში მირიანი რუსეთის იმპერატორის სამსახურში შევიდა და სულ მალე პოლკოვნიკობა და სენატორობა მიიღო. 1788 წლიდან ტფილისის მუშკეტერთა პოლკში იყო. 1790 წელს მიანიჭეს გენერალ–ლეიტენანტის წოდება და ყაბარდოს პოლკის მეთაურად დანიშნეს.

1798 წელს ერეკლე II ავადმყოფობის გამო მირიანი სამშობლოში დაბრუნდა და მამის გარდაცვალების შემდეგ საქართველოში დარჩენას აპირებდა. მაგრამ 1801 წლის 15 მარტს, ქართლ–კახეთის სამეფოს რუსეთთან მიერთების ერთი თვის თავზე მირიან ბატონიშვილი სამუდამოდ გაემგზავრა რუსეთში და პეტერბურგში დასახლდა. მისი საზოგადოებრივი ბიოგრაფიიდან კი ყველაზე გახმაურებულ ამბად დარჩა ის ფაქტი, რომ 1812 წელს მოსკოვში ყოფნისას ცეცხლმოკიდებული ქალაქიდან სენატის არქივი გამოიტანა, ნიჟნი ნოვგოროდში შეინახა და ამით განადგურებას გადაარჩინა. 1813 წელს ცოლად შეირთო მარიამ ხალკოვა, რომელიც ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა.

მირიან ბატონიშვილს მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა დავით გურამიშვილთან, ბესიკთან. როგორც  ცნობილია, დავით გურამიშვილის „დავითიანი“ სწორედ მირიან ბატონიშვილმა ჩამოიტანა საქართველოში.

მირიან ბატონიშვილი ეწეოდა აქტიურ ლიტერატურულ და მთარგმნელობით მოღვაწეობას. რუსულიდან თარგმნა „სწავლა თქმული ილია მინიატისაგან“,  ბრავეს განმანათლებლური პიესა „ათეისტის ტრაღედია“. ავტორია რამდენიმე იამბიკოსი.

სიცოცხლის ბოლო წლები მირიან ბატონიშვილმა ავადმყოფობაში და ხელმოკლეობაში გაატარა. გარდაიცვალა 1834 წლის 15 სექტემბერს. დასაფლავებულია პეტერბურგში, ალექსანდრე ნეველის ლავრაში.

წყარო:

1. ღაღანიძე, მერაბ. "დავითიანის" მეურვე გენერალ-ლეიტენანტი : ბატონიშვილი მირიანი // ძველი და ახალი საქართველოს მიჯნაზე : ლიტ. პორტრეტები XVIII-XIX სს. საქ. საზ. და კულტ. ცხოვრების ალბომიდან / მ. ღაღანიძე. - თბ., 2010. - გვ.63-65.

2. მენაბდე, ლევან. ძველი ქართული დრამატული მწერლობა // XVII-XVIII საუკუნეების ქართული ლიტერატურა / ლევან მენაბდე. - თბილისი, 1997. - გვ. 278-309.

3.   ბიოგრაფიული ცნობები და შენიშვნები / ირაკლი კენჭოშვილი // ქართული ლირიკის ანთოლოგია (1765-1825) / შემდგენელი ირაკლი კენჭოშვილი. - თბილისი, 2014. - გვ. 366-394.

4. https://ka.wikipedia.org/wiki/მირიან_ბატონიშვილი

5. http://www.georoyal.ge/?id=1653


Share: