The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


დადიანი დარეჯან

დადიანი დარეჯან
Date of birth:1734
Date of death:8 November, 1807  (at 73 years)
Burial location:ხარების ეკლესია, ნევის მონასტერი, პეტერბურგი, მოსკოვი
Category:Royalty

Biography

სამეგრელოს მთავრის კაცია I დადიანის ასული, დარეჯანი დაახლოებით 1734 წელს (ზოგიერთი ცნობით 1726 წელს)  დაიბადა. 1750 წელს გახდა ერეკლე II მესამე ცოლი და ქართლ–კახეთის დედოფალი. თოთხმეტი შვილი აჩუქა დარეჯანმა ბაგრატიონთა სამეფო ოჯახს – რვა ვაჟი და ექვსი ქალი.

დარეჯან დედოფალი პირველ ხანებში აქტიურად არ ერეოდა რთული სამეფო საკითხების გადაწყვეტაში, თუმცა თავიდანვე მტრულად უყურებდა ერეკლეს რუსეთთან დაახლოებას. ერეკლეს მიერ რუსეთისკენ გადადგმული ნაბიჯების შემდეგ იწყება დედოფლის ჩარევა სამეფო საქმეებში, რაც დროთა განმავლობაში უფრო აქტიური ხდებოდა. ჯერ კიდევ 1770 წელს ასპინძის ომის წინ დაინახა დედოფალმა რუსეთის დიპლომატიის ნამდვილი სახე და რუსეთის „დახმარება–მფარველობის“ არა რა სწამდა. დარეჯანს არა მარტო ერეკლეს ვაჟები და ქალები, არამედ მრავალი სახელოვანი და გავლენიანი პირი მიემხრო და მეფის სასახლეშივე გაჩნდა პირველი ანტირუსული მოძრაობა. დარეჯან დედოფალმა და მისმა ქალიშვილებმა – ქეთევანმა, მარიამმა და თეკლამ არაერთხელ დაიმსახურეს ერეკლე II რისხვა  თავისი შეხედულებების გამო.

ქართლ–კახეთის დედოფალი ყოველ ღონეს ხმარობდა, რომ სამეფო ტახტზე თავისი შვილები დაემკვიდრებინა. ამ მიზნით ერეკლე II სიცოცხლის უკანასკნელ წლებში კანონიც კი მიაღებინა, რომლის ძალითაც გიორგის (ერეკლეს უფროსი ვაჟი მეორე ცოლისგან) შემდეგ მეფობა მის უფროს ვაჟზე კი არა, ძმაზე – დარეჯანის უფროს შვილზე უნდა გადასულიყო.

გიორგი XII გარდაცვალების (1800 წლის 28 დეკემბერი) შემდეგ ქართლ–კახეთის ტახტზე მეფედ მისი ძე დავითი რუსეთმა არადა არ სცნო, ხოლო იულონის (ერეკლე II და დარეჯანის უფროსი ვაჟის) მეფედ კურთხევა ვერა და ვერ მოხერხდა. 1801 წლის 12 სექტემბერს რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I ხელი მოაწერა მანიფესტს, რომლის ძალითაც ქართლ–კახეთის სამეფო გაუქმებულად ცხადდებოდა და რუსეთის იმპერიას უერთდებოდა.

1802 წლიდან კი ქართლ–კახეთში იწყება აჯანყებები რუსეთის წინააღმდეგ და ამ პროცესის სული და გული დარეჯან დედოფალი ხდება. დედოფალი ტახტის აღდგენას და მანიფესტის გაუქმებას მოითხოვდა. ბაგრატიონების საერთო მტრის წინაარმდეგ გაერთიანებამ და მათ შორის უთანხმოების მინავლებამ რუსეთი საგონებელში ჩააგდო და გადაწყვიტეს დარეჯან დედოფალი და ბაგრატიონები საჩქაროდ რუსეთში გადაესახლებინათ. 1802 წლის 21 ნოემბერს პავლე ციციანოვის ხელით ალექსანდრე I წერილი გაუგზავნა დარეჯან დედოფალს, სადაც მოკრძალებით ეპატიჟებოდა დედოფალს და მის ქალიშვილებს პეტერბურგში, „რათა იხილოს ისნი და დაუმტკიცოს თავისი პატივისცემა და ყურადღება“. დარეჯან დედოფალი აშკარად გრძნობდა, რომ ეს მიპატიჟება სინამდვილეში ფარსი იყო და თუ პეტერბურგს გაემგზავრებოდა, იძულებით ტყვეობაში აღმოჩნდებოდა, ამიტომ ითრევდა ფეხს. აშკარა უარს არ ამბობდა და მოხუცებულობას და ავადმყოფობას იშვლიებდა. თუმცა ამ ხნის განმავლობაში უქმოქმედოდ არ იჯდა. საიდუმლო მიმოწერებს აგრძლებდა სპარსეთში მყოფ ვაჟიშვილთან, ალექსანდრე ბატონიშვილთან და მისგან დახმარებას ელოდა...

1803 წელს ერთწლიანი მუქარისა და ხვეწნა–მუდარის შემდეგ დარეჯან დედოფალი რუსეთში გადაასახლეს. ხანგრძლივი მგზავრობით გაწამებული დარეჯანი 1804 წლის ადრე გაზაფხულზე ჩაიყვანეს მოსკოვში, ხოლო 28 მაისს – პეტრებურგში.

უაღრესად მძიმე პირობებში ატარებდა ცხოვრების უკანასკნელ წლებს დედოფალი პეტერბურგში. მას შვილებთან შეხმიანების ყველა გზა გადაუჭრეს. ახლა უკვე არც წერილობით და არც სიტყვიერად ხმის მიწვდენა აღარ შეეძლოთ მათ.

1807 წლის 8 ნოემბერს მარიამ დედოფალი გარდიცვალა. დაკრძალულია ნევის მონასტრის ეზოში მდებარე ხარების ეკლესიაში.

წყარო:

1. მჭედლიშვილი, გიორგი. დარეჯან დედოფალი / გიორგი მჭედლიშვილი // ქართველ ქალთა ისტორიული პორტრეტები / გიორგი მჭედლიშვილი. - თბილისი, 2013. -  გვ. 137-139.

2.  ხოფერია, ნინო. ბაგრატოვან ქალთა გალერეა : დარეჯანი / ნინო ხოფერია // ბაგრატოვანთა ქალები : საქართველო უბედობის ჟამს / ნინო ხოფერია. - თბილისი, 2012. - გვ. 64-68.

3. აბდალაძე, გიგლა. დარეჯან დედოფალი // თაყვანსაცემი მანდილოსნები / გიგლა აბდალაძე. - თბილისი, 2009. - გვ. 76-88.

4. ქორიძე, დავით. დარეჯან დადიანი // ქართველი ქალები უძველესი დროიდან XIX საუკუნის გასულამდე / დავით ქორიძე. - თბილისი, 1976. - გვ. 110-11.


Share: