The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


მარიამ დადიანი

მარიამ დადიანი
Date of birth:17??
Date of death:18 March, 1841
Burial location:პეტერბურგი, რუსეთი
Category:Royalty

Biography

სამეგრელოს მთავრის, კაცია დადიანის ასულის, მარიამისა და იმერეთის უკანასკნელი მეფის სოლომონ II ჯვრისწრა დაახლოებით 1789-1791 წლებში შედგა.  ქორწინება სამეგრელოსა და იმერეთის დაზავებისათვის გამიზნული პოლიტიკური ნაბიჯი იყო. სამწუხაროდ, მარიამის ძმამ გრიგოლ დადიანმა ყველაზე დიდი ზიანი მიაყენა სოლომონ მეფეს, როდესაც 1803 წელს რუსეთის ერთგულების ფიცი დადო და გენერალ ციციანოვს ოდიშის კარი გაუღო.

მარიამი მეფის სათაყვენებელი მეუღლე იყო. სოლომონ II თავდავიწყებით ჰყვარებია იგი და ამ სიყვარულის დასტურად და სახსოვრად ულამაზესი სასახლე აუშენა ქუთაისში, რომელსაც „ოქროს ჩარდახი“ უწოდეს.

1801 წელს ქართლ–კახეთის სამეფო შეიერთა რუსეთმა, 1803 წელს - ოდიშის სამთავრო. იმერეთის მეფე სოლომონ II წინ აღუდგა რუსეთის თვითმპყრობელურ პოლიტიკას, დახმარებას თურქეთში ეძებდა, მაგრამ მისი ბრძოლა უშედეგო იყო. გენერალმა ტორმასოვმა შეძლო სოლომონის დაპატიმრება, მაგრამ მეფე გლეხი ივანე სალარიძის დახმარებით გაიქცა და თავი ახალციხის ფაშას შეაფარა, რომელმაც ვერაფერი დახმარება ვერ გაუწია და სოლომონი იძულებული გახდა ტრაპიზონში გადასულიყო. გლეხი ივანე სალარიძე კი დააპატიმრეს და ციმბირში გადაასახლეს.

ამ პერიოდში მარიამ დედოფალი მუხურის ციხეში იყო გამომწყვდეული. რუსეთის მთავრობას ეშინოდა, რომ დედოფალი ნათესავების მეშვეობით არ დაკავშირებოდა ახალციხეში გაქცეულ მეუღლეს. 1810 წელს მარიამ დედოფალი და მისი მული, მარიამი (მელქისედეკ ანდრონიკაშვილის მეუღლე) რუსეთში გადაასახლეს.

პეტერბურგში გადასახლებული დედოფალი თავისი მხლებლებით ბინადრობდა ახლანდელი ლიტეინის პროსპექტის ერთ–ერთ მახლობელ ქუჩაზე, პატარა ხის სახლში.  იმპერატორის ბრძანებით მარიამ დედოფალი, როგორც საპატიო პერსონა „ეკეტერინეს ლენტს“ ატარებდა, ჰქონდა კარის ეკიპაჟი და პენსია. დედოფალს ქართული ტანსაცმელი ეცვა და ყოველდღე დადიოდა სალოცავად ღვთისმშობლის (ალექსანდრე ნეველის) ლავრაში. სანამ სოლომონი ცოცხალი იყო, ცოლ–ქმარს შორის მიმოწერა წარმოებდა. ქმრის უნუგეშო მდგომარეობა მარიამს გულს უკლავდა და სოლომონს სთოხვდა რუსეთის მთავრობას შერიგებოდა, მაგრამ უშედეგოდ.

1815 წელს სოლომონ II გარდაიცვალა. დედოფლისთვის ეს უბედურება იმდენად თავზარდამცემი იყო, რომ ექიმებს ეშინოდათ ჭკუიდან არ შეშლილიყო. სოლომონ II გელათში გადმოსვენების სურვილი მარიამ დედფლისთვის აუხდენელ ოცნებად იქცა (სოლომონ II ნეშტი 1990 წლის შემოდგომაზე გადმოასვენეს საქართველოში და გელათის მეფეთა საძვალეში დაკრძალეს). მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, მარიამ დედოფალი იმპერატორს გლეხი ივანე სალარიძის განთავისუფლებას სთხოვდა.

მარიამ დედოფალს გარკვეული წვლილი აქვს შეტანილი ქართულიუ მწიგნობრობის განვითარების საქმეში. მისი ბრძანებით 1804 წელს გადაიწერა „თიმსარიანი“ და „სიბრძნე სიცრუისა“. მარიამის კარზე მოღვაწეობდა ცნობილი მწერალი იონა ხელაშვილი, მოღწეულია მათი მიმოწერაც. მარიამ დედოფალთან დიდი ნაცნობობა ჰქონია პლატონ იოსელიანს. რომელსაც მისთვის მიუძღვნია 1838 წელს მის მიერ გამოცემული იოანე შავთელის „აბდულმესია“  შემდეგი წარწერით: „მათ უმაღლესობას, მეფისა სოლომონ II-სა მეუღლეს დედოფალ მარიამ კაცია დადიანის ასულს მდაბლად მიუძღვნის ტფილისის სემინარიის შინა ფილოსოფოსი და ფიზიკის მასწავლებელი. ღვთის მეტყველების კანდიდატი პლატონ იოსელიანი. აგვისტოს 24-სა 1838 წელსა, ტფილისი“.

მარიამ დედოფალი 1841 წლის 18 მარტს გარდაიცვალა პეტერბურგში. მთავრობას მისთვის საზეიმო დასაფლავება გაუმართავს – იმერეთის უკანასკნელი დედოფლისა და მეფის უკანასკნელი მეფის აჩრდილები რუსეთის საიმპერატორო კარისთვის საშიშროებას აღარ წარმოადგენდა.

წყარო:

1. ქორიძე, დავით. მარიამ დადიანი // ქართველი ქალები უძველესი დროიდან XIX საუკუნის გასულამდე / დავით ქორიძე. - თბილისი, 1976. - გვ. 112-115.

2. ქაფიაშვილი, იზოლდა. მარიამ დედოფალი // ძველი ქართველი მწიგნობარი ქალები / იზოლდა ქაფიაშვილი. - თბილისი, 1994. - გვ. 165-166.

3. ხოფერია, ნინო. ბაგრატოვან ქალთა გალერეა : მარიამი / ნინო ხოფერია // ბაგრატოვანთა ქალები : საქართველო უბედობის ჟამს / ნინო ხოფერია. - თბილისი, 2012. გვ. 60-63.


Share: